გადაწყვეტილება №95613/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№95613/1/2025
02 ივლისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.05.2025 და 26.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 9.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №95613/1/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.10.2024 წლის №23264/2/2024 (31.10.2024წ. 03/81023) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 1.04.2025 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №081-64 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 1 423 873.39 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 693 997
დღგ - 348 023
მოგების გადასახადი - 334 101
საშემოსავლო გადასახადი - 11 873
ჯარიმა - 347 717
საურავი - 382 159.39
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
-------, ------- შეძენილ მიწაზე კომპანიის მიერ აშენებულია შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოიყენება სასტუმროდ ან/და დასასვენებელ სახლებად.
აუდიტის დეპარტამენტის 11.01.2023 წლის №170 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.03.2021 წლიდან 1.12.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
- შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასტუმროს 24 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართები. აღნიშნული ფართების ნაწილი (სასტუმრო, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართი სულ 1 219მ2 ) 1 600 000 ლარად, 2021 წლის ივლისში მიჰყიდა ფ/პ -------, ხოლო 2022 წლის იანვარში ასევე მიჰყიდა საკონფერენციო დარბაზი (82მ2 ) 96 253 ლარად.
სარეალიზაციო ქონების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება საბაზრო ფასისგან. ფ/პ ------- წარმოადგენს, როგორც კომპანიის დირექტორს, ასევე ფ/პ ------- სრული უფლებამოსილებით აღჭურვილ მინდობილ პირს (გენერალური მინდობილობით ------- უფლებამოსილია წარადგინოს მიმნდობი ნებისმიერ საქმიან ურთიერთობებში, აწარმოოს მოლაპარაკებები, დაიცვას მისი ინტერესები ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში (შსს, საჯარო რეესტრი, იუსტიციის სამინისტრო, საბაჟო, მერია, შემოსავლების სამსახურში და სხვა), კომერციულ ორგანოებში, ბანკებში, სასამართლოში. დადოს ნებისმიერი სახის და შინაარსის ხელშეკრულება/გარიგება, შეიტანოს ცვლილებები, გააუქმოს, ხელი მოაწეროს ყველა საჭირო დოკუმენტს. მინდობილობა გაცემულია განუსაზღვრელი ვადით). ნასყიდობის ხელშეკრულების დოკუმენტზე, როგორც მყიდველის, ასევე, გამყიდველის უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ფ/პ ------- და ხელშეკრულების ორივე მხარეს აწერს ხელს. შესაბამისად, მიჩნეულია რომ გარიგების დოკუმენტი გაფორმებულია საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულ ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის. შემოწმების შედეგად გარიგების ფასი განისაზღვრა საბაზრო ფასით. კომპანიას დაერიცხა დღგ და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- კომპანია იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები უწევს მომსახურებას. მომსახურება წარმოადგენს სასტუმროს საერთო სარგებლობის სივრცეების გამოყენებისთვის დაწესებულ ყოველთვიურ მოსაკრებელს (ობიექტის დაცვა, ლიფტით სარგებლობა, მიმღების და კიბის უჯრედის დასუფთავება და სხვა). ხელშეკრულების მიხედვით, მომსახურების ფასი განისაზღვრება მსგავსი ტიპის მომსახურებების საბაზრო ფასით. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები შემოსავალში აღრიცხულია ნაწილობრივ. შემოწმების შედეგად მომსახურების ღირებულება სრულად ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №8126 ბრძანება და ამავე თარიღის №081-51 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 15.05.2023 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ სადავო საკითხთან (უძრავი ქონების რეალიზაციის ოპერაციის მხარეების, მყიდველისა და გამყიდველის ურთიერთდამოკიდებულ პირებად განხილვასა და რეალიზებული ფართებზე შემოწმების მიერ განსაზღვრულ სარეალიზაციო ღირებულებასთან) დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეისწავლოს საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 25.08.2023 წლის №21012 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 20.11.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ შესწავლილია საჩივრის დანართად წარდგენილი ------- 10.05.2023 წლის №V - 10/05/2023 უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში. ვინაიდან, შედარების მეთოდის გამოყენებისას შესადარებელი ანალოგები არ შეესაბამება გადამხდელის მიერ რეალიზებულ ქონებას, აღნიშნული დასკვნა არ იქნა გათვალისწინებული. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა 30.11.2023 წლის №29705 ბრძანება და ამავე თარიღის №081-296 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 26.04.2024 წლის №22360/2/2024 (16.05.2024 წ. 03/38000) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.01.2024 წლის №1555 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივარი განიხილა შემოსავლების სამსახურმა და 31.05.2024 წლის №12970 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 3.10.2024 წლის №23264/2/2024 (31.10.2024წ. 03/81023) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1. მომჩივანს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ------- სერტიფიკაციის ორგანოსთვის წარდგენილი განცხადება, შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
3. საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრების ნაწილში დარჩა განუხილველი;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.04.2025 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების ცვლილების საფუძვლები არ გამოვლინდა. შედეგად აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2025 წლის №6833 ბრძანება და ამავე თარიღის №081-64 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში შედგენილია საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVSC) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რაც მითითებულია შეფასების ანგარიშში და რასაც ადასტურებენ შემფასებლები, ასევე „-------“ მათ მიერ გამოგზავნილ წერილში ნათლად აღნიშნავს, რომ ------- მუდმივად ახორციელებს მის მიერ სერტიფიცირებულ სპეციალისტების საქმიანობის მონიტორინგს და შესაბამისად ვერ ხედავს საფუძველს, რომ იმსჯელოს სერტიფიცირებული პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე.
გაუგებარია რატომ არ ითვალისწინებს შემოსავლების სამსახური წარდგენილ ქონების შეფასების დასკვნას, რომელიც შეაფასებინეს საბჭოს მოთხოვნის საფუძველზე. სადავო თემას წარმოადგენს რეალიზებული ქონების ფასი და არა ქონების შემფასებლის მეთოდოლოგია, შემფასებელთა ჯგუფი დაიქირავა ქონების ღირებულების დასადგენად, ხოლო შემოსავლების სამსახური არ ითვალისწინებს დასკვნაში მითითებულ ფასს და არგუმენტად იყენებს შემფასებლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს და შესადარებელ ანალოგიებს (რომელებიც არ არსებობს). ------- შეასრულა დაკვეთა, რაც ითვალისწინებდა კონკრეტულად რეალიზებული ქონების საბაზრო ფასის დადგენას, რაც დაავალა შემოსავლების სამსახურმა (25.08.2023წ. №21012 ბრძანება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 3.10.2024 წლის №23264/2/2024 (31.10.2024წ. 03/81023) გადაწყვეტილებით, მომჩივანს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ------- სერტიფიკაციის ორგანოსთვის წარდგენილი განცხადება, შპს ------- 15.09.2023 წლის №-------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 1.04.2025 წლის დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ საჩივრის დანართად წარდგენილი 12.12.2024 წლის ------- №c-11/121224 წერილით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ცენტრი ვერ ხედავს საფუძველს, რომ იმსჯელოს სერტიფიცირებული პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილით ვერ დგინდება შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების ცვლილების საფუძვლები და საგადასახადო ვალდებულებები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივნის განმარტებით, შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში შედგენილია საერთაშორისო სტანდარტების კომიტეტის (IVSC) მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, რაც მითითებულია შეფასების ანგარიშში და რასაც ადასტურებენ შემფასებლები, ასევე „-------“ მიუთითებს, რომ ვერ ხედავს საფუძველს, რომ იმსჯელოს სერტიფიცირებული პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე. სადავო თემას წარმოადგენს რეალიზებული ქონების ფასი და არა ქონების შემფასებლის მეთოდოლოგია, შემფასებელთა ჯგუფი დაიქირავა ქონების ღირებულების დასადგენად, ხოლო შემოსავლების სამსახური არ ითვალისწინებს დასკვნაში მითითებულ ფასს და არგუმენტად იყენებს შემფასებლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს და შესადარებელ ანალოგიებს (რომელებიც არ არსებობს).
აუდიტის დეპარტამენტის 23.05.2025 წლის №43238-21-14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანია საკუთრებაში გააჩნდა სასტუმროს 24 ნომერი, საკონფერენციო დარბაზი, ტრენაჟორის დარბაზი, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართები. აღნიშნული ქონება ეტაპობრივად მიყიდა ურთიერთდამოკიდებულ პირს, ფ/პ ------- (პ/ნ -------). 2021 წლის ივლისში მიჰყიდა 1 219 მ2 ფართი სასტუმროს ნომრები, ტრენაჟორის დარბაზი, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართი 1 600 000 ლარად და 2022 წლის იანვარში 82 მ2 საკონფერენციო დარბაზი 96 253 ლარად. სარეალიზაციო ქონების ღირებულება მკვეთრად განსხვავდება საბაზრო ფასისაგან. კერძოდ: 2021 წელს ურთიერთდამოკიდებულ პირზე მიყიდული ფართის, 1 კვ.მ.-ის, ღირებულებამ შეადგინა 1 312 ლარი (417 აშშ დოლარი). რეალიზაციის დროს მშენებლობა იყო დასრულებული, სარეალიზაციო ქონება (სასტუმროს ტიპის აპარტამენტები) სრულად იყო აღჭურვილი ინვენტარით, კომპანია იღებდა შემოსავალს ნომრების გაქირავებით და სხვა და სხვა მომსახურებებით. შემოწმების შედეგად სასტუმრო შეფასდა საბაზრო ფასით და 1 კვ.მ.-ის ღირებულებამ შეადგინა 1 000 აშშ დოლარი, სულ 3 834 023 ლარი. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად კომპანიამ წარადგინა სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ შედგენილი ქონების ღირებულების შეფასების დასკვნა. დასკვნის მიხედვით 1 კვ.მ. სარეალიზაციო ფასი შეადგენს საშუალოდ 470 აშშ დოლარს, სულ 574 000 აშშ დოლარს (1 807 000 ლარი). შემმოწმებლების მიერ შესწავლილი საჩივრის დანართად წარდგენილი 12.12.2024 წლის ------- №c-11/121224 წერილი, რის მიხედვითაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული ცენტრი ვერ ხედავს საფუძველს იმისთვის, რომ იმსჯელოს სერტიფიცირებული პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისობაზე. აქედან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილით ვერ დგინდება შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში, შეესაბამება თუ არა საერთაშორისო სტანდარტებს. შესაბამისად, არ გამოვლინდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების ცვლილების საფუძვლები.
22.05.2025 წელს საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, დავების განხილვის საბჭოს მსჯელობიდან გამომდინარე, 23.05.2025 წლის №03/38000 წერილით ------- სერტიფიკაციის ორგანოს ეთხოვა საბჭოსთვის ეცნობებინა შესაბამისობაშია თუ არა შპს ------- 15.09.2023 წლის №------- უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ შეფასების ანგარიში საერთაშორისო სტანდარტებთან.
------- 17.06.2025 წლის №c17625 საპასუხო წერილით, ცენტრის სერტიფიკაციის ორგანომ განიხილა წარმოდგენილი სერტიფიცირებული პირის ------- მომზადებული უძრავი ქონების შეფასების ანგარიში (უძრავი ქონების მისამართი: -------, -------). განხილვის მიზანს არ წარმოადგენდა შეფასების ანგარიშში მითითებული ღირებულების სიზუსტეზე მსჯელობა. განხილვის შედეგად დადგინდა, რომ შეფასების ანგარიში კონკრეტულ საკითხებში, არ შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. ანგარიშს აკლია: მიზნის მკაფიო დეფინიცია, შეფასების ობიექტის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია, შესაფერისი ანალოგიების შერჩევა და სათანადო კორექტირებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნიათ, უძრავი ქონების შეფასებაში სერტიფიცირებულ პირს - -------, მიეცეს გაფრთხილება და რეკომენდაცია, ანგარიში სრულად მოიყვანოს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში
აღნიშნულიდან და მხარეთა არგუმენტებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 3.10.2024 წლის №23264/2/2024 (31.10.2024წ. 03/81023) გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 3.10.2024 წლის №23264/2/2024 (31.10.2024წ. 03/81023) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას საკუთრებაში გააჩნია სასტუმროს ნომრები, საკონფერენციო დარბაზი, სატრენაჟორო, ბუფეტი და ადმინისტრაციული ფართები. აღნიშნული ქონება ეტაპობრივად მიყიდა ურთიერთდამოკიდებულ პირს. შემოწმების შედეგად გარიგების ფასი განისაზღვრა საბაზრო ფასით. კომპანიას დაერიცხა დღგ და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით.
კომპანია იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სასტუმრო კომპლექსში შეიძინეს აპარტამენტები უწევს მომსახურებას. მომსახურება წარმოადგენს სასტუმროს საერთო სარგებლობის სივრცეების გამოყენებისთვის დაწესებულ ყოველთვიურ მოსაკრებელს. კომპანიის მიერ აღნიშნული თანხები შემოსავალში აღრიცხულია ნაწილობრივ. შემოწმების შედეგად მომსახურების ღირებულება სრულად ჩართულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, რის შედეგადაც გაიზარდა გადამხდელის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. გამოვლენილი სხვაობა ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოცემული ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა, როგორც შემოსავლების სამსახურში ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 3.10.2024 წლის №23264/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)