ბრძანება N 310

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.01.2023
№ დოკუმენტი 310
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 310

13.01.2023

ი/მ „------------„ (ს/ნ ------------)

(მის: ----------)

2022 წლის 20 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ „--------„ (ს/ნ-------)№77402/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 8 დეკემბრის№CB1424254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.

აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №124).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობაა ყველის რეალიზაცია. უმეტესად ყიდის საკუთარ საოჯახო მეურნეობაში დამზადებულ ყველს. ასევე ხანდახან ყიდულობს გლეხებისგან ყველს, აგროვებს და მიაქვს თბილისის ბაზრებზე გასაყიდად. 2022 წლის 8 დეკემბერს რეალიზაციის მიზნით ახდენდა ყველის ტრანსპორტირებას თბილისის მიმართულებით. ტრანსპორტირების დაწყებამდე დაურეკა თავის ახლობელს, რომ 750 კილო ყველზე გამოეწერა სასაქონლო ზედნადები ----- დან - თბილისის მიმართულებით. ტრანსპორტირების დაწყებიდან 15-20 წუთში გააჩერეს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და საქონლის ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების გამო დაუწერეს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. აღნიშნული ოქმი შედგენილია 2022 წლის 8 დეკემბერს 21:44 საათზე, ხოლო ზედნადების გამოწერის დროა 2022 წლის 8 დეკემბრის 21:32 საათი. ამდენად, მისი მხრიდან საგადასახადო კოდექსით დადგენილი ნორმების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და პროდუქტის ტრანსპორტირებას ახდენდა შესაბამისი სასაქონლო ზედნადების საფუძველზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2022 წლის 8 დეკემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის --------- სამმართველოს თანამშრომლების მიერ განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა. კერძოდ, ქ. --------- 21:33 საათზე გადამოწმდა „----------„ (პ/ნ ----------) მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით „-------„ გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ი/მ „--------„ (ს/ნ --------) ახორციელებდა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (750 კილოგრამი ყველი - საბაზრო ღირებულებით 7500 ლარი) ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას.

ი/მ „------------„ (ს/ნ ------------) თავდაპირველი განმარტებით მას ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარაზე განთავსებული ჰქონდა 500 კილოგრამი ყველი, რომელზეც ატვირთული ჰქონდა შესაბამისი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები. აღნიშნული ფაქტის გადამოწმებისას გაირკვა რომ მოცემული №--------- სასაქონლო ზედნადები გამოწერილი იყო 2022 წლის 8 დეკემბერს 21:32:55 საათზე. ტრანსპორტირების დაწყების ადგილად მითითებული იყო ქალაქი ------ ---------- ქუჩა. ----- სამმართველოს თანამშრომლების მიერ განმარტებული იქნა, რომ აღნიშნული ავტომანქანა -------------- ქუჩიდან გამოვიდა 2022 წლის 8 დეკემბერს 21:18 ზე, შემდეგ ქ. ------- გზატკეცილზე ---- ავტოგასამართ სადგურზე ჩაასხა დიზელის ტიპის საწვავი,შემდგომ დაიძრა თბილისის მიმართულებით და ---- გასასვლელთან ------ ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. აღნიშნულის შემდგომ გადასახადის გადამხდელმა აღიარა ჩადენილი სამართალდარღვევა და ჯერ ითხოვა პატიება, უარის შემდეგ ითხოვა გაფრთხილება, რაზედაც საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მიცემული იქნა განმარტება რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლით სამართალდარღვევა იყო განმეორებითი და ითვალისწინებდა 5000 ლარის ოდენობით ჯარიმას. ასევე საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული ყველის წონა, რაზედაც გადასახადის გადამხდელმა დამატებით განმარტა რომ ძარაზე იყო დატვირთული მისი კუთვნილი 750 კილოგრამი ყველი. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეო-აუდიო მასალაზე, რომლის დაწყების დრო არის ამა წლის 8 დეკემბერს 21:34 საათი და დასრულებულია 21:40 საათზე.

საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დროსთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ იგი შედგენილია 21:44 საათზე. აღნიშნული დრო განპირობებული იყო ოქმის გადაგზავნის მომენტით, ხოლო ოქმის შედგენა დაწყებული იქნა 21:41 საათზე. ამასთან, 2022 წლის 8 დეკემბერს 22:02:05 საათზე გადასახადის გადამხდელის მიერ მოხდა აღნიშნული ელექტრონული სასაქონლო ზედნადების კორექტირება, სადაც ჩასწორებულ იქნა ყველის წონა: ნაცვლად 500 კილოგრამი ყველისა - მიეთითა 750 კილოგრამი ყველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე შედგენილ იქნა №CB1424254 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ “--------------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობაა ყველის რეალიზაცია. უმეტესად ყიდის საკუთარ საოჯახო მეურნეობაში დამზადებულ ყველს. ასევე ხანდახან ყიდულობს გლეხებისგან ყველს, აგროვებს და მიაქვს თბილისის ბაზრებზე გასაყიდად.

მომჩივანი დაჯარიმდა ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის. ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ განხორციელდა მიმდინარე კონტროლის პროცედურა. კერძოდ, გადამოწმდა გადამხდელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანი ახორციელებდა ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის (750 კილოგრამი ყველი - საბაზრო ღირებულებით 7500 ლარი) ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნულ საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(2)