ბრძანება N 26318
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26318
13 დეკემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 29 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 13 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №131) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ---------) №24367/2/2024 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 29 ნოემბრის №CB1695730 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ კომპანია ახორციელებს ინერტული მასალების მიწოდებას სხვადასხვა ობიექტებზე. მათ შორის, --------- ქუჩაზე, სადაც თითქმის ყოველდღე იგზავნება ავტომობილები, რაზეც იწერება შესაბამისი ზედნადებები. 2024 წლის 29 ნოემბერს მძღოლი გავიდა კომპანიის ბაზიდან და წაიღო საქონელი აღნიშნულ ობიექტზე. ვინაიდან კომპანიის ბუღალტერი ინფორმირებული არ იყო აღნიშნულ შეკვეთასთან დაკავშირებით, ვერ მოხერხდა ზედნადების გამოწერა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანია მაქსიმალური პასუხისმგებლობით ეკიდება ზედნადებების დროულად გამოწერის საკითხს, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას ან/და ოქმით დაკისრებული სანქციის შემცირებას.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ 29 ნოემბერს 11:12 სთ-ზე, ქ. ---------, ---------, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: ------------; მძღოლი:----------- (პ/ნ ---------). ავტომობილის ძარაზე განთავსებული იყო შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 800 ლარის ღირებულების ქვიშა (10მ3 x 80 ლარი), რომლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 29 ნოემბერს შედგენილ იქნა №--------- საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2.დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას ან/და ოქმით დაკისრებული სანქციის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან დგინდება, რომ გადამოწმდა ავტოსატრანსპორტო საშუალება. ავტომობილის ძარაზე განთავსებული იყო შპს-ს სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი 800 ლარის ღირებულების ქვიშა, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:136(4);286(1);
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლი