ბრძანება N 3173
📄 სრული ტექსტი
N 3173
15 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
-------- (პ/ნ ------)
(მის.: --------)
2024 წლის 23 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 2 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10) განიხილა --------ს (პ/ნ ------) №10250/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 18 იანვრის №21-10/3436 გადაწყვეტილებას.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ 2023 წლის 17 დეკემბერს განახორციელა საბაჟო ოპერაცია და დაერიცხა იმპორტის გადასახდელები (იმპორტის გადასახადი და დღგ). 2024 წლის 15 იანვარს განცხადებით მოითხოვა დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება, სადაც მიუთითა, რომ ტვირთი შეძენილი იყო გრანტის ფარგლებში, მიენიჭა გრანტის სტატუსი და ამის საფუძველზე ითხოვა საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება. საბაჟო დეპარტამენტიდან პასუხად მიიღო უარი, რადგან მან საქონლის დეკლარირებისას არ წარადგინა გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ დასკვნა.
გრანტის შესახებ ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა 2023 წლის 21 აგვისტოს, სწორედ იმის საფუძველზე, რომ ბიზნეს გეგმის ფარგლებში მოეხდინა მისი განხორციელება. ეს ფაქტი გულისხმობს იმას, რომ მოქმედებდა სახელმწიფო გრანტის პროექტის ფარგლებში. აქვე აღსანიშნავს, რომ სხვა სასაქონლო ოპერაცია არ აქვს განხორციელებული.
შემოსავლების სამსახურის მიერ 2024 წლის 12 იანვარს გაიცა ცნობა გრანტის სტატუსის მინიჭების შეახებ, რაც იმის დასტურია, რომ მას აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის უფლება.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს 2024 წლის 18 იანვრის №21-10/3436 გადაწყვეტილება, მიეცეს შესაძლებლობა ისარგებლოს შეღავათით, განხორციელდეს ცვლილება №------- საბაჟო დეკლარაციაში და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნდეს №------ საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე გადახდილი თანხა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 16 იანვარს გადამხდელმა წარმოადგინა ID----- (შტრიხკოდის ნომერი ------) განცხადება, რომლითაც მოითხოვა №------- საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების შეტანა დანართში (№------- საბაჟო დეკლარაცია და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის ID------ შტრიხკოდის ნომერი ------ წერილი საიმპორტო ტვირთზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ) მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, კერძოდ, ი/მ „--------ს“ (ს/კ ------) მიერ იმპორტირებული საქონლის (პლასტმასის ფორმები (ყალიბები) ბეტონის ფილების დასამზადებლად) მიმართ გრანტით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათის გამოყენება და შესაბამისად იმპორტის გადასახდელისაგან (იმპორტის გადასახადი, დღგ) გათავისუფლება.
აღსანიშნავია, რომ მოცემული საქონელი დეკლარირებულია 2023 წლის 27 დეკემბერს, ხოლო გადამხდელმა გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 2024 წლის 11 იანვარს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ. ასევე, გადაწყვეტილება აღნიშნულ საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია 2024 წლის 12 იანვარს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დატანილი გაცემის თარიღი.
შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც ი/მ „--------ს“ (ს/ნ ------) საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი, კერძოდ იმპორტის გადასახადი -1,247.00 ლარის და დღგ - 2,094.60 ლარის ოდენობით.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-8 დანართის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად (დანართი №8-II-03-ის შესაბამისად), იმპორტირებული საქონლის დეკლარირებისას, გრანტით განსაზღვრული შეღავათის მისაღებად წარდგენილი უნდა ყოფილიყო შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ, რაც გადამხდელის მიერ საქონლის დეკლარირებისას არ განხორციელებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანების მე-2 დანართის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, უარი ეთქვა №------- საბაჟო დეკლარაციაში საქონლის გაშვების შემდგომ ცვლილების განხორციელებაზე, რასთან დაკავშირებითაც გაეგზავნა საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 18 იანვრის №21-10/3436 წერილი, რომელსაც დეკლარანტი გაეცნო 2024 წლის 18 იანვარს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
„საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 13 აგვისტოს №326 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსის მინიჭების, მისი აღრიცხვისა და გამოყენების შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) გრანტის მიმღების განცხადება;
ბ) გრანტის გამცემსა და გრანტის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ან გრანტის გამოყოფის შესახებ გრანტის გამცემის წერილობითი გადაწყვეტილების ასლი, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს;
გ) გრანტის მიმღები ორგანიზაციის წესდების ასლი;
დ) საიმპორტო საქონლის ინვოისის (ან პროფორმა ინვოისის ან ანგარიშფაქტურის) ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი, თუ გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეა.
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, კი შემოსავლების სამსახური ამ მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს ანიჭებს გრანტის სტატუსს ან იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოში საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭება ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, რომლის მიხედვით, საიმპორტო საქონლისათვის გრანტის სტატუსის მისანიჭებლად გრანტის მიმღები ვალდებულია შემოსავლების სამსახურში წარადგინოს ამავე დებულებით განსაზღვრული დოკუმენტაცია. ხოლო, შემოსავლების სამსახური სრულყოფილი დოკუმენტაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში საქართველოში საიმპორტო საქონელს მიანიჭებს გრანტის სტატუსს ან მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას გრანტის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ.
ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას საქონლისათვის, რომელიც ფინანსდება გრანტებით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება (შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისათვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ).
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისა და საქონლის მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №12) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების სპეციალური პროცედურა საშუალებას იძლევა, მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონელი გაშვებულ იქნეს თავისუფალ მიმოქცევაში იმპორტის გადასახდელისაგან გათავისუფლების პირობით.
ამავე ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი კი განსაზღვრავს, რომ აღნიშნული შეღავათის გამოყენების პირობას წარმოადგენს გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება.
ამავე ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირის მიერ საბაჟო პროცედურის განსაზღვრისას საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი დოკუმენტი დანართი №8-II-03-ის შესაბამისად.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემოწმებისას საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საბაჟო დეკლარირებისას წარდგენილ დოკუმენტებს და მის შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან, რაც აუცილებელია შეღავათების მისაღებად. მითითებული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე საქონელს მინიჭებული ჰქონდეს გრანტის სტატუსი, საქონელი დეკლარირებულ იქნეს მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურაში და წარდგენილი იყოს შემოსავლების სამსახურის წერილობითი დასკვნა საქონლისთვის გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ.
დადგენილია, რომ 2023 წლის 27 დეკემბერს --------ს მიერ განისაზღვრა საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო პროცედურა, ხოლო საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა 2024 წლის 12 იანვარს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ იმ პირობებში, როდესაც გადასახადის გადამხდელს საკანონმდებლო აქტით მინიჭებული აქვს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლება, მხოლოდ ის გარემოება, რომ გრანტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საქონელს გრანტის სტატუსი მიენიჭა მისი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირების შემდეგ, არ უნდა გახდეს საგადასახადო შეღავათით სარგებლობის უფლების შეზღუდვის საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს 2023 წლის 27 დეკემბრის ------საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს 2023 წლის 27 დეკემბრის №------- საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათის შესაბამისი კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 18 იანვრის №21-10/3436 გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის მიერ აღნიშნულიული საქონელი დეკლარირებულია 2023 წლის 27 დეკემბერს, ხოლო გადამხდელმა გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურს განცხადებით მიმართა 2024 წლის 11 იანვარს, საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების შემდეგ. ასევე, გადაწყვეტილება აღნიშნულ საქონელზე გრანტის სტატუსის მინიჭების შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებულია 2024 წლის 12 იანვარს, რასაც ადასტურებს გადაწყვეტილებაზე დატანილი გაცემის თარიღი. შესაბამისად, გრანტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათის მისაღებად საჭირო დოკუმენტი საქონლის გაფორმების დროს წარდგენილი არ ყოფილა, რის გამოც მომჩივანს საბაჟო დეკლარაციით გადასახდელად დაეკისრა იმპორტის გადასახდელი, კერძოდ იმპორტის გადასახადი -1,247.00 ლარის და დღგ - 2,094.60 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს საგადასახადო შეღავათით სარგებლობისთვის საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი გარემოებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, განახორციელოს შესაბამისი საბაჟო დეკლარაციის შესაბამისი კორექტირება (შემცირება). საჩივარი დანარჩენ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა შემდეგ ნორმებს:
საქართველოს პრეზიდენტის 13.08.2001 წლის N 326 ბრძანებულება.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N257 ბრძანება.