ბრძანება N 10004
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10004
05.05.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------;
იურ. მის.: ----------)
2023 წლის 21 მარტის და 2 მაისის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 მაისის სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) №48527/21 და №74958/21 საჩივრები, რომლებიც ეხება 2023 წლის 20 თებერვლის №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის (თვალის წვეთის) და 2023 წლის 20 თებერვლის №12264271 შეტყობინებაში ასახული მონაცემის სისწორეს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრების ავტორის განმარტებით, №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული თვალის წვეთის (SUPERVISION 10 ml) სეს ესნ კოდი შეიცვალა საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რის საფუძვლზეც მოხდა იმპორტის გადასახდელით (იმპორტის გადასახადი და დღგ) დაბეგვრა, რასაც არ ეთანხმება და გაურკვევლად მიაჩნია, თუ რა გარემოების გამო იქნა განსაზღვრული საბაჟო დეპარტამენტის მიერ სეს ესნ კოდი. მისვე მითითებით, თვალის წვეთი არის პოლონური წარმოშობის და მისი სეს ესნ კოდია 3004 90 00, რომელიც ასევე ასახულია ინვოისსა და ექსპორტის დეკლარაციაში.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს გაუქმდეს 2023 წლის 20 თებერვლის №---------- შეტყობინება, №---------- საქონლის საბაჟო დეკლარაციაში თვალის წვეთის (SUPERVISION 10 ml) სეს ესნ კოდად მიეთითოს 3004 90 19 00 და მოეხსნას თვალის წვეთზე დარიცხული დღგ.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 20 თებერვალს, შპს „----------“ (ს/ნ ----------) შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან წარდგენილი განცხადებით (ID: ----------) მიმართა ელექტრონულ გაფორმების ეკონომიკურ ზონა „eGez“–ს და ითხოვა მისი კუთვნილი, №---------- (10.02.2023) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით გათვალისწინებული საქონლის (თვალის წვეთები 3 300 ერთეული, საბაჟო ღირებულებით 22 962.94 ლარი, სასაქონლო კოდით 3004 90; საკვები დანამატი 9 000 ერთეული, საბაჟო ღირებულებით 45 693.75 ლარი, სასაქონლო კოდით 2106 90) თავისუფალი მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირება.
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის №---------- წერილით ირკვევა, რომ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისი) მე-3 და მე-4 პოზიციებად მითითებული თვალის წვეთები დასახელებით „supervision 10 ml krople do okcu“ წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საგანს და „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება რეგისტრაციას სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში.
სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებებისა და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად, №---------- (10.02.2023) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით გათვალისწინებულის მსგავსი ტიპის საქონელი კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ საქონლის საბაჟო დეკლარაციის (----------, 20.02.2023) შევსებისას, ინვოისის მე-3 და მე-4 პოზიციებში მითითებული საქონელი – თვალის წვეთები 3 300 ერთეული კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, რის შედეგადაც, აღნიშნულ საქონელზე დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხამ შეადგინა 1 148 ლარი, ხოლო დღგ-ის თანხამ – 4 339.97 ლარი.
საქონლის გაშვების შემდეგ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR.1 №----------) საფუძველზე, მითითებულ საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე მოხსნილ იქნა იმპორტის გადასახადის დარიცხვა და მის პროპორციულად შემცირებულ იქნა დღგ-ის თანხა, რის შედეგადაც №---------- (20.02.2023) საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული თვალის წვეთებზე დარიცხულმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 4 133.33 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის „ბ“ პუნქტით, დღგ-ისგან გათავისუფლებულია სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის იმპორტი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 34-ე მუხლი ადგენს, რომ ვაჭრობაში დამცავი ღონისძიება გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემოღებულ ღონისძიებს.
ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მე-2 ნაწილში მითითებულია, რომ სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი. მე-4 ნაწილი კი ადგენს, რომ საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 18 ნოემბრის №275 ბრძანებით დამტკიცებული „საგარეოეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ)“ მე-3 მუხლით დადგენილია საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესები. აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იურიდიული მიზნებისთვის, საქონლის კლასიფიკაცია განისაზღვრება სასაქონლო პოზიციების ტექსტების მიხედვით და შესაბამისი კარისა და ჯგუფის შენიშვნებით.
სეს ესნ-ის 30-ე ჯგუფის შენიშვნის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია, რომ მოცემულ ჯგუფში არ ჩაირთვება 3303–3307 სასაქონლო პოზიციების პრეპარატები, მათ შორის, თერაპევტული ან პროფილაქტიკური თვისებების მქონე.
სეს ესნ-ის 3004 სასაქონლო პოზიციაში კლასიფიცირდება - სამკურნალო საშუალებები (3002, 3005 ან 3006 სასაქონლო პოზიციის სამკურნალო საშუალებების გარდა), შედგენილი შერეული ან შეურეველი პროდუქტებისაგან თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებით გამოსაყენებლად, დაფასოებული დოზირებული სამკურნალო ფორმების სახით (ტრანსდერმალური სისტემების ფორმით სამკურნალო საშუალებების ჩათვლით) ან საფუთავებში საცალო გაყიდვისათვის. ამასთანავე, სეს ესნ-ის 33-ე ჯგუფის შენიშვნის მე-3 და მე-4 პუნქტებით:
3303–3307 სასაქონლო პოზიციებში ჩაირთვება - inter alia, შერეული ან შეურეველი პროდუქტები (წყლის დისტილატებისა და ეთერზეთების წყალხსნარების გარდა), ამ სასაქონლო პოზიციების საქონლის სახით გამოსაყენებლად ვარგისი და ასეთი მიზნებისათვის ჩვეულებრივი სახით დაფასოებული საცალო ვაჭრობისათვის;
ტერმინი „პარფიუმერული, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები“ (3307 სასაქონლო პოზიცია) ნიშნავს, inter alia, შემდეგ პროდუქტებს: პაკეტები სურნელოვანი ნივთიერებებით; წვის დროს სუნის გამავრცელებელი ნელსურნელებანი; არომატიზებული ხელსახოცები და ქაღალდი, გაჟღენთილი ან დაფარული კოსმეტიკური შედგენილობით; ხსნარები კონტაქტური ლინზებისა ან თვალის პროტეზების შესანახად; ბამბა, ქეჩა ან ფეტრი და უქსოვადი ქსოვილები, გაჟღენთილი, დაფარული ან დანამული პარფიუმერული ან კოსმეტიკური საშუალებებით; ტუალეტის საშუალებები ცხოველებისთვის.
სეს ესნ-ის 3307 სასაქონლო პოზიციაში შედის - საშუალებები, პარსვამდე, პარსვის დროსა ან პარსვის შემდეგ გამოსაყენებელი, ინდივიდუალური დანიშნულების დეზოდორანტები, შედგენილობები აბაზანის მისაღებად, თმების მოსაცილებელი და სხვა საპარფიუმერიო, კოსმეტიკური ან ტუალეტის საშუალებები, სხვა ადგილას დაუსახელებელი ან ჩაურთველი; დეზოდორანტები სათავსოებისათვის, არომატიზებული ან არაარომატიზებული, მადეზინფიცირებელი თვისების მქონე ან არმქონე: ...
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 2023 წლის 8 თებერვლის №REG 7 23 00143695 წერილიდან ირკვევა, რომ საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისი) მე-3 და მე-4 პოზიციებად მითითებული თვალის წვეთები დასახელებით „supervision 10 ml krople do okcu“ წარმოადგენს სამედიცინო დანიშნულების საგანს.
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, „სამედიცინო დანიშნულების საქონელი“ არის „სამედიცინო პრაქტიკაში დაავადების პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ავადმყოფის მოვლის მიზნით გამოყენებული სამედიცინო საქონელი: ინსტრუმენტები, მოწყობილობები, დანადგარები, სამედიცინო ტექნიკა, შესახვევი მასალა, საპროთეზო – ორთოპედიული ნაწარმი და სხვა.
საგულისხმოა, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული წინასწარი გადაწყვეტილებებისა და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზების დასკვნების შესაბამისად, №---------- (10.02.2023) საქონლის ნასყიდობის დოკუმენტით გათვალისწინებულის მსგავსი ტიპის საქონელი კლასიფიცირებულია სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში.
დადგენილია, რომ საქონლის საბაჟო დეკლარაციის (----------, 20.02.2023) შევსებისას, ინვოისის მე-3 და მე-4 პოზიციებში მითითებული საქონელი – თვალის წვეთები 3 300 ერთეული კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, რის შედეგადაც, აღნიშნულ საქონელზე დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხამ შეადგინა 1 148 ლარი, ხოლო დღგ-ის თანხამ – 4 339.97 ლარი.
2023 წლის 20 თებერვლის №---------- შეტყობინებაში ასახულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ერთის მხრივ საგულისმოა ის გარემობა, რომ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის (EUR.1 №----------) საფუძველზე, მითითებულ საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე მოხსნილ იქნა იმპორტის გადასახადის დარიცხვა და მის პროპორციულად შემცირებულ იქნა დღგ-ის თანხა, რის შედეგადაც №----------3 (20.02.2023) საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული თვალის წვეთებზე დარიცხულმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 4 133.33 ლარი. მეორეს მხრივ კი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი (2023 წლის 20 თებერვლის №---------- შეტყობინება) წარმოადგენს საინფორმაციო ხასითის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრების ავტორის განმარტებით, საქონლის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული თვალის წვეთის (SUPERVISION 10 ml) სეს ესნ კოდი შეიცვალა საბაჟო დეპარტამენტის მიერ, რის საფუძვლზეც მოხდა იმპორტის გადასახდელით (იმპორტის გადასახადი და დღგ) დაბეგვრა, რასაც არ ეთანხმება და გაურკვევლად მიაჩნია, თუ რა გარემოების გამო იქნა განსაზღვრული საბაჟო დეპარტამენტის მიერ სეს ესნ კოდი.
ფაქტობრივი გარემოებები
საქონლის საბაჟო დეკლარაციის შევსებისას, ინვოისის მე-3 და მე-4 პოზიციებში მითითებული საქონელი – თვალის წვეთები 3 300 ერთეული კლასიფიცირებულ იქნა სეს ესნ-ის 3307 90 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, რის შედეგადაც, აღნიშნულ საქონელზე დარიცხული იმპორტის გადასახადის თანხამ შეადგინა 1 148 ლარი, ხოლო დღგ-ის თანხამ – 4 339.97 ლარი. დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზე, მითითებულ საბაჟო დეკლარაციაში განხორციელდა ცვლილება და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელზე მოხსნილ იქნა იმპორტის გადასახადის დარიცხვა და მის პროპორციულად შემცირებულ იქნა დღგ-ის თანხა, რის შედეგადაც საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული თვალის წვეთებზე დარიცხულმა დღგ-ის თანხამ შეადგინა 4 133.33 ლარი. მეორეს მხრივ კი, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს საინფორმაციო ხასითის მქონე წერილს, რომლითაც დეკლარანტს წერილობით ეცნობება კონკრეტული საბაჟო დეკლარაციით დარიცხული/გადასახდელი იმპორტის გადასახდელის და/ან მომსახურების საფასურის ოდენობა და მისი გადახდის ბოლო ვადა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
საგ. კოდექსი: 173(ბ)
საბაჟო კოდექსი: 34; 35