ბრძანება N 8418

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.04.2023
№ დოკუმენტი 8418
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8418

18.04.2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 28 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 29 მარტის სხდომაზე (ოქმი №32) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 28 თებერვლის №36374/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №085-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელა მხოლოდ „-------“ საკითხზე და მხოლოდ ამ ნაწილში მოახდინა საგადასახადო ვალდებულების კორექტირება, ხოლო შპს „-------“ დაკავშირებით არ უმსჯელია.

ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების და სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას სრულად გაითვალისწინოს შპს „-------“-ს და შპს „-------“ შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა და მოახდინოს აღნიშნული საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 16 თებერვლის №2827 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 17 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირებას დაექვემდებარა სულ 4 205 ლარი, მათ შორის, გადასახადი 2 804 ლარი და ჯარიმა 1 401 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 22 თებერვლის №085-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად სრულად იქნა გათვალისწინებული შპს „-------"-ს და შპს „-------" შორის გაფორმებულ შედარების აქტში მითითებული თანხა, შესაბამისად, 2023 წლის 17 თებერვალს შედგენილი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის მიხედვით 13 900 ლარით დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დირექტორზე სესხად გაცემული თანხა. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან მომჩივნის მიერ, შემოწმების და დავის წარმოების ეტაპზე, წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი/მტკიცებულება შემოსავლების სამსახურის დავის განხილვის საბჭოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც თავდაპირველი საჩივრით არ ყოფილა სადავო გარემოება და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს აუდიტის დეპარტამენტის კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას და ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებისა და სანქციის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს-ს საჩივარი, კერძოდ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას კონკრეტულ შპს-ებს შორის გაფორმებული შედარების აქტის სრულად გაითვალისწინება და აღნიშნული საფუძვლით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულად იქნა გათვალისწინებული კონკრეტულ შპს-ებს შორის გაფორმებულ შედარების აქტი, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნის მიხედვით, დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დირექტორზე სესხად გაცემული თანხა. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადები და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302(6); 304 (21)