გადაწყვეტილება №25546/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.10.2025
№ დოკუმენტი 25546/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25546/2/2025

07 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ----(ს/ნ ----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 2.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---- ის 30.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25546/2/2025).

 

დავის საგანი:

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 15.05.2025 წლის №058-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 1.07.2025 წლის №14353 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 21 729.49 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 12 443.28

ჯარიმა - 6 221.70

საურავი - 3 064.51

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

1.06.2023 წლიდან 1.03.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდებში საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტერმინალით განხორციელებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 21.03.2025 წლის №5120 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 8.05.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც, ირკვევა შემდეგი:

 

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენდა 864 996 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებული შემოსავლების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბრუნვა შეადგენდა ჯამში 934 112 ლარს.

ამდენად, საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ თანხებს მომჩივანი არასრულად ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 14.05.2025 წლის №9544 ბრძანება და 15.05.2025 წლის №058-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 1.07.2025 წლის №14353 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებზე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 168-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არასრულად ასახავდა დღგის დეკლარაციაში საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ თანხებს. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენდა 864 996 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა დასაბეგრი ბრუნვა ჯამში 934 112 ლარის ოდენობით.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმის ძირითადი საქმიანობა შესამოწმებელ პერიოდში იყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებით ვაჭრობა, ხოლო არაძირითადი საქმიანობა იყო გამაგრილებელი სასმელებით ვაჭრობა, 2.08.2023 წლიდან კი მეწარმის ძირითადი საქმიანობა გახდა საოჯახო სამზარეულო -საცხობი. ზემოთ აღნიშნული რეალიზებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დიდი ნაწილი მეწარმის და მისი ოჯახის წევრების დახმარებით მოწეული პროდუქტი იყო. იმედოვნებს, რომ იმ პერიოდში მეწარმის ძირითადი საქმიანობის და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ოპერაცია გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან, არ მოხდება დამატებით თანხის დარიცხვა (ეს გათვალისწინებული იყო წინა საგადასახადო შემოწმების დროს და ამ ნაწილში არ მოხდა მეწარმის დაჯარიმება). აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის სრულად/ნაწილობრივ გაუქმებას, მეტწილად არ ცოდნის გამო დაშვებული შეცდომის გამო.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე 3 დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც. მომჩივანი განმარტავს, რომ რეალიზებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დიდი ნაწილი მისი და მისი ოჯახის წევრების დახმარებით მოწეული პროდუქტი იყო, რაც გათავისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს არ მოხდეს დამატებით თანხის დარიცხვა.

გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს, რომ საგადასახადო შემოწმების დროს არ დადგენილა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციის ფაქტი. ამასთან, მომჩივანს არც საგადასახადო დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია იმგვარი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაცია და დღგ-სგან გათავისუფლებული ბრუნვა. მომჩივანი არც დავის ამ ეტაპზე წარმოადგენს აღნიშნულის დამადასტურებელ დოკუმენტს/მტკიცებულებას.

ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ის დეკლარაციებსა და შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ დღგ-ის 18%-ით დასაბეგრ ბრუნვას შორის სხვაობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, მომჩივნის მიერ შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციებით, 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა ჯამში შეადგენდა 864 996 ლარს, ხოლო შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის სახელზე რეგისტრირებულ საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებული შემოსავლების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბრუნვა შეადგენდა ჯამში 934 112 ლარს.

ამდენად, საკონტროლო-სალარო აპარატებსა და პოსტერმინალებში დაფიქსირებულ თანხებს მომჩივანი არასრულად ასახავდა დღგ-ის დეკლარაციაში. შემოწმების შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 163 (1,2); 164 (1).