გადაწყვეტილება №97217/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№97217/1/2025
15 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 30.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №97217/1/2025).
დავის საგანი:
1. 2024 წლის ნოემბრის თვეში საცხოვრებელი ფართის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;
2. დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის №042-8 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 51 814,7 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 34 314,31
ჯარიმა - 17 157,20
საურავი - 343,19
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის სფეროა - საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა (68.20.1). დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 27 ნოემბერს. რეგისტრაციის მისამართია -------, -------.
აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.11.2024 წლიდან 1.12.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.04.2025 წლის №042-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №042-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისაგან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. 2024 წლის ნოემბრის თვეში საცხოვრებელი ფართის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს 2024 წლის 4 ნოემბერს შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, გადამხდელს 2024 წლის 22 ნოემბერს უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის (ს/კ -------) რეალიზაცია (შეძენილია 2024 წლის 13 აგვისტოს დღგ-ის არა გადამხდელი ფიზიკური პირისგან), რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
გადასახადის გადამხდელის მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების ყიდვა და მისი რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. შესაბამისად, 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასით (82 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით). აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე და 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივი გარემოებებზე და იმის გათვალისწინებით, რომ გადამხდელის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი უძრავი ქონების მიწოდება, რაც დასტურდება შემოწმებისთვის წარდგენილი განმარტებითაც, მიიჩნევს, რომ უძრავი ქონების რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრა განხორციელდა მართლზომიერად, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასის შესაბამისად. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მადლობას იხდის საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლებისთვის, თუმცა დარიცხული დღგ და საურავი დარჩა გადასახდელად. ითხოვს, გათვალისწინებული იქნას მისი ასაკი, მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ფიზიკურად არ გააჩნია შემოსავალი პენსიის გარდა, რომელსაც მთიანად იყენებს საჭირო მედიკამენტებისათვის და ბიუჯეტში გადასახადი თანხის საშუალება არ გააჩნია. აღნიშნავს, რომ გამიზნულად არ მომხდარა აღნიშნული ქმედების ჩადენა, რომელმაც გამოიწვია სანქციით დარიცხული თანხები. ითხოვს და გათავისუფლებული იქნას გადასახადებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 5.08.2025 წლის №69803-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის 27 ნოემბერს. საქმიანობის სფეროა - საკუთარი ან იჯარით აღებული საცხოვრებელი შენობების გაქირავება და მართვა (68.20.1). აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად გადამხდელს 2024 წლის 4 ნოემბერს შეძენილი აქვს 3 კომერციული ფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, გადამხდელს 2024 წლის 22 ნოემბერს უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის (ს/კ -------) რეალიზაცია (შეძენილია 2024 წლის 13 აგვისტოს დღგ-ს არა გადამხდელი ფიზიკური პირისგან), რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. ი/მ ------- მიერ 2024 წლის 25 დეკემბერს შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების ყიდვა და მისი რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. 2024 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მიხედვით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასით (82 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით). გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
მომჩივნის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების კორექტირების საფუძველი გახდებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული 30.04.2025 წლის №042-8 საგადასახადო მოთხოვნით მომჩივანს დაერიცხა სულ 51 814,7 ლარი, მათ შორის, გადასახადი 34 314,31 ლარი, ჯარიმა 17 157,20 ლარი და საურავი 343,19 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის არგუმენტაცია მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახურის 11.07.2025 წლის №15793 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 30 აპრილის №042-8 საგადასახადო მოთხოვნის საფუძველზე განსაზღვრული ჯარიმისაგან.
რაც შეეხება დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლებას, საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. აღნიშნულის გათვალისწინებით, დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. 2024 წლის ნოემბრის თვეში საცხოვრებელი ფართის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად განხილვა და დღგ-ით დაბეგვრა;
2. დაკისრებული საურავისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელს 3 კომერციული ფართი, რომელზეც მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა, ამასთან, გადამხდელს იმავე პერიოდში უფიქსირდება საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია (შეძენილია დღგ-ის არა გადამხდელი ფიზიკური პირისგან), რომელსაც არ განიხილავს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი განმარტებით ირკვევა, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს არასაცხოვრებელი ფართების ყიდვა და მისი რემონტის შემდგომ საცხოვრებელ ფართებად გაყიდვა. შესაბამისად, გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართის რეალიზაცია მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდებად და დაიბეგრა დღგ-ით ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, დაკისრებული საურავისგან მომჩივნის გათავისუფლება, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 163; 164; 269(7)