სალაროში არსებული უძრავი ნაშთის სარგებლად განხილვა N 1819

1819 სალაროში არსებული უძრავი ნაშთის სარგებლად განხილვა - (ძალადაკარგული) 14.12.2017
№ დოკუმენტი 1819
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სალაროში არსებული უძრავი ნაშთის სარგებლად განხილვა N 1819

ფაქტობრივი გარემოებები

· საწარმოს 2017 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით სალაროში, სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე, უფიქსირდება 100 000 ლარის ოდენობით ფულადი თანხა.

· სალაროში ნაღდი ფულის არსებობა, ასევე აღნიშნული თანხის მიმღები პირი შემოწმებით დადგენილი არ არის.

შეფასება

· საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98² მუხლის მე-3 ნაწილის „ზ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა. ამავე კოდექსის 98³ მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით არ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან ფულადი სახსრების გადაცემა, რომელიც სსკ-ის 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. ამასთან, სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ხოლო სარგებლის ღირებულებად, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას - ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

· ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, სალაროში რიცხული თანხა, 2017 წლის 11 თებერვლიდან, ჩაითვლება სესხის გაცემად და შესაბამის საანგარიშო პერიოდში დაიბეგრება მოგების გადასახადით. ამასთან, სალაროში ნაღდი ფულის შეტანა, რომლის შესახებაც, დოკუმენტურად დასტურდება, რომ წარმოადგენს აღებული სესხის დაბრუნებას, წარმოშობს გადახდილი მოგების გადასახადის ჩათვლის უფლებას.

· გარდა აღნიშნულისა, ზემოთ ხსენებული ბრძანებით განსაზღვრული 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებული პროცენტის შესაბამისი თანხა, 2017 წლის 11 თებერვლიდან, ჩაითვლება სალაროს პასუხისმგებელი პირის (დაქირავებულის) მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაიბეგრება გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. შესაბამისად, 2017 წლიდან აღნიშნული არ განიხილება უსასყიდლოდ მომსახურების გაწევად და 98¹ მუხლის მე-4 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებულ ოპერაციად (მოგების განაწილებად).

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება საშემოსავლო და მოგების გადასახადი. ამასთან, პირი, დეკლარაციებში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკის 275-ე მუხლით გათვალისწინებუ ლი ჯარიმით.

სიტუაციური სახელმძღვანელო ვრცელდება 2017 წლის 1 იანვრიდან არსებულ საგადასახადო პერიოდებზე და ეხება შემთხვევას, როდესაც საწარმო მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით

სიტუაციური სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2017 წლის 5 დეკემბრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით