გადაწყვეტილება №26116/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26116/2/2025
02 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------ი“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 3.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26116/2/2025).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძვეზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №006-196 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20426 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 66 824,2 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 28 625,05
დღგ - 41 648,16
მოგების გადასახადი - (- 10 148,11)
საშემოსავლო გადასახადი - (-2 875)
ჯარიმა - 23 870,9
საურავი - 14 228,25
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანიის საქმიანობაა ღვინის ფესტივალების ორგანიზება.
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 25.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში, სახელმწიფო ტენდერების შესყიდვების ფარგლებში გადასახადის გადამხდელს მოგებული აქვს 2 ტენდერი. ----ში ღვინის ფესტივალის ორგანიზების ფარგლებში, კომპანიას ჩარიცხული აქვს თანხები სსიპ----დან, რომელიც არ აქვს დღგ ით დაბეგრილი (დაბეგრილი აქვს მხოლოდ ერთი ჩარიცხვა და შეცდომით აქვს განაწილებული დივიდენდი), გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება გაცემული ხელფასები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრული აქვს არასრულად.
შემოწმების შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის №006-196 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.09.2025 წლის №20426 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 275-ე მუხლზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
2022-2024 წლებში კომპანიას ჩარიცხული აქვს თანხები სსიპ -----დან სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების თანახმად, ღვინის ფესტივალისა და მცირე მეწარმეებისათვის ტრენინგების მოწყობის მომსახურებისთვის. 2022-2023 წლებში ჩარიცხული თანხებიდან არ განხორციელებულა დღგ-ის დეკლარირება და გადახდა.
2022 წელს კომპანიის დირექტორებად რეგისტრირებული იყვნენ -----ძე და -----ძე, არაფორმალური შეთანხმებით ფუნქციები შემდეგნაირად იყო განაწილებული: ღვინის ფესტივალების და მცირე მეწარმეების ტრენინგების ორგანიზება ევალებოდა -----ძეს, ხოლო ფინანსური რესურსების მართვა სრულად იყო ----ძის ფუნქცია. შესაბამისად, პროექტის შედგენა, მასში ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადების გათვალისწინება და ასევე ბიუჯეტში შემდგომი დეკლარირება იყო -----ძის მიერ დასაორგანიზებელი საქმიანობა.
----გან ამ შემოწმების პროცესში მიღებული ზეპირსიტყვიერი განმარტებით, სსიპ---ის მიერ კონტრაქტში არ ხდებოდა დღგ-ის გათვალისწინება და დღგ-ის ჩათვლით თანხაზე შეთანხმება და სწორედ არცოდნის გამო ხდებოდა ხელშეკრულების დადება დღგ-ის თანხის გათვალისწინების გარეშე. შესაბამისად კომპანიას ფესტივალის ორგანიზებისას ყველა წინასწარ გაწერილი ხარჯის გასტუმრების შემდეგ აღარ რჩებოდა რესურსი დღგ-ის გადასახდელად. იმ პერიოდზე, როდესაც კომპანიის ფინანსებს მართავდა ----ძე, კომპანიის კუთვნილი ძირითადი გადასახადი ამ შემოწმების აქტის მიხედვით შეადგენს 24 886 ლარს. 2023 წლიდან კომპანიის ერთპიროვნული დირექტორია -----ძე, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ცოდნა საგადასახადო საკითხებში და მანაც არცოდნის გამო გააგრძელა ფინანსების მართვა ისე, როგორც იყო ------ძის დროს.
2024 წელს უკვე ნათელი გახდა, რომ კომპანიას უნდა გადაეხადა დღგ სსიპ---დან მიღებული სახსრებიდან, თუმცა 2022-2023 წლებში მიღებულ შემოსავალზე დღგ-ის გადახდის ფინანსური რესურსი კომპანიას მიმდინარე პერიოდში არ გააჩნდა და ამიტომ დროებით გადაიდო დეკლარაციების დაზუსტება წარსულ პერიოდზე. -----ძის ერთპიროვნული დირექტორობის პერიოდში კომპანიის მიმართ დამატებით დასარიცხი ძირითადი გადასახადი შეადგენს სულ 3 739 ლარს, რაც მოწმობს, რომ დირექტორს არ ჰქონდა გამიზნული გადასახადებისაგან თავის არიდება. ----ძე სრულად ირიდებს თავიდან პასუხისმგებლობას 2022 წლის პერიოდში კომპანიისათვის მიყენებულ ფინანსურ ზარალზე, რის გამოც საგადასახადო აქტით დარიცხული თანხები ტვირთად დააწვება კომპანიას და მის ახლანდელ დირექტორს.
ითხოვს სრულად მოეხსნას ჯარიმა და საურავი, რათა შეძლოს აქტით დარიცხული გადასახადის თანხის დაფარვა და გაგრძელდეს კომპანიის მიერ აღებული ძალიან მნიშვნელოვანი ვალდებულებების შესრულება, რაც მოიცავს რეგიონებში მცირე საოჯახო მეღვინეობების განვითარებას ტრენინგებისა და ღვინის ფესტივალების ორგანიზების გზით, რათა ქვეყანაში შეიქმნას განათლებული მეღვინეების ჯგუფები, რომლებიც შეძლებენ მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი ღვინის როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზარზე წარმატებით რეალიზაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2-22 ნაწილების თანახმად:
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, − იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში, კომპანიას ჩარიცხული აქვს თანხები სსიპ---დან. აღნიშნული ოპერაცია გადასახადის გადამხდელს არ აქვს დაბეგრილი დღგ-ით. ასევე, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება გაცემული ხელფასები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულებების არასრულად დეკლარირება გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძვეზე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 25.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში, სახელმწიფო ტენდერების შესყიდვების ფარგლებში გადასახადის გადამხდელს მოგებული აქვს 2 ტენდერი.მომჩივანს ჩარიცხული აქვს თანხები , რომელიც არ აქვს დღგ ით დაბეგრილი (დაბეგრილი აქვს მხოლოდ ერთი ჩარიცხვა და შეცდომით აქვს განაწილებული დივიდენდი), კომპანიას ასევე უფიქსირდება გაცემული ხელფასები, რომლებიც არ აქვს დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში დაბეგვრის ობიექტი განსაზღვრული აქვს არასრულად.შემოწმების შედეგად დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის №006-196 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.რომლის №20426 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან მომჩივნის საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);