გადაწყვეტილება №21486/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21486/2/2023
05 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“-ის 4.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21486/2/2023).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №005-148 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27247 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 307 875,5 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 198 615
დღგ - 94 078
საშემოსავლო გადასახადი - 104 537
ჯარიმა - 98 366
საურავი - 10 894.5
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ტანსაცმლით ვაჭრობა ქ. -------ში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის 10 თებერვლიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული შემოსავლების დღგ-ით დაბეგვრის და აღნიშნულიდან გამომდინარე 2021 წლის 10 თებერვლიდან 2023 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 26 სექტემბრის შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ საწარმო არასწორად ადეკლარირებდა მიღებულ შემოსავლებს, რასაც ადასტურებს საბანკო ამონაწერი და საკონტროლო-სალარო აპარატიდან მიღებული ინფორმაცია. საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ აღრიცხული შემოსავალი ემთხვევა შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს.
საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 29 სექტემბრის №24014 ბრძანება და ამავე თარიღის №005-148 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27247 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველის ნაწილზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებლის მიერ არ მომხდარა დეტალურად შემოწმება, თუ რეალობაში რა იყო კომპანიის შემოსავალი, როგორც იყო ის საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხული და რამდენად იყო სწორი. შემმოწმებელი დაეყრდნო გარკვეული სახის ინფომრაციას ისე, რომ არ გადაამოწმა მისი სისწორე.
საბუღალტრო პროგრამაში ასახული ინფორმაცია, თვით შემმოწმებლის მიერ არის დადასტურებული. ორისის პროგრამის მიხედვით მიღებულ და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა შეადგენდა 522 683 ლარს, რომელიც შემმოწმებლის მიერ ჩაითვალა -------ზე გაცემულ თანხად. აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ასევე დაფიქსირებული იყო 275 000 ლარის ოდენობით საწარმოს ვალდებულება -------ს მიმართ, შესაბამისად შემმოწმებლის მიერ ამ თანხით უნდა მომხდარიყო გაცემულად ჩათვლილი თანხის შემცირება და გადასახადით უნდა დაბეგრილიყო 247 683 ლარი. შესაბამისად გადასახდელი თანხა განისაზღვრებოდა 49 536,60 ლარი, ნაცვლად 104 536 ლარისა.
2. კომპანიის ბუღალტერის მიერ დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომები, რამაც გამოიწვია დარიცხვა, რის თაობაზედაც ინფორმირებული არ იყო კომპანიის ხელმძღვანელი. ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო სანქციისგან კომპანიის გათავისუფლებას.
მომჩივანი ასევე ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 6 ნოემბრის №27247 ბრძანებისა და აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 29 სექტემბრის №005-148 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ კომპანიის ბუღალტერის მიერ დაშვებული იქნა გარკვეული შეცდომები, რამაც გამოიწვია დარიცხვა, რის თაობაზედაც ინფორმირებული არ იყო კომპანიის ხელმძღვანელი და მიაჩნია, რომ აღნიშნული გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომ გადასახადების დაუდეკლარირებლობა გამოწვეული იყო ადამიანური ფაქტორით, კერძოდ ბუღალტრის მიზეზით, არ წარმოადგენს კომპანიისთვის საპატიო გარემოებას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭოს მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.
მომჩივანი საბჭოში დამატებით სადავოდ ხდის საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხების მართლზომიერებას, რაზეც საბჭო აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 26 სექტემბრის შემოწმების აქტით ირკვევა, რომ საწარმო არასწორად ადეკლარირებდა მიღებულ შემოსავლებს, რასაც ადასტურებს საბანკო ამონაწერი და საკონტროლო-სალარო აპარატიდან მიღებული ინფორმაცია. საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ აღრიცხული შემოსავალი ემთხვევა შემოწმებით გაანგარიშებულ შემოსავალს. საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7).