ბრძანება N 14707
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 14707
27.06.2023
შპს „---ის“ (ს/ნ --)
(მის.:---) 2023 წლის 24 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 ივნისის სხდომაზე (ოქმი №67) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ---) 2023 წლის 24 მაისის №81248/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 აპრილის №094-33 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ შეამცირა კომპანიის მიერ ზედმეტად დეკლარირებული მოგების და დამატებული ღირებულების გადასახადები და საგადასახადო შემოწმების შედეგები დატოვა უცვლელი იმ არგუმენტით, რომ კომპანიის მიერ არ იქნა წარდგენილი შემოწმებისას მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია. მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია ზედმეტად დეკლარირებულ გადასახადებთან მიმართებით მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან კომპანიას შემოწმების პროცესში წარდგენილი აქვს ბუღალტრული გატარებები, ბილინგის დეტალური რეპორტები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, მისი სისწორის დამადასტურებელი ინვოისები და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია.
2. გადამხდელის განმარტებით, აუდიტის დეპარტამენტმა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე უგულებელყო და არ შეამცირა ზედმეტად დეკლარირებული ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9130 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2022 წლის 24 იანვრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს პირველი სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, დღგ-ის ჩათვლასთან დაკავშირებით საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, უზრუნველყოს 2017 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ოპერაციების (ურთიერთჩართვის მომსახურება) ფარგლებში გადახდილი აქციზის თანხის ჩათვლა შესაბამის საანგარიშო პერიოდში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 11 აპრილის №9130 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 31 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 106 332 ლარით, მათ შორის, გადასახადი 75 480 ლარით და ჯარიმა 30 852 ლარით. აღნიშნულზე გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 26 აპრილის №094-33 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული არგუმენტები, კერძოდ, უფლებამოსილი პირის განმარტებით, დღგ-ის დეკლარაციის რეესტრების მოცულობის გამო არსებული ტექნიკური ხარვეზების მიზეზით, ზოგიერთ შემთხვევაში ფაქტურების დაწყვილების გარეშე მექანიკურად მცირდებოდა დეკლარაციის დანართი „ა“ III ნაწილით ჩასათვლელი დღგ-ის მთლიანი თანხა ავანსის ფაქტურების მიხედვით უკვე ჩათვლილი დღგ-ის თანხების ოდენობით. ამ მიზეზით ჩათვლილი არ არის 2018 წლის ნოემბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში 8 680,25 ლარი და 2019 წლის იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში - 183,05 ლარი, რადგან ჩათვლას მექანიკურად გამოაკლდა წარსულში უკვე ჩათვლილი ავანსის დღგ. გადაანგარიშების ეტაპზე დამატებით იქნა შესწავლილი კომპანიის მიერ მიღებული და ჩათვლილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, დეკლარირებული და შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები და გადამხდელის მიერ მითითებული არგუმენტები არ დადასტურდა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები ამ ნაწილში დარჩა უცვლელი;
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადამხდელმა დამატებით წარმოადგინა სადავო საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომლითაც დგინდება, რომ კომპანიას მიღებული აქვს სხვადასხვა სახის მომსახურება (საბაზისო სადგურების განთავსების, საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის, სარეკლამო და სხვა). აღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები ამ ნაწილში;
საგადასახადო შემოწმების დროს გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა შემოწმების ჩატარებისთვის აუცილებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის, ბუღალტრული ჩანაწერები, დეკლარირებული მონაცემების გაანგარიშებები, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და სხვ. შემოწმების ეტაპზე წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საგადასახადო ორგანოში წარმოდგენილი დეკლარაციების გათვალისწინებით შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი. ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმებისას მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციისგან განსხვავებული დამატებითი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული მონაცემები აღნიშნულ ნაწილში დარჩა უცვლელი
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა საგადასახადო შემოწმებით დარიცხული აქციზი და შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარმომადგენლობით და გასართობი ღონისძიებების ხარჯებთან მიმართებით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებასთან და აქციზის ჩასათვლელი თანხის გაუქმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 106 332 ლარით, მათ შორის, გადასახადი 75 480 ლარით და ჯარიმა 30 852 ლარით. ხოლო საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე წარმომადგენლობით და გასართობი ღონისძიებების ხარჯებთან მიმართებით მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმებასთან და აქციზის ჩასათვლელი თანხის გაუქმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხების შესწავლის შედეგად, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები შემცირდა სულ 106 332 ლარით, მათ შორის, გადასახადი 75 480 ლარით და ჯარიმა 30 852 ლარით. ხოლო საჩივარში წარმოდგენილ სადავო საკითხებთან მიმართებით, სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო, შემოწმებით განსაზღვრული ვალდებულებები დარჩა უცვლელი.
გადაწყვეტილება
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21); 302 (6).