გადაწყვეტილება №20944/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 29.12.2023
№ დოკუმენტი 20944/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№20944/2/2023

29 დეკემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 29.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20944/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №094-52 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22360 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 985 319 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 445 097

დღგ - (-42 138)

მოგების გადასახადი - 487 235

ჯარიმა - 243 618 საურავი - 296 604

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

2019 წელს კომპანიის მიერ შეძენილია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები (საერთო ფართით - 19 618 კვ.მ) დამფუძნებელი ფიზიკური პირის ---გან (პ/ნ ---). შეძენილი მიწის ნაკვეთების ღირებულება შეადგენს 4 580 000 ლარს. მიწის ნაკვეთები მდებარეობს ქ. ----ში. აღნიშნული მიწის ღირებულების სანაცვლოდ კომპანიამ დამფუძნებელს ჩამოაწერა 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არსებული სასესხო/საპროცენტო დავალიანება, ხოლო დარჩენილი ნაწილი აუნაზღაურა ნაღდი ფულის სახით.

საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ეთხოვა შეძენილი მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულების დადგენა 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით. 2022 წლის 22 დეკემბერს შედგა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს №56629/12/22 დასკვნა, რომლის თანახმად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება 2019 წლის 27 აგვისტოსთვის განისაზღვრა - 1 819 000 ლარის ღირებულებით, ნაცვლად 4 580 000 ლარისა.

საგადასახადო კოდექსის 97-ე და 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, დაკორექტირდა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33580 ბრძანება და №094-121 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №18687 ბრძანება და №094-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით, ყურადღება გაამახვილა ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნა, რომ გადამხდელს საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის განმარტებით:

1. კვადრატული მეტრის მიხედვით საკუთრების გადაცემის მომენტისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით გამოდის 31 აშშ დოლარი, რაც ყოვლად შეუძლებელია, რადგან ---ში არათუ პრესტიჟულ ადგილზე, სადაც ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს, არამედ ნებისმიერ ადგილზე 2019 წლის მდგომარეობით შეუძლებელი იყო გეყიდა მიწის ნაკვეთი. აქვე სურს განმარტოს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღებისას, კომპანიის მიერ განხორციელდა მიმდებარე მიწის ნაკვეთების გასაყიდი ფასების მოკვლევა, ამასთანავე, გათვალისწინებულ იქნა გარიგებაზე მოლაპარაკებისას შესაძლო 20%-იანი ფასდათმობა და შესაბამისად კვადრატულ მეტრზე ფასი განისაზღვრა 79 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში იმ მომენტისთვის არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

ეს ოპერაცია დამონიტორინგებულია 2019 წლის ფინანსური ანგარიშგებების აუდიტის დროს, რადგან საქმე ეხება ურთიერთდაკავშირებულ პირებს, რომელზეც დამოუკიდებელ აუდიტორს არ გამოუთქვამს შენიშვნა. საგადასახადო შემოწმებისას შემმოწმებელმა არ გაითვალისწინა კომპანიის მიერ წარმოდგენილი სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ ნასყიდობის პერიოდში განხორციელებული შეფასება (შპს „----“-ს, საიდენტიფიკაციო ნომერი ----). საჩივარს თან ერთვის შეფასების აქტი დანართის სახით. შპს ---მა შეასრულა კანონით დადგენილი მოთხოვნები სრულად, მან განახორციელა ფასთა მოკვლევა, რომ დაცული ყოფილიყო საბაზრო პირობები ურთიერთდამოკიდებულ პირთან, ასევე საგადასახადო კანონმდებლობით არ არის მოთხოვნილი, თუმცა დამატებით მოახდინა სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ ოპერაციის ღირებულების შეფასება და მის მიერ დაშვებულ დიაპაზონში განახორციელა ნასყიდობა, შესაბამისად ამ ოპერაციაზე დამატებით გადასახადის დარიცხვა მიუღებელია კანონმდებლობიდან გამომდინარე.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარედგინა ურთიერთდამოკიდებული პირისაგან შეძენილი ქონების საბაზრო ფასის შეფასების 2 ალტერნატიული დასკვნა, შეთავაზებული იყო დასკვნების შემდგენ შემფასებლებთან აუდიტის დეპარტამენტის შემფასებლის შეხვედრის ორგანიზება, რათა პროფესიულად გადაწყვეტილიყო სადავო საკითხი.

საშემფასებლო კომპანია შპს ---ის დასკვნის შესაბამისად ქონების ფასი განისაზღვრა 3 886 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამოუკიდებელი შემფასებლის ---ის დასკვნის შესაბამისად ქონების ფასი განისაზღვრა 4 151 000 ლარის ოდენობით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით წარმოდგენილ კომპეტენტური პირების მიერ დამოუკიდებელი შემფასებლის ორი ალტერნატიული ანგარიშები მხოლოდ ერთი წინადადებით განიხილა და გადაანგარიშების დასკვნაში დაწერა რომ არ მიიჩნევს მიზანშეწონილად წარმოდგენილი საბაზრო ფასების დადგენის დოკუმენტების გათვალისწინებას.

აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ორივე საშემფასებლო დასკვნა შესრულებულია სხვა და სხვა სახელმწიფო სერთიფიცირების მქონე კვალიფიციური პირის მიერ, ასევე, როდესაც დავების საბჭომ მოთხოვა ალტერნატიული შეფასების წარდგენა, დაუკავშირდა აუდიტის დეპარტამენტს და თხოვა მიეთითებინა ნებისმიერი სახელმწიფოს მიერ სერთიფიცირებული კერძო საშემფასებლო კომპანია, რათა თავიდან აგვეცილებინა გაუგებრობა და დასკვნები მისაღები ყოფილიყო შემმოწმებლისთვის, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის პასუხი იყო რომ ნებისმიერ კვალიფიციურ დასკვნას განიხილავდნენ, სწორედ ამის გამო კომპანიამ გადაწყვიტა 2 ალტერნატიულ კომპეტენტურ შემფასებელთან შეეფასებინა ნასყიდობის საგანი, რომ არ ყოფილიყო დამატებით გაუგებრობა. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის დეპარტამენტს არანაირი იურიდიული მიზეზი არ აქვს ეჭვი შეიტანოს სახელმწიფოს მიერ სერთიფიცირებულ შემფასებლებში, რომლებიც სარგებლობენ მაღალი რეპუტაციით, მაშინ, როდესაც მისი მხრიდან იყო შეთავაზებული შემფასებლებთან შეხვედრის ორგანიზება და საკითხის პროფესიული გარკვევა და არა გაუგებარი მიზეზებით მისი არგუმენტებისა და დოკუმენტების უგულებელყოფა.

ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა თუ არა გარიგების ფასზე, ასევე გასათვალისწინებელია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 29-ე მუხლის მიხედვით, ურთიერთდამოკიდებულების არსებობა მათ შორის არსებულ გარიგების შედეგებზე გავლენას არ ახდენს, თუ საქონლის/მომსახურების მიმღები პირის მიერ შესაძლებელია ანალოგიური საქონელი/მომსახურება სხვა არაურთიერთდამოკიდებული პირისგან შეიძინოს იმ ფასად, რომელიც ურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული გარიგების ფასს არ აღემატება 10%-ით.

ითხოვდა საჩივრის განხილვის დროს დასწრებას შემოსავლების სამსახურში და ასევე სერთიფიცირებული შემფასებლების დასწრებას, სამწუხაროდ შემოსავლების სამსახურმა არ ჩათვალა საჭიროდ ჩვენი და შემფასებლების დასწრება.

დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ არის მისაღები შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული შემფასებლის ერთი დასკვნა და მის მიერ წარდგენილი სამი სხვადასხვა სერთიფიცირებული შემფასებლის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მიუღებელი?

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურს არც კი ჩაუთვლია საჭიროდ გასაუბრებოდა შემფასებლებს და ეკითხა რა მეთოდოლოგიით და როგორ მოხდა შეფასებაში ამხელა თანხებში აცდენა. მოითხოვა წარეოდგინოს არგუმენტირებული და დამაჯერებელი მტკიცებულება რითაც დააჯერებენ, რომ დაუშვა შეცდომა და ასევე მისმა შემფასებლებმა.

საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე. ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგებისას შემოსავლები და ხარჯები ისე უნდა განაწილდეს, როგორც დამოუკიდებელ პირებს შორის დადებული გარიგების დროს.

ზემოთ აღნიშნული არგუმენტებიდან გამომდინარე თვლის, რომ დადებული გარიგების ფასი არ განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს გარიგების შედეგზე.

2. საწარმოს მიერ მხოლოდ 2022 წელს ბიუჯეტში გადახდილია 16 422 000 ლარი, შესაბამისად ამ სიდიდის კომპანიაზე სრულ პერიოდზე სრული საგადასახადო შემოწმების დროს მხოლოდ ერთი საკითხი (ერთი ოპერაცია) იყო, რომელმაც გამოიწვია სანქციები და ამ საკითხზეც არგუმენტირებული პოზიცია მოცემულია პირველ ნაწილში, შესაბამისად გაუგებარია სხვა რა კრიტერიუმებით შეიძლება შეფასდეს გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება.

ამასთანავე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა მოახდინა ფასთა კვლევა, ასევე მოიწვია სერთიფიცირებული შემფასებელი და დამატებით წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტიც განახორციელა დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ, გაუგებარია, სხვა რა დამატებითი ღონისძიების ჩატარება იყო შესაძლებელი, რომ ჩათვლილიყო კეთილსინდისიერად. რა თქმა უნდა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პოზიციაა, რომ საგადასახადო კოდექსის 269 მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემთხვევაზე უნდა იყოს დასაშვები. იმის გათვალისწინებით, რომ არ ხდება კუთვნილი გადასახადების გადახდისგან თავის არიდება, თუ მოხდა სამართალდარღვევის ჩადენა, იგი გამოწვეულია დაშვებული შეცდომით, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა იმ რწმენით, რომ ჩადენილი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო და არ ხდებოდა კუთვნილი გადასახადებისგან თავის არიდება, ხოლო მოტივაცია იყო ბიუჯეტს არ მიეღო ზარალი.

მისი გააზრებით გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი, პირს სწამს, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო და აქვს მოტივაცია სრულად მოახდინოს ბიუჯეტთან მისი კუთვნილი გადასახადების გადახდა, რაც დასტურდება ქმედებებში. შპს --- ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მისი ფუნქციონირების სრულ პერიოდზე კეთილსინდისიერად ახდენდა კუთვნილი გადასახადების გადახდას, დღეის მდგომარეობით კომპანიაში დასაქმებულია 362 კაცი. ასევე საწარმოს მიერ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში 2019-2021 წელს გადასახადების სახით ბიუჯეტში გადახდილია 31 056 101 ლარი, ხოლო 2022 წელს კი 16 422 000 ლარი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5 დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საბჭომ მიიჩნია, რომ ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი მიწის ნაკვეთების შეძენის და საბაზრო ფასს შორის სხვაობის მოგების განაწილებად განხილვის საფუძვლით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ფასის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნული დასკვნით განსაზღვრული საბაზრო ფასის გათვალისწინებით საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას. დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 17 ივლისის დასკვნის მიხედვით:

1. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, სალაროში არსებული არაგონივრული ნაშთის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახდო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას.

2. გადამხდელმა წარადგინა ურთიერთდამოკიდებული პირისგან შეძენილი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასების ანგარიშები/დასკვნა.

წარდგენილი დასკვნით, შპს ---ს მიერ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 3 886 000 ლარი, ხოლო დამოუკიდებელი შემფასებლის ---ის მიერ, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 4 151 000 ლარით.

გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლის შედეგად, აუდიტის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ არ არსებობს სათანადო საფუძველი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დარჩა უცვლელი.

დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით. მომჩივანი სადავოდ ხდის 17.07.2023 წლის დასკვნაში დაფიქსირებულ გარემოებებს, განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ურთიერთდამოკიდებული პირისაგან შეძენილი ქონების საბაზრო ფასის შეფასების 2 ალტერნატიული დასკვნა, მიუხედავად ამისა, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე აუდიტის დეპარტამენტმა არ გაითვალისწინა აღნიშნული დოკუმენტები და ისე გამოსცა დასკვნა, რომ არ არის მითითებული ამ ნაწილში გადაანგარიშების უარის საფუძვლები, შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანების შესაბამისად, მის მიერ წარდგენილი არგუმენტების და დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების, დამატებით საფუძვლიანად შესწავლა არ მომხდარა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა მოხდა მისი დასწრების, დასახელებული არგუმენტების და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლის/გაანალიზების გარეშე და ისე მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.

 

საბჭო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22360 ბრძანება;

3. საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 აპრილის №9088 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 26.04.2023 წლის №9088 ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის დასკვნის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმების შედეგებად შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 148 000 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 9 531 ლარით, ჯარიმა 138 469 ლარით, რაზეც გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 31 ივლისის №18687 ბრძანება და №094-52 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 13.09.2023 წლის №22360 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1,ბ ).