გადაწყვეტილება №18944/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18944/2/2023
17.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს---------ს (ს/ნ -------------------)
მოპასუხე: ვალის მართვის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს---------ის 23.02.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18944/2/2023).
დავის საგანი:
საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. ვალის მართვის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №31881 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 30.01.2023 წლის №1343 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 69 982 ლარი.
ფაქტების აღწერა
მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის 24.08.2022 წელს გაფორმდა საგადასახადო შეთანხმების №ა432-21 აქტი, 26.04.2022 წლის მდგომარეობით არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე შემდეგი პირობებით:
3.1. გადასახდელი საგადასახადო დავალიანების ოდენობა განისაზღვრა 720 000 ლარით;
3.2. 3.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდის ვადა - საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან 90 კალენდარული დღე;
3.3. საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ გადასახადის გადამხდელს 26.04.2022 წლის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 720 000 ლარით.
საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შესრულებულიყო 24.11.2022 წლამდე.
საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, შემოსავლების სამსახურის 19.12.2022 წლის №31881 ბრძანებით, ძალადაკარგულად ჩაითვალა მომჩივანსა და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული 24.08.2022 წლის №ა432-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი და მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა, გადაუხდელი თანხის 10% ოდენობით.
ვალის მართვის დეპარტამენტის 19.12.2022 წლის №31881 ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 30.01.2023 წლის №1343 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 293-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში არ არის შესრულებული საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და შემოსავლების სამსახურის მიერ სადავო ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივანის მოთხოვნაზე, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
მომჩივნის არგუმენტაცია
მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიხადა საგადასახადო შეთანხმებით განსაზღვრული თანხის ნაწილი და გადასახდელი დარჩა 684 167.46 ლარი. შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრული თანხის გადახდის ვადა, არ აღმოჩნდა საკმარისი თანხის სრულად გადასახდელად. მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე და მოითხოვა, შეთანხმებით განსაზღვრული ვადის გახანგრძლივება დამატებით 90 კალენდარული დღით.
შემოსავლების სამსახურმა №31881 ბრძანებით ისე, რომ არ მოუხდენია საკითხის სრულყოფილი გადამოწმება, შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამო, ძალადაკარგულად ჩათვალა 24.08.2022 წლის საგადასახადო შეთანხმება.
ვალის მართვის დეპარტამენტის №31881 და შემოსავლების სამსახური დავების განხილვის საბჭოს №1343 ბრძანებები არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, შემოსავლების სამსახურმა სრულყოფილად არ შეისწავლა მომჩივნის განცხადება, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე.
მომჩივანი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის №31881 ბრძანება და დაევალოს შემოსავლების სამსახურს 24.08.2022 წლის საგადასახადო შეთანხმების ვადა გახანგრძლივებულ იქნას 90 კალენდარული დღით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო შეთანხმება შესაძლებელია გაფორმდეს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გადასახადის გადამხდელის:
ა) საგადასახადო დავალიანების/საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით;
ბ) იმ მოსაკრებლის თანხის ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმისა და საურავის შემცირების მიზნით, რომლის ადმინისტრირებასაც საგადასახადო ორგანო ახორციელებს.
ამავე კოდექსის 293-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-6 ნაწილების მიხედვით:
2. საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, რომელიც განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შეთანხმების შესაბამისად გადასახდელი თანხის ოდენობასა და გადახდის ვადას.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულოს ამ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.
6. საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმება გაუქმებულად ითვლება და გადასახადის გადამხდელს დაეკისრება ჯარიმა გადაუხდელი თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
ვალის მართვის დეპარტამენტის 2.03.2023 წლის N 18855-21-17 წერილის მიხედვით, მომჩივანს საგადასახადო შეთანხმების აქტის გაფორმებიდან ბიუჯეტში გადახდილი აქვს მხოლოდ 20 180 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივანმა დაარღვია საგადასახადო შეთანხმების აქტით განსაზღვრული პირობები, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმებული 24.08.2022 წლის №ა432-21 საგადასახადო შეთანხმების აქტი მართლზომიერად გამოცხადდა ძალადაკარგულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სადავო საკითხზე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.