ბრძანება N 6653

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.04.2025
№ დოკუმენტი 6653
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 6653

07 აპრილი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 19 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 28 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №41305/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხებოდა ზედმეტობა 3 488.21 ლარი, რომელიც გაფრთხილების გარეშე ჩამოაჭრეს. აღნიშნული თანხის გამოყენებას გეგმავდა 2024 წლის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის დასაფარად. შესაბამისად, ხანდაზმულობის გამო თანხის მითვისებას უკანონოდ მიიჩნევს და ითხოვს ჩამოჭრილი თანხის დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა 3 488.21 ლარის ოდენობით, რაზეც 2025 წლის 23 იანვარს ავტომატურ რეჟიმში განხორციელებულია დარიცხვა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად.

პირადი აღრიცხვის ბარათების შესწავლით დგინდება, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) ერთიან სახაზინო კოდზე საწყის ნაშთად უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი თანხა 8298.21 ლარის ოდენობით, რაც შედგება 2015 წლის 31 დეკემბრისთვის სხვადასხვა გადასახადში არსებული ზედმეტობებისგან. აღნიშნული ზედმეტად გადახდილი თანხა ნაწილობრივ გამოყენებულია შემდგომი ვალდებულებების დასაფარად, ხოლო 2025 წლის პირველი იანვრისთვის ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 3 488.21 ლარი.

ამასთან, 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია. შესაბამისად, პროგრამულად ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა 2024 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის (3 488.21 ლარის) ჩამოწერა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

ზედმეტად გადახდილ თანხასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.

შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).

საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ფ/პ 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით უფიქსირდებოდა ზედმეტად გადახდილი თანხა, რაზეც ავტომატურ რეჟიმში განხორციელებულია დარიცხვა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების შესაბამისად.

2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე პერიოდში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია. შესაბამისად, პროგრამულად ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა 2024 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა.

 

გადაწყვეტილება

საქმეში არსებულ მასალებსა და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემდეგ ნორმებს: 4(20)