გადაწყვეტილება №23733/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.01.2025
№ დოკუმენტი 23733/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№23733/2/2024

16 იანვარი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ------------ი (ს/ნ ----------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ის 18.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23733/2/2024).

 

დავის საგანი:

სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის №041-34 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17713 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 226 821 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 136 984

დღგ - 65 156

ქონების გადასახადი - 396

საშემოსავლო გადასახადი - 71 432

ჯარიმა - 66 325

საურავი - 23 512

 

ფაქტების აღწერა

მომჩივნის საქმიანობაა ვაჭრობა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო საქონლით (ბოქლომი, ელ. ჩამრთველები, საკეტები და ა.შ.).

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 25.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი იმპორტის გზით შემოტანილი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს ------ის ტერიტორიაზე, ასევე აქვს იჯარით აღებული სასაწყობე ფართი, ქალაქ თბილისში, ------ და საწყობი ------ში. გადამხდელის განმარტებით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას ახორციელებს ელექტრონულად ექსელის პროგრამაში. თუმცა გამოგზავნილი მასალები (ნაშთები) არ არის სრულყოფილი და არ ედრება, როგორც მის მიერ წარმოებულ ინფორმაციას პერიოდების მიხედვით, ასევე, შემოწმების მიერ განსაზღვრულს (საქონლის თვითღირებულებას).

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წლიური საშემოსავლო გადასახადისა და დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარირებული მონაცემები (დასაბეგრი ბრუნვა) განსხვავებულია, ვინაიდან მეწარმის მიერ მოხდა დღგ-ის ბრუნვების დაზუსტება. შესაბამისად განსხვავებულია საშუალო სარეალიზაციო ფასნამატებიც (წლ. საშ. გად. დეკლ.-20-25%, დღგ-ის დეკლ.-65- 69%) გამომდინარე იქიდან, რომ მეწარმე არ ახორციელებს საქონლის რაოდენობრივ და თანხობრივ ჩამოწერას (არ წარმოუდგენია შემოწმებისთვის), ამასთან, შეძენის ინვოისებში ერთი და იგივე კოდებით განსაზღვრულ საქონელს უმეტეს შემთხვევაში აქვს განსხვავებული შეძენის ღირებულება, ვერ დგინდება შეძენილი და რეალიზებული საქონლის ზუსტი კავშირი და შესაბამისად, ფასნამატი. მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ გამოყენებული საშუალო სარეალიზაციო ფასნამატით, რაც თანხვედრაშია დღგ-ის დეკლარირებული ბრუნვით განსაზღვრულ გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ფასნამატებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში ერთობლივი შემოსავალი გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების შესაბამისად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

შემოწმების პროცესში შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი მასალები, მეწარმის კუთვნილ და იჯარით აღებულ ფართებში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შესახებ, რომლითაც დათვლილ იქნა ფაქტობრივად არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი და დამატებით შესწავლის მიზნით გადმოიგზავნა აუდიტის დეპარტამენტში. აღნიშნული მასალების საფუძველზე გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სხვაობა ფაქტობრივად არსებულსა და გადამხდელის მიერ დეკლარირებულ მონაცემებს შორის თვითღირებულებით 58 043 ლარი, რაც გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატით ჩართულ იქნა 2024 წლის დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბრუნვებში პროპორციულად საანგარიშო თვეების მიხედვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 10.07.2024 წლის №16398 ბრძანება და №041-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.07.2024 წლის №17713 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა მიუთითა ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისგან გათავისუფლებას.

მომჩივანმა 31.10.2024 წელს წარმოადგინა დაზუსტებული №24230/2/2024 საჩივარი სადაც მიუთითებს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარების შედეგად შემოსავლები გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. შემოწმების შედეგად გადაანგარიშებული რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი ნაანგარიშებია საშუალოდ 70%-იანი ფასნამატის შესაბამისად მაშინ როდესაც რეალური ფასნამატი საშუალოდ შეადგენს 40%-ს არ აღემატება. ასევე გაურკვეველია თუ რატომ მოხდა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი დანაკლისის შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონლად დაკვალიფიცირება.

ზემოხსენებული არგუმენტებიდან გამომდინარე, მიაჩნია, რომ უსაფუძვლოდ არის გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი, ასევე არასწორადაა შემოსავლები განსაზღვრული 70%-იანი ფასნამატის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად „გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად“, ხოლო 163-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დანაკლისის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება მისი გამოვლენის მომენტში. ასევე ითხოვს გამოვლენილი დანაკლისი დაიბეგროს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და არ იქნეს განხილული შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონლად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით საბჭოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების და შესაბამისად, საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

მომჩივანმა 31.10.2024 წელს წარმოადგინა დაზუსტებული №24230/2/2024 საჩივარი, რომლითაც სადავოდ ხდის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდით დადგენილი ფასნამატით, ასევე სადავოდ ხდის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტობრივ ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემს შორის გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად ჩათვლას.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დავების განხილვის საბჭო საჩივარს განიხილავს შემოსავლების სამსახურში გასაჩივრებული დავის საგნის ფარგლებში.

საბჭო ვერ განიხილავს მომჩივნის არგუმენტებს აღნიშნული სადავო საკითხების (დაზუსტებული საჩივრის) ნაწილში, ვინაიდან შემოსავლების სამსახურში 14.07.2024 წელს წარდგენილი №90706/1/2024 საჩივრით მომჩივანი მოითხოვდა მხოლოდ საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სანქციებისაგან გათავისუფლებას.

ამდენად, საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

სანქციებისაგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.04.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა №16398 ბრძანება და №041-34 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის №17713 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ საკითხზე, რომელიც სადავოდ არ გამხდარა შემოსავლების სამსახურში დავის წარმოებისას.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7); 302(3);