ბრძანება N 23601

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.11.2024
№ დოკუმენტი 23601
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23601

05 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2024 წლის 21 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №116) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 21 ოქტომბრის №92463/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 3 ოქტომბრის №007-244 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს და განმარტავს, რომ წინა შემოწმებით ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სხვაობა (სხვაობა ნაშთებს შორის 43%-იანი ფასნამატით), კუთვნილი დღგ-ის ჩათვლით განხილულ იქნა როგორც საწესდებო კაპიტალის შემცირება, ხოლო მიმდინარე აუდიტის შემოწმების შედეგად სმფ-ების დანაკლისი არ იქნა განხილული საწესდებო კაპიტალის შემცირებად. კერძოდ, 2024 წლის 30 მაისს ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციით გამოვლინდა სმფ-ების დანაკლისი 2 435 546 ლარის თვითღირებულებით, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 4 153 395.86 ლარს. გადამხელი განმარტავს, რომ 1 633 449 ლარი აღიარა დანაკლისად და ასახა მაისის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციაში, ხოლო 2 611 964.37 ლარით შეამცირა საწესდებო კაპიტალი. ვინაიდან 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტით სახეზეა მსგავსი შემთხვევა და შემოწმების მიერ დანაკლისი განხილულია კაპიტალის შემცირებად, მიმდინარე შემოწმებითაც დარიცხული გადასახადი უნდა მოვიდეს შესაბამისობაში 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტთან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №15935 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 25 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 3 ოქტომბრის №21610 ბრძანება და ამავე თარიღის №007-244 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 542 752 ლარი, მათ შორის, გადასახადი 348 323 ლარი, ჯარიმა 173 908 ლარი, საურავი 20 521 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეა ტანსაცმლით საცალო ვაჭრობა, ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებს პროგრამა სუპერფინში. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის საშუალო ფასნამატი შეადგენს 52%-ს. კომპანიაში 2024 წლის 30 მაისს ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციით გამოვლინდა სმფ-ის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 153 395.86 ლარს. შპს „----------“ დანაკლისი ასახა დამატებული ღირებულების გადასახადის 2024 წლის მაისის თვის დეკლარაციაში. ასევე, გადამხდელმა დანაკლისი ასახა 2024 წლის მაისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში, სადაც დანაკლისად დაბეგრა 1 633 449 ლარი, ხოლო საწესდებო კაპიტალი შეამცირა 2 611 964 ლარით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე და 983 მუხლების გათვალისწინებით მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვას ექვემდებარება კომპანიის სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი სრულად, საწარმოს დეკლარირებული აქვს მხოლოდ მისი ნაწილი, შესაბამისად მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 1 886 378 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2024 წლის 31 ოქტომბერს 12:20 სთ-ზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა საჩივრის განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

ამავე მუხლის 28-ე ნაწილის მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა არის პირის მიერ ჩვეულებრივი სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეული, მასალა, ნახევარფაბრიკატები, სამარაგო ნაწილები, ტარა და მზა პროდუქცია (საქონელი) ბასს-ის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, კომპანიაში 2024 წლის 30 მაისს ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციით გამოვლინდა სმფ-ის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 153 395.86 ლარი. შპს „----------“ დანაკლისი ასახა დამატებული ღირებულების გადასახადის 2024 წლის მაისის თვის დეკლარაციაში. ასევე, გადამხდელმა დანაკლისი ასახა 2024 წლის მაისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში, სადაც დანაკლისად დაბეგრა 1 633 449 ლარი, ხოლო საწესდებო კაპიტალი შეამცირა 2 611 964 ლარით. ვინაიდან, მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვას ექვემდებარება კომპანიის სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი სრულად, ხოლო საწარმოს დეკლარირებული აქვს მხოლოდ მისი ნაწილი, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 1 886 378 ლარით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის სრულად დეკლარირება და დაბეგვრა მოგების გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიაში 2024 წლის 30 მაისს ჩატარებული შიდა ინვენტარიზაციით გამოვლინდა სმფ-ის დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 4 153 395.86 ლარი. შპს „ჯასტინმა“ დანაკლისი ასახა დამატებული ღირებულების გადასახადის 2024 წლის მაისის თვის დეკლარაციაში. ასევე, გადამხდელმა დანაკლისი ასახა 2024 წლის მაისის თვის მოგების გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციაში, სადაც დანაკლისად დაბეგრა 1 633 449 ლარი, ხოლო საწესდებო კაპიტალი შეამცირა 2 611 964 ლარით. ვინაიდან, მოგების გადასახადის დეკლარაციაში ასახვას ექვემდებარება კომპანიის სმფ-ების შიდა ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისი სრულად, ხოლო საწარმოს დეკლარირებული აქვს მხოლოდ მისი ნაწილი, მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა გაიზარდა 1 886 378 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამოვლენილი დანაკლისი მოგების გადასახადის მიზნებისთვის ითვლება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდებად. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებული იყო განეხორციელებინა დანაკლისის სრულად დეკლარირება და დაბეგვრა მოგების გადასახადით. აღნიშნულის გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 983(2); 275.