გადაწყვეტილება №25881/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25881/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,9.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ს 21.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25881/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25304 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-591 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6094 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 347 605,06 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 182 559,00
მოგების გადასახადი - 39 332,00
საშემოსავლო გადასახადი - 143 227,00
ჯარიმა - 100 941,00
საურავი - 64 105,06
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ტენდერების საფუძველზე თბილისის ზოოლოგიური პარკისთვის სამშენებლო მომსახურების გაწევა.
აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 27.05.2024 წლის №006-226 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.09.2024 წლის №19740 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 17.10.2025 წლის №23974/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა დაბრუნებული საჩივარი 2.12.2024 წლის №25304 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა: გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.12.2024 წლის №25304 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა 26 964 ლარით, (გადასახადი 17 987 ლარით, ჯარიმა 8 977 ლარით). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 27.12.2024 წლის №006-591 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6094 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 23.09.2024 წლის №------ წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში დოკუმენტს არ გასცნობია, შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6094 ბრძანება გავრცელდა საჯაროდ შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 1.05.2025 წელს და ჩაბარებულად ჩაითვალა 21.05.2025 წელს.
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6094 ბრძანებას მომჩივანი გაეცნო 2.09.2025 წელს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 და მე-11 ნაწილების შინაარსის გათვალისწინებით, ვინაიდან სადავო აქტი, საჯაროდ გავრცელებიდან მე-20 დღეს ითვლება ჩაბარებულად, ხოლო პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი, სადავო აქტის გასაჩივრების ვადა უნდა აითვალოს გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს და არა ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაცნობის დღიდან.
ამდენად, 1.05.2025 წელს საჯაროდ გამოქვეყნებული გასაჩივრებული აქტი ჩაბარებულად ჩაითვალა 21.05.2025 წელს, მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის მე-20 დღე არის 10.06.2025 წელს. საჩივარი საბჭოში წარდგენილია ელექტრონულად (№25881/2/2025) 21.09.2025 წელს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელთან, რომელიც აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება ჩაბარდა/გახსნა როდესაც აღნიშნული უკვე იყო შემოსავლების სამსახურის მიერ გასაჯაროებული, ხოლო ჩაბარებულ/გასაჯაროებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რიგი პრობლემები, პერიოდულად უწევს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვიზიტი სამკურნალოდ. შესაბამისად დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების ჩაბარება და შემდგომ შესაგებელი მის მიერ ვერ იქნა დროულად წარდგენილი, სადაც მოხდებოდა მის მიერ დასაბუთებული არგუმენტაციით საგადასახადო აქტით დარიცხული თანხების კორექტირება/შემცირება.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 31.03.2025 წლის №6094 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 2 დეკემბრის №25304 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
301(ე).