გადაწყვეტილება №18607/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18607/2/2023
24.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 24.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 9.01.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18607/2/2023).
დავის საგანი:
სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №021-250 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15176 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 179 471,61 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 76 207
დღგ - 22 708
მოგების გადასახადი - 29 202
საშემოსავლო გადასახადი - 22 798
ქონების გადასახადი - 1 499
ჯარიმა - 75 802
საურავი - 27 462,61
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.05.2021 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 31.12.2021 წლის №021-250 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15176 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
ამავე კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 17.01.2023 წლის №--------21-04 წერილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15176 ბრძანება გაგზავნილია გადასახადის გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 15.06.2022 წელს, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო იმავე დღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15176 ბრძანების გასაჩივრების ვადის ბოლო დღე იყო 5.07.2022 წელი. ხოლო, საჩივარი (№18607/2/2023) დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 9.01.2023 წელს, მისი გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია/მტკიცებულება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 15.06.2022 წლის №15176 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.