გადაწყვეტილება №27866/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.09.2026
№ დოკუმენტი 27866/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27866/2/2026

14 სექტემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---“- ის 28.07.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27866/2/2026).

 

დავის საგანი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის №CB1920900 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის №15414 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 5 000 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, მომჩივანს, 29.05.2026 წლის №CB1920900 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით. სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 9.07.2026 წლის №15414 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 269-ე მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 ნაწილებით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 251 მუხლის მე-4 პუნქტით და განმარტავს, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს (განმეორებით), შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გამოვლენილი შეუსაბამობა გამოწვეული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ფორმირების პროცესში დაშვებული ტექნიკური და ადამიანური შეცდომით და არა საქონლის დაფარვის ან საგადასახადო ვალდებულებებისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით. ამასთან, საჩივარს დაერთო მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა, რომ სადავო საქონელი წარმოადგენდა შპს „---“- ის მიერ კანონიერად იმპორტირებულ, სასაწყობო და საბუღალტრო აღრიცხვაში არსებულ პროდუქციას, ასახული იყო კომპანიის შიდა სატრანსპორტო (ლოგისტიკურ) დოკუმენტაციაში, რეალიზებული იყო კანონიერად, ხოლო მიღებული შემოსავალი სრულად იყო აღრიცხული სალარო აპარატის მონაცემებითა და საბანკო დოკუმენტაციით.

მომჩივანი საჩივარს ურთავს მტკიცებულებებს, რომლებიც ადასტურებდა კომპანიის კეთილსინდისიერ საქმიანობას, მათ შორის ბოლო პერიოდში შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული არაერთი კონტროლის („წითელი დერეფნის“) შედეგები, რომლის ფარგლებში დარღვევები არ გამოვლენილა. შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის №15414 გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების არასრულყოფილი გამოკვლევის, წარმოდგენილი მტკიცებულებების არასათანადო შეფასებისა და მოქმედი სამართლის ნორმების არასწორი გამოყენების შედეგად. ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებში არ იყო ასახული ერთი ერთეული საქონელი – საძინებლის კომპლექტი. აღნიშნული გარემოება თავისთავად არ ადასტურებს არც განზრახვას, არც საგადასახადო ვალდებულებებისათვის თავის არიდების მცდელობას და არც საქონლის უკანონო წარმოშობას.

სადავო საქონელი წარმოადგენდა შპს „---“-ის მიერ კანონიერად იმპორტირებულ, საბუღალტრო აღრიცხვაში ასახულ და სასაწყობო ნაშთში არსებულ პროდუქციას. აღნიშნული საქონელი ასახული იყო კომპანიის შიდა სატრანსპორტო (ლოგისტიკურ) დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირებული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენდა 8 749 ლარს.

ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 5 500 ლარის ღირებულების პროდუქცია რეალიზებული იყო ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილი ნაწილი, მათ შორის სადავო საძინებლის კომპლექტი, რეალიზებული იყო განვადებით. შესაბამისად, სადავო საქონელი არც დაფარული იყო კომპანიის შიდა აღრიცხვიდან და არც მისი რეალიზაცია ხორციელდებოდა რაიმე არაოფიციალური ფორმით. ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხები სრულად აისახა სალარო აპარატის მონაცემებში, ხოლო შემდგომ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხა კომპანიის საბანკო ანგარიშზე. აღნიშნული გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქმედებდა გამჭვირვალედ, კანონიერად და არ ჰქონია მიზანი რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულების დაფარვის ან სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების.

კომპანიას წარმოებული ჰქონდა როგორც საქონლის, ისე მიღებული შემოსავლების სრული აღრიცხვა. სადავო საქონელი რეალიზებული იყო განვადებით. განვადების ხელშეკრულების არსებობის პირობებში საქონლის რეალიზაციის დაფარვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ასეთი ოპერაცია გარდაუვლად აისახება როგორც სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში, ისე ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვაში. პირველ ინსტანციაში წარდგენილი იყო ინფორმაცია კომპანიის საგადასახადო ისტორიის შესახებ, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული არაერთი კონტროლის („წითელი დერეფნის“) შედეგები, რომელთა ფარგლებში დარღვევები არ გამოვლენილა. აპელირებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე №ბს-1267(2კ-22). ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება. მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში. საქმეში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 30.07.2026 წლის №72576-21-12 წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ 29.05.2026 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა (სახ. №---)№ბს-1267(2კ-22), რა დროსაც დადგინდა, რომ --- (პ/ნ ---) ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1 980 ლარის ღირებულების ავეჯი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

მომჩივნის განმარტებით, გამოვლენილი შეუსაბამობა გამოწვეული იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადების ფორმირების პროცესში დაშვებული ტექნიკური და ადამიანური შეცდომით და არა საქონლის დაფარვის ან საგადასახადო ვალდებულებებისათვის განზრახ თავის არიდების მიზნით. სადავო საქონელი წარმოადგენდა შპს „---“-ის მიერ კანონიერად იმპორტირებულ, საბუღალტრო აღრიცხვაში ასახულ და სასაწყობო ნაშთში არსებულ პროდუქციას. აღნიშნული საქონელი ასახული იყო კომპანიის შიდა სატრანსპორტო (ლოგისტიკურ) დოკუმენტაციაში, რომლის მიხედვითაც ტრანსპორტირებული საქონლის საერთო ღირებულება შეადგენდა 8 749 ლარს.

ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ დაახლოებით 5 500 ლარის ღირებულების პროდუქცია რეალიზებული იყო ნაღდი ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილი ნაწილი, მათ შორის სადავო საძინებლის კომპლექტი, რეალიზებული იყო განვადებით.

შესაბამისად, სადავო საქონელი არც დაფარული იყო კომპანიის შიდა აღრიცხვიდან და არც მისი რეალიზაცია ხორციელდებოდა რაიმე არაოფიციალური ფორმით. ამასთან, ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული თანხები სრულად აისახა სალარო აპარატის მონაცემებში, ხოლო შემდგომ კანონით დადგენილი წესით ჩაირიცხა კომპანიის საბანკო ანგარიშზე.

აღნიშნული გარემოებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მოქმედებდა გამჭვირვალედ, კანონიერად და არ ჰქონია მიზანი რაიმე სახის საგადასახადო ვალდებულების დაფარვის ან სახელმწიფოსათვის ზიანის მიყენების. პირიქით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კომპანიას წარმოებული ჰქონდა როგორც საქონლის, ისე მიღებული შემოსავლების სრული აღრიცხვა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სადავო საქონელი რეალიზებული იყო განვადებით. განვადების ხელშეკრულების არსებობის პირობებში საქონლის რეალიზაციის დაფარვა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ასეთი ოპერაცია გარდაუვლად აისახება როგორც სახელშეკრულებო დოკუმენტაციაში, ისე ბუღალტრულ და საგადასახადო აღრიცხვაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან, სახეზეა მომჩივნის მხრიდან საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი განმეორებით (5.05.2026 წლის №CB1908612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (გაფრთხილება)), საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 29.05.2026 წლის №CB1920900 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შეფარდებული სანქცია მართებულია.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის 9.07.2026 წლის №15414 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წერილით, წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, საიდანაც ირკვევა, რომ 29.05.2026 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ პირი ახდენდა მომჩივნის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (1 980 ლარის ღირებულების ავეჯი) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე, შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-2 ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.

საბჭო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ მომჩივნის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (2).