გადაწყვეტილება №24998/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24998/2/2025
05 მაისი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,1.05.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს"-------"-ს 31.03.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24998/2/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024(22.11.2024წ. 03/86779) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის №4225 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის №007-9 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 267 895.31 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 144 621
დღგ - 80 057
საშემოსავლო გადასახადი - 63 210
ქონების გადასახადი - 1 354
ჯარიმა - 71 795
საურავი - 51 479.31
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით, სასმელებით და საკვები პროდუქტებით, იჯარით აღებულ ფართში ქ. "--------"-ში, "--------"-ში
აუდიტის დეპარტამენტის 18.09.2023 წლის №22838 და 27.10.2023 წლის №26504 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდის, ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 19.09.2023 წლის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 4.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხზე ირკვევა შემდეგი:
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა (2020 წელს 5.8%; 2021 წელს 1%; 2022 წელს 36.9%, 2023 წელს 42.3%) და შემოწმებით დადგენილს, აუდირებულსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფასნამატებს შორის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან და შინაარსიდან (გამოწერილი ჰქონდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები მხოლოდ გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებებზე) გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების შედეგად იდენტიფიცირებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, კატეგორიების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
- გადასახადის გადამხდელის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის და საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული სხვა მასალების მიხედვით განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადასახადის გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები არ ჰქონია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.12.2023 წლის №31148 ბრძანება და 13.12.2023 წლის №007-364 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 14.01.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3049 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.06.2024 წლის №22441/2/2024 (1.07.2024წ. 03/50224) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 13.02.2024 წლის №3049 ბრძანება, საჩივარი, მათ შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივარი, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დაბრუნებული საჩივრები განიხილა შემოსავლების სამსახურმა, რომლის 24.07.2024 წლის №17330 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024 (22.11.2024წ. 03/86779) გადაწყვეტილებით საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 24.07.2024 წლის №17330 ბრძანება;
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშება, ცხრილის სახით;
-აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024 (22.11.2024წ. 03/86779) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა 1 688 ლარით, მათ შორის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი 1 125 ლარით და ჯარიმა 563 ლარით.
დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2025 წლის №4225 ბრძანება და 13.03.2025 წლის №007-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის 19.09.2023 წლის №22973 ბრძანების შესაბამისად, კომპანიაში 19.10.2023 წელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეადგინა შესაბამისი გაანგარიშება სმფ-ის ფაქტიური ნაშთების შესახებ, რომლის მიხედვითაც დადგინდა რომ მაღაზიაში გააჩნდა 36 822,77 ლარის სარეალიზაციო ფასების მიხედვით საქონელი (დღგ-ის ჩათვლით), ამავე ცხრილში მონიტორინგის დეპარტამენტმა მიუთითა ერთეული საქონლის შეძენის ღირებულება. აღნიშნული დოკუმენტით შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს სრული ინფორმაცია გააჩნდა და თავისუფლად შეეძლო განესაზღვრა საშუალო ფასნამატი, რაც რეალობას წარმოადგენს. აღნიშნულ დანართში დაამატა შიტი „ფასნამატის გაანგარიშება“ სადაც ინვენტარიზაციით დადგენილი რაოდენობა გამრავლებული იქნა ინვენტარიზაციით განსაზღვრულ ერთეულის ფასზე პირვანდელი ღირებულებით, შესაბამისად ინვენტარიზაციის მასალიდან გამომდინარე სარეალიზაციო საქონლის ჯამური ღირებულება გაყოფილია ინვენტარიზაციით გამოვლენილი საქონლის პირვანდელ ღირებულებათა ჯამზე რის შედეგადაც მიიღება საშუალო ფასნამატი 13%.
ინვენტარიზაციის მასალით დგინდება 19.10.2023 წლისათვის რა გასაყიდი ღირებულების საქონელი გააჩნდა მაღაზიაში და რამდენი იყო ამ საქონლის თვითღირებულება, შესაბამისად ამ ორი ციფრის გაყოფით მიღებული საშუალო ფასნამატი რეალური ციფრია და აღნიშნული ფასნამატი შემოწმების შედეგად უნდა ყოფილიყო გავრცელებული 2020-2023 წლების პერიოდზე რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე, რომელიც გამოითვლება შემდეგი ფორმულით, 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით დეკლარირებულ სმფ + შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე შეძენილი საქონლის ღირებულება და გამოკლებული შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის არსებული სმფ, რომელიც დაკორექტირებული უნდა იყოს ინვენტარიზაციით გამოვლენილი ნაშთით. ასეთ შემთხვევაში მიიღება რეალურთან დაახლოებული სურათი - არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დაახლოებით სწორად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელს დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია, წარდგენილია მხოლოდ მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ცხრილი, ეს ის ცხრილია, რომელზეც დაყრდნობით აუდიტის დეპარტამენტმა განსაზღვრა ფასნამატები საქონლის ჯგუფების მიხედვით და მიუყენა რეალიზებულად ჩათვლილ სასაქონლო-მატერიალურ მარაგებს.
გადაანგარიშების მიზნებისათვის აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ცხრილი მტკიცებულების სახით და რომლიდანაც ჯგუფების გარეშე საშუალო ფასნამატი გამოდის 13%.
აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკით საშუალო ფასნამატს არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებისას უვრცელებდნენ გადასახადის გადამხდელებს და ამ წესით არაერთი საგადასახადო შემოწმების აქტი აქვთ შედგენილი. შესაბამისად ითხოვს, შესამოწმებელ პერიოდზე სრულად იქნას გავრცელებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი გაანგარიშების (დანართი №16 - სმფ ფაქტიური ნაშთების შესახებ) საშუალო ფასნამატი (და არა ჯგუფების მიხედვით).
ვინაიდან ინვენტარიზაციის დროს დათვლილია მთლიანად მაღაზიაში არსებული საქონლის ნაშთი და განსაზღვრულია საშუალო ფასნამატიც, შესაბამისად ასეთი სახით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება რეალურთან მიახლოებულია. აღნიშნული წესით შემოსავლების დათვლის შემთხვევაში შემცირებას დაექვემდებარება დამატებით დარიცხული დღგ და საშემოსავლო გადასახადები.
ამდენად, ითხოვს გაუქმდეს/ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნა, ვინაიდან აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გამოცემული იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და გარემოებების გამოკვლევის და შეფასების გარეშე, შესაბამისად სახეზეა მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, დავას გააგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024 (22.11.2024წ. 03/86779) გადაწყვეტილებით:
- მომჩივანს მიეცა შესაძლებლობა, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მათ შორის, ფასნამატის გაანგარიშება ცხრილის სახით;
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი არგუმენტაციის/დოკუმენტაციის შესწავლა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024 (22.11.2024წ. 03/86779) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 12.03.2025 წლის დასკვნაში მითითებულია შემდეგი:
- შემოწმების შედეგად ფასნამატი დათვლილია ჯგუფების მიხედვით, მომჩივანი ვაჭრობს შერეული საქონლით და სიგარეტით. ინვენტარიზაციის შედეგად ფასნამატი გამოვლინდა შერეულ საქონელზე 44% და სიგარეტზე 12%. შემოწმების შედეგად საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გამოყენებულია იმავე ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (შერეულ პროდუქციაზე 20%, სიგარეტზე 8%), ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, რომელიც გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწერილი საქონლის თვითღირებულებების საფუძველზე. დავის ეტაპზე მომჩივანი მიუთითებს საშუალო ფასნამატის (13%) გამოთვლასა (როგორც თავად განმარტავს ითვლის ჯგუფების გარეშე, სრულ მათ შორის სიგარეტის ჩათვლით, პროდუქციაზე) და გავრცელებაზე. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელს დამატებითი მტკიცებულება არ წარუდგენია (წარდგენილია მხოლოდ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ცხრილი, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გაანგარიშება).
- დღგ-ის ბრუნვები, როგორც დასაბეგრი, ისე გათავისუფლებული გაანგარიშდა კომპანიის შეძენის ელექტრონული დოკუმენტების მიხედვით, ამასთან რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების გაანგარიშებაში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესულია ერთჯერადი პარკებიც. გადაანგარიშების ეტაპზე, გადასახადის გადამხდელს დამატებითი მტკიცებულებები არ წარუდგენია (წარდგენილია მხოლოდ შეძენის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, რომლის საფუძველზეც განხორციელდა გადაანგარიშება).
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის განმარტებით, ჩატარებული ინვენტარიზაციის მასალებით დგინდება 19.10.2023 წლისათვის რა გასაყიდი ღირებულების საქონელი გააჩნდა კომპანიას და რამდენი იყო ამ საქონლის თვითღირებულება, შესაბამისად ამ ორი ციფრის გაყოფით მიღებული საშუალო ფასნამატი რეალური ციფრია და აღნიშნული ფასნამატი შემოწმების შედეგად უნდა ყოფილიყო გავრცელებული 2020-2023 წლების პერიოდზე რეალიზებულ საქონლის თვითღირებულებაზე. გადაანგარიშების მიზნებისათვის აუდიტის დეპარტამენტს მტკიცებულების სახით წარედგინა საგადასახადო მონოტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი ცხრილი და რაზე დაყრდნობითაც, ჯგუფების გარეშე, საშუალო ფასნამატი გამოდის 13%. შესაბამისად ითხოვს, შესამოწმებელ პერიოდზე სრულად იქნას გავრცელებული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი გაანგარიშების (დანართი №16 - სმფ ფაქტიური ნაშთების შესახებ) საშუალო ფასნამატი (და არა ჯგუფების მიხედვით), ვინაიდან ინვენტარიზაციის დროს დათვლილია მაღაზიაში არსებული საქონლის ნაშთი მთლიანად და განსაზღვრულია საშუალო ფასნამატი.
აღსანიშნია, რომ აღნიშნული არგუმენტები ანალოგიურია იმ არგუმენტისა, რომლის გათვალისწინებითაც საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024 (22.11.2024წ. 03/86779) გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და რომლის აღსრულების შედეგებიც სადავოა განსახილველ შემთხვევაში.
მომჩივნის არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის 17.04.2025 წლის №"-------" წერილში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან და შინაარსიდან (გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშფაქტურები მხოლოდ გაწეულ მარკეტინგულ მომსახურებებზე) გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი (შერეულ საქონელზე 20%, სიგარეტზე 8%), ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები (შერეულ საქონელზე 44% და სიგარეტზე 12%), კატეგორიების შესაბამისად.
ზემოთ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024 (22.11.2024წ. 03/86779) გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს/ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო მოთხოვნა.საჩივრის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, დავას გააგრძელებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოში.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა თამბაქოს ნაწარმით.შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების და გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის დეკლარირებულ მონაცემებსა და შემოწმების შედეგად დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. გადამხდელი არ ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისად არ ხდებოდა ოპერაციის დაწყება-დასრულებაზე კონტროლი. გამოვლინდა არსებითი სხვაობა კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ დეკლარირებულ ფასნამატსა და შემოწმებით დადგენილს, აუდირებულსა და ინვენტარიზაციით გამოვლენილ ფასნამატებს შორის.
დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებულია არაპირდაპირი მეთოდი. გადამხდელის მიერ გამოწერილი პირველადი დოკუმენტების რაოდენობიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენება. საქონლის თვითღირებულებაზე 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა შემოწმების შედეგად იდენტიფიცირებული იმავე ტერიტორიაზე, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფასნამატი, ხოლო 2022 და 2023 წლების საანგარიშო პერიოდებში გავრცელდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 19.10.2023 წლის №22973 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული ინვენტარიზაციის ფასნამატები, კატეგორიების შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე,გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ასევე,განისაზღვრა ფულის ნაშთი, რომელიც გადამხდელს სალაროში უნდა ჰქონოდა. ამასთან, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში გაცემული დივიდენდები არ ჰქონია. შესაბამისად, შემოწმების შედეგად გამოვლენილი ფულის ნაშთი ჩაითვალა კომპანიის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 14.11.2024 წლის №23791/2/2024 გადაწყვეტილება აღსრულებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21).