საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის შესახებ
📄 სრული ტექსტი
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება № 740
2014 წლის 29 დეკემბერი
ქ.თბილისი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების
სასაზღვრო კონტროლის შესახებ
მუხლი 1
„ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2015 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სასაზღვრო კონტროლის წესი“ (შემდგომში – წესი) ვრცელდება საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ნებისმიერ ცოცხალ ორგანიზმზე (ადამიანის გარდა), რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს გენმოდიფიცირებულს.
2. ამ წესით გათვალისწინებული კონტროლი არ ვრცელდება:
ა) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების პირად ნივთებზე, დიპლომატიურ ფოსტასა და საკონსულო ვალიზაზე. თუ არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პირთა პირადი ნივთებით გადაიტანება საქონელი, რომელიც შესაძლებელია წარმოადგენდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს, მაშინ კონტროლი ხორციელდება მხოლოდ ამავე პირთა ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით, საკონსულო ვალიზას შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. საკონსულო ვალიზას გახსნაზე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისა და დიპლომატიური სტატუსის მქონე პირების ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ უარის თქმის შემთხვევაში – იგი უბრუნდება გამომგზავნს;
ბ) საფოსტო გზავნილით, მგზავრის ბარგით ან/და ხელბარგით შემოსატან ან გასატან საქონელზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ინფორმაცია, რომ გადაადგილებული საქონელი შესაძლებელია წარმოადგენდეს ცოცხალ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
4. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (შემდგომში – გენმოდიფიცირებული ორგანიზმი) ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლი
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლი ხორციელდება სახელმწიფო ფიტოსანიტარიულ სასაზღვრო-საკარანტინო ან/და სახელმწიფო ვეტერინარულ სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურებთან ერთად, შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას:
ა) ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით შემოტანის შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია და გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) თანხმობა (რომელიც ადასტურებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამის ლიცენზიაში აღნიშნული მიზნებისათვის იმპორტის უფლებას);
ბ) ტრანზიტის მიზნით გადაადგილების შემთხვევაში (რაც არ საჭიროებს ლიცენზიას), პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს სააგენტოს გადაწყვეტილება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანზიტის განმახორციელებელი პირის განცხადების (შეტყობინების) დაკმაყოფილების შესახებ;
გ) ექსპორტის მიზნით გადაადგილება არ საჭიროებს ლიცენზიას და პასუხისმგებელი პირი (საქონლის მფლობელი ან მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, საბაჟო გამშვებ პუნქტს, საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად, წარუდგინოს სააგენტოს გადაწყვეტილება ექსპორტიორის წინასწარი შეტყობინების (განცხადების) დაკმაყოფილების შესახებ.
3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმი დაექვემდებარება უკან გაბრუნებას ან განადგურებას საქონლის მფლობელის ხარჯით, თუ:
ა) არ სრულდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები; ან
ბ) იგი განკუთვნილია იმპორტისათვის (გარდა ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისათვის განკუთვნილისა) ან რეექსპორტისათვის.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №327 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.
მუხლი 3. სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობა
1. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის სრულყოფილად განხორციელების მიზნით, სააგენტო შემოსავლების სამსახურს, პერიოდულად და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აწვდის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციას (გაცემული ლიცენზია, შეტყობინებაზე თანხმობის მიცემა და სხვა).
2. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის განხორციელებისას გამოვლენილი, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე ინფორმაციას შემოსავლების სამსახური დაუყოვნებლივ უგზავნის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.
3. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით, იმპორტის განხორციელებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წარუდგინოს ინფორმაცია იმპორტირებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რაოდენობისა და მწარმოებლის შესახებ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 06.09.2019წ .
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 6 აგვისტოს დადგენილება №327 - ვებგვერდი, 07.08.2025წ.
მუხლი 4. ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იდენტიფიცირება
1. ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლს დაქვემდებარებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმის იდენტიფიცირების მიზნით შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ინფორმაცია, რომელიც მიიღება:
ა) ეტიკეტზე ან საქონლის შეფუთვაზე განთავსებული მონაცემებით;
ბ) გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსპორტირებისას თანდართულ დოკუმენტაციაში არსებული მონაცემებით;
გ) საქონლის ლაბორატორიული ანალიზით, რომელიც ხორციელდება შემოსავლების სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ (გარდა ამ მუხლის 32 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში.
2. საქონლის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღების სიხშირე განისაზღვრება რისკის შეფასების საფუძველზე და მტკიცდება შემოსავლების სამსახურის ბრძანებით.
3. გენმოდიფიცირებული ორგანიზმისადმი მოპყრობა და ნიმუშების აღება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
31. ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ.
32. საქონლის მფლობელს უფლება აქვს, მოითხოვოს აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის დაჩქარებული წესით ჩატარება თავისი ხარჯით იმ ლაბორატორიაში, რომელსაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია დაჩქარებული მეთოდით გამოკვლევაზე.
33. საქონლის ლაბორატორიული ანალიზისათვის ნიმუშის აღება, ხოლო საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ხორბლის შემთხვევაში – აღებული ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზიც ხორციელდება საქონლის მფლობელის ხარჯით.
4. ლაბორატორიული ანალიზის პასუხის მიღებამდე საქონელი ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში შეჩერებას, ხოლო როდესაც არ არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქციის რისკი და საქონელი აკმაყოფილებს ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტროლის სხვა მოთხოვნებს, შესაძლებელია საქონლის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ გადატანა გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – შენახვის სხვა ადგილზე.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის დადგენილება №364 – ვებგვერდი, 27.07.2015წ.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის დადგენილება №430 – ვებგვერდი, 06.09.2019წ.
მუხლი 5. გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი და რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის აღება
1. საქონლის მფლობელის მოთხოვნით, ხორციელდება გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ლაბორატორიული ანალიზისათვის განმეორებითი ნიმუშის აღება. ასეთ შემთხვევაში, აღებული ნიმუშის, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის, ლაბორატორიული ანალიზი ტარდება საქონლის მფლობელის ხარჯით.
2. ნიმუშის აღება ხორციელდება შესაბამისი აქტის გაფორმებით – ნიმუშის ნომრის, დასახელების, წონის, რაოდენობისა და ნიმუშის აღების თარიღის მითითებით.
3. განმეორებითი ნიმუში აიღება:
ა) ორ ეგზემპლარად, ილუქება და ერთი ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ლაბორატორიული ანალიზისათვის, ხოლო მეორე − რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით სათანადო პირობებში ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში. ამასთან, საქონლის მფლობელის მოთხოვნით, შესაძლებელია, ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ერთდროულად გადაცემა ლაბორატორიული ანალიზისათვის;
ბ) ერთ ეგზემპლარად, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის სახით, იმ შემთხვევაში, თუ იგი საქონლის მფლობელის მიერ ლაბორატორიული ანალიზისათვის გაიგზავნება ევროკავშირის ქვეყნებში ევროკომისიის მიერ აღიარებულ, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე რეფერენტულ ლაბორატორიაში.
4. განმეორებითი, მათ შორის, რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ანალიზის ჩასატარებლად მხარეთა შეთანხმებით შეირჩევა:
ა) სხვა აკრედიტებული ლაბორატორია;
ბ) სხვა ქვეყნის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ განმეორებით ნიმუშზე ჩატარებული ლაბორატორიული ანალიზის შედეგი განსხვავდება პირველადი ლაბორატორიული ანალიზის შედეგისაგან, ხორციელდება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთდროულად განხორციელდა ნიმუშის ორივე ეგზემპლარის ლაბორატორიული ანალიზი.
6. რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის შედეგად გამოცემული დასკვნა საბოლოოა.
7. თუ არ იქმნება რეფერენტული (შედარებითი) ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების საჭიროება, ნიმუში უბრუნდება საქონლის მფლობელს.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 მარტის დადგენილება №148 – ვებგვერდი, 29.03.2018წ.
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე