გადაწყვეტილება №23436/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.09.2024
№ დოკუმენტი 23436/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23436/2/2024

05 სექტემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "-------"-ის 6.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23436/2/2024).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის გამო დაკისრებული ჯარიმის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.05.2024 წლის №CB1612566 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12785 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 18 462.88 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოთი. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 12 აპრილიდან, 2011 წლის 13 ოქტომბრიდან გააჩნია მცირე ბიზნესის სტატუსი.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №3509 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ასევე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 184 628,83 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 11 მაისის №CB1612566 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 18 462,88 ლარის ოდენობით.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი 2024 წლის 10 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12785 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელი გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მეწარმე ძირითად ვაჭრობს სიგარეტებით, რომლის ფასნამატი შეადგენს 1-4%-ს, შემოწმების დაროს აიღეს 9%, რითაც გაიზარდა შემოსავალი, აღნიშნული ფასნამატი უნდა გაანგარიშებულიყო დოკუმენტურად ( შეძენა, რეალიზაციის მიხედვით, საშუალო შეწონილი მეთოდით), ამავე დროს ფასნამატი უფრო მაღალია ვიდრე შემოწმების დროს იქნა გამოყენებული, მომჩივანი ითხოვს გადაიხედოს ზემოთ ხსენებულ საკითხი, დაკორექტირდეს, ან შემცირდეს აღნიშნული თანხა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინვენტარიზაციის დაწყებისას მომჩივანმა განაცხადა, რომ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს შემდეგ მისამართზე:"------"-ის №--განმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობები განთავსებული აქვს მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე და სხვა სავაჭრო ობიექტი ან სათავსო არ გააჩნია. ასევე განაცხადა, რომ მის ობიექტებში არ ინახება სხვის საკუთრებაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული – ჩამოწერილი აქვს გასავალში. ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასახული აქვს საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და აცნობა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №3509 ბრძანებით, ინვენტარიზაციის პროცედურების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია.

ინვენტარიზაცია (ფაქტიური ნაშთების აღწერა) დაიწყო 2024 წლის 20 თებერვალს, ხოლო მასალების დამუშავება და შედეგების გამოყვანა დამთავრდა 2024 წლის 11 აპრილს. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთის აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №16). ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") ობიექტში 2024 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით აღმოჩნდა სულ 2976.50 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები საბაზრო ღირებულებით.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ, საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე, შედგენილ იქნა ოქმი „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ – დანართი №19–ის I და II ცხრილები. საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა ასევე „ფაქტობრივად აღწერილი აღურიცხავი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების გამოვლენის შესახებ“ ოქმი (დანართი №21). მისი შესწავლისა და მითითებული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შემდეგ, დადგინდა აღურიცხველი სმფ–ების რაოდენობა სასაქონლო დასახელებების მიხედვით. აგრეთვე, ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ–ების პირვანდელმა ღირებულებამ (დანართი №21–ის მე–6 სვეტის ჯამი) შეადგინა 2289.65 ლარი.

საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირების მიერ შევსებულ იქნა დანართი №19–ის I და II ცხრილები გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების მიხედვით. კერძოდ, გამოყენებულ იქნა შემდეგი მონაცემები და დაშვებები:

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე (20 თებერვალი 2024 წელი);

საანგარიშო პერიოდის სმფ-ების საწყისი ნაშთი – 2000 ლარი;

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ელ/სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი სმფების პირვანდელი ღირებულება – 209128,96 ლარი – შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით;

2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში დაფიქსირებული ბრუნვები - 0 ლარი;

2024 წლის პირველი თებერვლიდან 2024 წლის 20 თებერვლის ჩათვლით რეალიზებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული ბრუნვები - 537.9 ლარი.

ფასნამატად აღებულ იქნა 8,95% ((2494.5-2289.65)/2289.65*100). მისი ანგარიში დაეყრდნო დანართი №16-ისა და დანართი №21-ის მონაცემებს. კერძოდ: შედარებულ იქნა ფაქტობრივად აღწერილი და ამავდროულად სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ასახული სმფ-ების (სულ - 34 დასახელების) დღგ-ის გარეშე საბაზრო ღირებულება (2494.5 ლარი) და შეძენის ჯამური ღირებულება დღგ-ის გარეშე (2289.65 ლარი). ანგარიშიდან გამოირიცხა ის დასახელებები, რომელთა შეძენის ღირებულება იყო უცნობი.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 20 თებერვალი) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19-ის I ცხრილის მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა - 210635.25 ლარი ((2000+209128.96-(537.9/1.0895)).

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22-ის I ცხრილი (პროექტი) – დანართი №16-ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე, სადაც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 482 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული იქნა დანართი №22-ის II ცხრილი (პროექტი) – დანართი №19-ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 208345.59 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (8.95% ფასნამატის გათვალისწინებით) – 226992.52 ლარი (208345.59*1.0895).

ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") 2024 წლის 4 მარტს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების (დანართი №22–ის I და II ცხრილები) პროექტით. გადასახადის გადამხდელმა შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, 2024 წლის 6 მარტს წარადგინა პოზიცია ოქმის პროექტის შესახებ და მოითხოვა საანგარიშო პერიოდში რეალიზებული სმფების ღირებულებად აღებული ყოფილიყო საკონტროლო-სალარო აპარატზე დაფიქსირებული ბრუნვები. მისივე განმარტებით აპარატის ფისკალური მეხსიერების დაზიანების გამო, მონაცემების ასახვა არ ხდებოდა გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე და ბუღალტერმა ბრუნვები არ ასახა შესაბამისი პერიოდის დეკლარაციებში.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭომ 2024 წლის 12 მარტს განიხილა ი/მ "-------"-ის პოზიცია (კანც. შემოსვლის № "-------"; 18.03.2024) და №13 სხდომის ოქმით დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის პოზიცია. ი/მ "-------"-ს (ს/ნ "-------") დაევალა 5 სამუშაო დღის განმავლობაში წარედგინა საკონტროლო-სალარო აპარატის ე.წ. „Z რეპორტები“, ხოლო ინვენტარიზაციის განმახორციელებელ ოფიცრებს დაევალათ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება.

ი/მ "-------"-მ (ს/ნ "-------") 2024 წლის 26 მარტს წარადგინა დოკუმენტაცია (კანც. შემოსვლის № "-------"), რომლის ანალიზის შედეგად გაირკვა, რომ 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ საკონტროლო-სალარო აპარატზე ამოწერილი თანხების ჯამმა შეადგინა 42901.59 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თანხა გადასახადის გადამხდელის მიერ, დოკუმენტაციის წარმოდგენის მომენტისათვის ასახული იქნა მცირე ბიზნესის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოხდა ინვენტარიზაციის შედეგების კორექტირება. ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის (2024 წლის 20 თებერვალი) სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბუღალტრო ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით (დანართი №19-ის I ცხრილის მე-2 სვეტის ბოლო სტრიქონი) შეადგინა - 171751.64 ლარი ((2000+209128.96- (42901.59/1.0895)).

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებულ იქნა დანართი №22-ის I ცხრილი – დანართი №16-ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე, სადაც პირველადი საგადასახადო დოკუმენტების რეკვიზიტების გადამოწმების შედეგად გამოვლინდა 482 ლარის საბაზრო ღირებულების აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შევსებული იქნა დანართი №22-ის II ცხრილი – დანართი №19- ისა და დანართი №21-ის მონაცემების საფუძველზე. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 169461.99 ლარი, ხოლო საბაზრო ღირებულებით (8.95% ფასნამატის გათვალისწინებით) – 184628.83 ლარი (169461.99*1.0895).

შესაბამისად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286- ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გამოვლენილ სმფ-ების დანაკლისზე, ი/მ "-------" (ს/ნ "-------") დაჯარიმდა 18462.88 ლარით, რაზეც შედგენილ იქნა 2024 წლის 11 აპრილის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №CB1612566.

ნაშთად არსებული სმფ-ების ღირებულების უდიდესი ნაწილი (93,74 %) შეადგენდა თამბაქოს პროდუქციას და ზემოთ აღნიშნული ფასნამატი წარმოადგენს ფაქტიურად არსებული სმფ-ების საშუალო შეწონილ ფასნამატს. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელს საანგარიშო პერიოდის (01.01.2021 წ. – 20.02.2024 წ.) განმავლობაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დოკუმენტურად დადასტურებული რეალიზაცია არ უფიქსირდება, არ აქვს ნაწარმოები მცირე ბიზნესის ხარჯების გამარტივებული აღრიცხვის სპეციალური ჟურნალი და არც რაიმე სახის აღრიცხვა, რის გამოც შეუძლებელია სხვა მეთოდით განისაზღვროს ფასნამატის მნიშვნელობა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") მიერ წარმოდგენილ საჩივარს საგადასახადო დავის აღნიშნულ ეტაპზე არ ახლავს საკუთარი პოზიციისა და არგუმენტების დამადასტურებელი სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან რაიმე სახის ინფორმაცია, რაც ცნობილი არ იყო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცედურის, ასევე შემოსავლების სამსახურში 2024 წლის 10 მაისს წარმოდგენილ საჩივართან დაკავშირებით დავის მიმდინარეობისას.

საკონტროლო შესყიდვის/შეთავაზების პროცედურა შეეხებოდა თამბაქოს ან მის მოხმარებასთან დაკავშირებული საქონელს და ვინაიდან სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების უდიდეს ნაწილს (93,74 %) წარმოადგენდა თამბაქოს ნაწარმს, საბჭოს მართლზომიერად მიაჩნია 8.95 პროცენტიანი ფასნამატის გავრცელება მთელ საქონელზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12785 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს გადაიხედოს ზემოთ ხსენებულ საკითხი, დაკორექტირდეს, ან შემცირდეს აღნიშნული თანხა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოთი. გადამხდელად რეგისტრირებულია 2000 წლის 12 აპრილიდან, 2011 წლის 13 ოქტომბრიდან გააჩნია მცირე ბიზნესის სტატუსი. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 თებერვლის №3509 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის კუთვნილი სასაქონლო–მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე ასევე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საბაზრო ღირებულების სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისი. გამოვლენილ დანაკლისზე, მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების და შემოსავლების სამსახურის 31.05.2024 წლის №12785 ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

286(9).