ბრძანება N 10584

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 11.05.2023
№ დოკუმენტი 10584
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 10584

11.05.2023

შპს „-----------“ (ს/ნ ---------)

(მის.: ---------------)

2023 წლის 20 აპრილის საჩივრის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 აპრილის სხდომაზე (ოქმი №46) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 აპრილის №80473/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება 2021 წლის 8 ივლისის №070-5 საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვას. თვლის, რომ სააღრიცხვო პროგრამაში სრულად აქვს ასახული ყველა ოპერაცია. არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დღგ-ში გამოვლენილ დეკლარირებულ შეუსაბამობას. ასევე, არ ეთანხმება ავიაბილეთების ხარჯის დირექტორისთვის ხელფასად კვალიფიკაციას. აცხადებს, რომ შემოწმებისთვის არ ყოფილა წარდგენილი მივლინების თაობაზე მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას.

2. ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო. აცხადებს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე შემოწმებულ პერიოდებზე 2023 წლის მარტის თვეში გაგზავნილ იქნა დაზუსტებული დეკლარაციები, რაც უკავშირდება -----------ის არამართლზომიერ ქმედებებს, ერთპიროვნულ, არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც არ გამოხატავს კომპანიის ოფიციალურ პოზიციას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 თებერვლის №2776 და 22 ივნისის №20205 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს ,,---------“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2021 წლის 30 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 8 ივლისის №22124 ბრძანება და ამავე თარიღის №070-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 99 123 ლარი, მათ შორის, გადასახადი 57 878 ლარი, ჯარიმა 28 511 ლარი და საურავი 12 734 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე6 ნაწილზე, რომლის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.

წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი აცხადებს, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოება, კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე შემოწმებულ პერიოდებზე 2023 წლის მარტის თვეში გაგზავნილ იქნა დაზუსტებული დეკლარაციები, რაც უკავშირდება ----------ის არამართლზომიერ ქმედებებს, ერთპიროვნულ, არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც არ გამოხატავს კომპანიის ოფიციალურ პოზიციას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების საფუძველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის გათვალისწინებით. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს ,,---------“ (ს/ნ -------) მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 10 აგვისტოს წარმოდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 22 ოქტომბრის №33536 ბრძანებით დარჩა განუხილველი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შპს „-----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 20 აპრილის №80473/1/2023 საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და 301-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------“ (ს/ნ --------) საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „---------“ (ს/ნ ---------) საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვას.

2. ითხოვს დავის დაწყებას ახლად აღმოჩენილ/გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 თებერვლის №2776 და 22 ივნისის №20205 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა კომპანიიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისათვის 2021 წლის 30 მარტის ჩათვლით. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 28 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 8 ივლისის №22124 ბრძანება და ამავე თარიღის №070-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 99 123 ლარი, მათ შორის, გადასახადი 57 878 ლარი, ჯარიმა 28 511 ლარი და საურავი 12 734 ლარი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივლისის №070-5 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6)(7), 301("ზ").