გადაწყვეტილება №22961/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22961/2/2024
27 ივნისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 30.05.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 25.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22961/2/2024).
დავის საგანი:
სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №005-145 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №------- ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 986 015,13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 709 455
დღგ - 290 668
საშემოსავლო გადასახადი - 418 787
ჯარიმა - 936 074
საურავი - 340 486,13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის საგანია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 7.02.2019 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 15.10.2019 წელს.
აუდიტის დეპარტამენტის 25.09.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 11.08.2023 წლამდე პერიოდი, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №005-145 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №------- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად:
9. საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
10. საგადასახადო/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
11. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 1.05.2024 წლის ------- წერილის მიხედვით, ვინაიდან გადამხდელის ავტორიზებულ მომხმარებლის გვერდზე ბრძანების განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №------- ბრძანება გავრცელდა საჯაროდ 23.01.2024 წელს შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) და ჩაბარებულად ითვლება 12.02.2024 წელს, მისი გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის მე-20 დღე (3.03.2024) ემთხვევა არასამუშაო დღეს. შესაბამისად, საჩივრის წარდგენის ვადის ბოლო დღე იყო 4.03.2024 წელს. საჩივარი წარდგენილია ელექტრონულად (№22961/2/2024) 25.04.2024 წელს, შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №------- ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №------- ბრძანებას მომჩივანი გაეცნო 1.04.2024 წელს. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საჩივარი საბჭოში წარმოდგენილია 25.04.2024 წელს, მომჩივანს, სადავო აქტის ელექტრონულად გაცნობის დღიდანაც, დარღვეული აქვს გასაჩივრების ვადა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 22.12.2023 წლის №------- ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
დავის საგანს წარმოადგენს სალაროს უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივნის საქმიანობის საგანია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა.
აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 11.08.2023 წლამდე პერიოდი, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ე);