გადაწყვეტილება №27604/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№27604/2/2026
01 ივლისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:--- (ს/ნ ----)
მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება --- ის 17.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27604/2/2026).
დავის საგანი:
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება./დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.04.2026 წლის №CB1900024 სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.06.2026 წლის №12094 ბრძანება.
დაკისრებული სანქცია:
ჯარიმა - 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 20.04.2026 წლის №CB1900024 სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს, 15 მ³ ოდენობის დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი, ძელაკი) ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.06.2026 წლის №12094 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შესაბამისი სამართლებრივი ნორმებიდან, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
მომჩივნის არგუმენტაცია
2026 წლის 6 აპრილს დილის 11 საათიდან დაიწყო სახერხ-საამქროდან 1-004-0001943 დახერხილი ხის მასალის გატანა ეტაპობრივად ცნობა N-0001943-2026-407-0002 გატანილია 7.47 მ3 ბაზაში აისახა 11 საათსა და 28 წუთზე, თან იტვირთებოდა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ----. ბოლო ცნობა 12 საათსა 25 წუთზე, როგორც კი ძელაკის ცნობა N-0001943-2026-409-0001 აისახა ელექტრონულ ჟურნალში გამზადდა სასაქონლო შეტყობინება შიდა გადაზიდვაზე (შეტყობინების №472366), 6.04.2026 წელს 13:26:56 საათზე ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ----- ქვემო ----. სასაქონლო შეტყობინების გადაგზავნის შემდეგ გადავიდა ზედნადების გამოწერაზე, სადაც შეიყვანა ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი --- და მძღოლი ---- და პირადი ნომერი --- ზედნადების გააქტიურების დროს რამდენიმეჯერ სისტემური შეცდომა დაუწერა პროგრამამ და ბოლოს თითქოს აიტვირთა. რამდენიმე წუთში დაძრა ავტომანქანა, გააჩერა კრიმინალურმა პოლიციამ, რომელმაც განუცხადა რომ ზედნადები გვიან იყო ატვირთული. გამოიძახეს გარემოს დაცვის დეპარტამენტი და გადაამოწმეს ხე-ტყის წარმოშობა და რაოდენობა. გარემოს დაცვას არ ქონია შენიშვნა ხე-ტყის წარმოშობაზე და ცნობებიც წესრიგში იყო მაგრამ მანქანა მაინც ჩამოართვეს. შეადგინეს ოქმი და დააჯარიმეს. ამ რაოდენობის მასალის ტრანსპორტირებას ზედნადების გარეშე ვერ გაბედავდა. ასე დეტალურად არ დაწერდა მის არგუმენტებს (ითხოვს ინახოს ცნობების საათების თანმიმდევრობა, რადგან თითქმის თანმიმდევრობით აქვს აღწერილი ყველა პროცედურა რაც უზედნადებო ტრანსპორტირებას გამორიცხავს) მოხდა სისტემური შეცდომა, გამოუცდელობის და გადამოწმების გამო დაძრა ავტომანქანა და აღმოჩნდა რომ ზედნადები დაგვიანებით აიტვირთა. ითხოვს არგუმენტების გათვალისწინებას იმის თაობაზე, რომ მოხდა შეცდომა მექანიკურად და გაუაზრებლად ერთი წერტილიც კი რომ დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს ნამდვილად არ ითხოვდა პატიებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდ გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 72-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;
ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;
გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.
ამავე მუხლის 32 ნაწილის თანახმად ამ მუხლის 11 ან 12 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება 10 000 ლარს აღემატება, იწვევს პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას. დადგენილია, რომ მომჩივანს სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
მომჩივანი განმარტავს, რომ მოხდა სისტემური შეცდომა, გამოუცდელობის გამო დაძრა ავტომანქანა და აღმოჩნდა, რომ ზედნადები დაგვიანებით აიტვირთა, ითხოვს აღნიშნული ფაქტის გათვალისწინებას და გასაჩივრებული აქტების გაუქმებას.
სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 25.06.2026 წლის №57821-21-12 წერილით წარმოდგენილია მოპასუხის პოზიცია, სადაც მითითებულია შემდეგი: 6.04.2026 წელს შსს ---ს პოლიციის დეპარტამენტის ---ს რაიონული სამმართველოს---ს პოლიციის განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს ქ. ---ში აღმაშენებლის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით შეჩერებული იქნა ა/მანქანა „DAF“ (სახ. ნომრით ---) რომელსაც მართავდა მართავდა ფ.პ.--- (პ/ნ ---) ავტომობილზე განთავსებული იყო 15 მ³ ოდენობის დახერხილი ხე-მასალა (ფიცარი, ძელაკი).
გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის გადამოწმებით დადგინდა, რომ ავტომანქანაზე და მასზედ განთავსებულ ტვირთზე გადამოწმების მომენტში (6.04.2026 წელი 14:02 სთ) არ იყო გაწერილი ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადების გამოწერა მოხდა გადამოწმების შემდეგ (6.04.2026 წელი 14:10 სთ). ი.მ. „---ს“ ახსნა-განმარტებით დახერხილი ხე-მასალა იყო მისი საკუთრება და ის განკუთვნილი იყო ეკონომიკური საქმიანობისთვის.
16.04.2026 წლის №62827/04/26 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი, ძელაკი) მოცულობამ შეადგინა 14,9 მ³, ხოლო ღირებულებამ - 14 155 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით ი.მ. ---ის მიმართ 20.04.2026 წელს შედგა №CB1900024 სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და მომჩივანიც არ უარყოფს რომ ავტომობილის გადამოწმების პროცედურა დაიწყო 6.04.2026 წელს 14:02 საათზე, ხოლო ზედნადები გააქტიურდა ამავე თარიღში 14:10 საათზე. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ირკვევა რომ ადგილი ჰქონდა სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება.
ამასთან მომჩივანი სადაოდ არ ხდის საქონლის ღირებულებას. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ფაქტს, შესაბამისად არ არსებობს 20.04.2026 წლის №CB1900024 სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება./დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის გადასახადების ინფრომაციით, გადამხდელის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის გადამოწმებით დადგინდა, რომ ავტომანქანაზე და მასზედ განთავსებულ ტვირთზე გადამოწმების მომენტში არ იყო გაწერილი ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადები, ხე-ტყის ელ. სასაქონლო ზედნადების გამოწერა მოხდა გადამოწმების შემდეგ. მეწარმის ახსნა-განმარტებით დახერხილი ხე-მასალა იყო მისი საკუთრება და ის განკუთვნილი იყო ეკონომიკური საქმიანობისთვის.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დახერხილი ხე-მასალის (ფიცარი, ძელაკი) მოცულობამ შეადგინა 14,9 მ³, ხოლო ღირებულებამ - 14 155 ლარი, დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულის გათვალისწინებით მეწარმის მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - ჯარიმა 10 000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლება დაკისრებული სანქციებისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (11; 12; 32).