ბრძანება N 8873
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 8873
25.04.2023
შპს „------------“ (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------)
2022 წლის 25 და 27 იანვრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 მარტის სხდომაზე (ოქმი №30) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №72705/2/2022 გადაწყვეტილებით განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ -----------) 2022 წლის 25 იანვრის №12568/21, №67159/1/2022 და 27 იანვრის №67392/1/2022 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 დეკემბრის №094-205 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება დაქირავებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვას;
2. არ ეთანხმება არადაქირავებული ფიზიკური პირების მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების უსასყიდლო მიწოდებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 ივლისის №23738 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 30 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 31 დეკემბრის №42688 ბრძანება და ამავე თარიღის №094-205 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 257 833 ლარი, მათ შორის, გადასახადი 158 820 ლარი, ჯარიმა 72 133 ლარი და საურავი 26 880 ლარი.
ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15638 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15638 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 20 ივნისის №15638 ბრძანება და საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი მე-2 და მე-3 სადავო საკითხების ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.“
საჩივარში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბუღალტრო მონაცემებით უფიქსირდება ფიზიკური პირების დავალიანება მოთხოვნების ანგარიშზე 168 479 ლარის ოდენობით. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე საწვავის ტალონების კონსიგნაციით მიწოდებით. აღნიშნულ ფიზიკურ პირებში ფიქსირდება საწარმოში დასაქმებული თანამშრომელი, რომელსაც კომპანიის მიმართ აქვს 23 900 ლარის დავალიანება, ხოლო დავალიანების დასაფარად საანგარიშო პერიოდში გადახდები არ უფიქსირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით დავალიანების თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე (თანამშრომელზე) გაცემულ უპროცენტო სესხად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის ბრძანება №34-ის მოთხოვნების შესაბამისად გაცემულ სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის განაკვეთის (20%) ოდენობით გაიზარდა საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
2. ამასთან, საწარმოს მიმართ არადაქირავებული პირების დავალიანება შეადგენს 111 625 ლარს, ხოლო დავალიანების დასაფარად საანგარიშო პერიოდში გადახდები არ ფიქსირდება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული დავალიანების თანხა ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად და უსასყიდლოდ მიწოდებული საწვავის საბაზრო ფასი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩანიშნული იყო გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, რის შესახებაც მომჩივანს ეცნობა სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით, თუმცა გადამხდელი სხდომაზე არ გამოცხადდა. ასევე, არ წარმოდგენილა განცხადება საჩივრის განხილვის გადადების მოთხოვნით.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, საწარმოს საბუღალტრო მონაცემებით უფიქსირდება საწვავის ტალონების კონსიგნაციით თანამშრომელზე მიწოდების შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანება 23 900 ლარის ოდენობით, ხოლო დავალიანების დასაფარად გადახდები არ ფიქსირდება. შესაბამისად, დაქირავებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნა საგადასახადო ორგანოს მიერ ჩაითვალა თანამშრომელზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული თანხა წარმოადგენს საწვავის ტალონების ღირებულებას, მიწოდება განხორციელებულია საბაზრო ღირებულებით (წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია განახორციელებდა სხვაობის ხელფასად დაბეგვრას), იდენტიფიცირებულია მყიდველი და არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა. ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, თანხის ამოღება შესაძლებელია იძულების წესით.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის ზეპირსიტყვიერი განმარტებით, კომპანიის თანამშრომელი, რომელსაც კომპანიის მიმართ ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 23 900 ლარის ოდენობით, ამავდროულად იყო საწარმოს დამფუძნებელი - ფ/პ --------- (პ/ნ --------). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ფ/პ ---------- (პ/ნ ---------) გარდაიცვალა 2021 წლის 18 მარტს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება არის მისი გარდაცვალების თარიღის მიხედვით არსებული საგადასახადო დავალიანება.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, „გარდაცვლილი პირის საგადასახადო ვალდებულების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებულ 2012 წლის 28 ივნისის №0907 სიტუაციურ სახელმძღვანელოზე, რომლის თანახმად, გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანება შესაძლებელია დაკვალიფიცირდეს მხოლოდ გარდაცვალების დღისათვის დეკლარირებული, დარიცხული ან/და აღიარებული ვალდებულებებით. შესაბამისად, გარდაცვალების შემდეგ არ შეიძლება პირს დაეკისროს საგადასახადო ვალდებულება.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ვინაიდან დაქირავებული პირი, რომელსაც კომპანიის მიმართ ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება 23 900 ლარის ოდენობით, გარდაიცვალა, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაქირავებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, არადაქირავებული პირების დავალიანება შეადგენს 111 625 ლარს. დავალიანების დასაფარად საანგარიშო პერიოდში გადახდები არ ფიქსირდება. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და 983 მუხლის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ აღნიშნული დავალიანების თანხა ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად და უსასყიდლოდ მიწოდებული საწვავის საბაზრო ფასი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
მომჩივანი განმარტავს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს საწვავის ტალონების ღირებულებას. შესაბამისად, მისი კლასიფიცირება როგორც „საქონლის მიწოდება, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება“ არასწორია. ამასთან, მიწოდება მომხდარია საბაზრო ღირებულებით და არ არის გასული ხანდაზმულობის ვადები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან არც საგადასახადო შემოწმების და არც საგადასახადო დავის ეტაპზე არ იქნა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივანი არ გამოცხადდა და შესაბამისად არგუმენტები არ წარმოუდგენია.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაქირავებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩა №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშნებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება დაქირავებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვას;
2. არ ეთანხმება არადაქირავებული ფიზიკური პირების მიმართ წარმოშობილი მოთხოვნების უსასყიდლო მიწოდებად განხილვას.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საბუღალტრო მონაცემებით უფიქსირდება ფიზიკური პირების დავალიანება. შემოწმებით დადგინდა, რომ აღნიშნული დავალიანება წარმოშობილია გადამხდელის მიერ ფიზიკურ პირებზე საწვავის ტალონების კონსიგნაციით მიწოდებით. აღნიშნულ ფიზიკურ პირებში ფიქსირდება საწარმოში დასაქმებული თანამშრომელი, რომელსაც კომპანიის მიმართ აქვს დავალიანება, ხოლო დავალიანების დასაფარად საანგარიშო პერიოდში გადახდები არ უფიქსირდება. დავალიანების თანხა შემოწმების მიერ ჩაითვალა პასუხისმგებელ პირზე (თანამშრომელზე) გაცემულ უპროცენტო სესხად და გაიზარდა საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
2. ამასთან, საწარმოს მიმართ არადაქირავებულ პირებს აქვთ დავალიანება, ხოლო დავალიანების დასაფარად საანგარიშო პერიოდში გადახდები არ ფიქსირდება. შემოწმების მიერ აღნიშნული დავალიანების თანხა ჩაითვალა უსასყიდლოდ მიწოდებად და უსასყიდლოდ მიწოდებული საწვავის საბაზრო ფასი დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ ვინაიდან დაქირავებული პირი, რომელსაც კომპანიის მიმართ ერიცხებოდა დებიტორული დავალიანება გარდაიცვალა, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დაქირავებული პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9), 101, 154(1), 57(2), 96"ა", 97(1), 982(3), 983(1).