ბრძანება N 19361

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 08.08.2023
№ დოკუმენტი 19361
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 19361

08 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ --------ს (პ/ნ --------)

(მის.: -----------)

2023 წლის 22 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №81) განიხილა ფ/პ --------ს (პ/ნ ------) №82512/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №006-335 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლებას, ვინაიდან, სამართალდარღვევა გამოწვეული იყო შეცდომით. აცხადებს, რომ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს ერთობლივი შემოსავალი, რომელიც შედგება გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავლისა (4 085 ლარი) და დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისგან (85 028 ლარი), რომელიც არ იბეგრება გადახდის წყაროსთან. აცხადებს, რომ საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია შეავსო ისე, რომ საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა გამოსულიყო 85 028 ლარი, თუმცა წარდგენილი დეკლარაციის საფუძველზე წარმოეშვა ზედმეტობა, ხოლო დეკლარაციის არასწორად შევსების გამო დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14080 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ფ/პ -------ს (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 30 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 6 ივლისის №16107 ბრძანება და ამავე თარიღის №006-335 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 127 542 ლარი, მათ შორის, გადასახადი 85 028 ლარი, ჯარიმა 42 514 ლარი, საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს ერთობლივი შემოსავალი 89 115 ლარი, მათ შორის, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი 4 087 ლარი და დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 85 028 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად არ იბეგრება გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია დადგენილ ვადაში, შეავსო დანართი „გ“ შესაბამისი თვეების და შემოსავლების მიხედვით და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დეკლარაციის 42-გრაფაში შეცდომით ასახა მიღებული შემოსავალი 85 028 ლარი, რითიც მოახდინა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლა და ბარათზე წარმოეშვა ზედმეტობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ს“ ქვეპუნქტის და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი არ ექვემდებარება ჩათვლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, რის შედეგად პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ხოლო, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომლის თანახმად, 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებისას (42-ე გრაფა) დაშვებულია შეცდომა არცოდნით, დეკლარაცია შევსებულია არასწორად. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებითა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნით საურავის დარიცხვა არ ფიქსირდება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, ფ/პ -------- (პ/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №006-335 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -------- (პ/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №006-335 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №006-335 საგადასახადო მოთხოვნა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელს 2022 წლის საანგარიშო პერიოდში მიღებული აქვს ერთობლივი შემოსავალი 89 115 ლარი, მათ შორის, გადახდის წყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი 4 087 ლარი და დიპლომატიური სტატუსის მქონე ორგანიზაციიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი 85 028 ლარი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად არ იბეგრება გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელმა წარადგინა 2022 წლის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია დადგენილ ვადაში, შეავსო დანართი „გ“ შესაბამისი თვეების და შემოსავლების მიხედვით და დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით. ასევე, დეკლარაციის 42-გრაფაში შეცდომით ასახა მიღებული შემოსავალი 85 028 ლარი, რითიც მოახდინა საშემოსავლო გადასახადის ჩათვლა და ბარათზე წარმოეშვა ზედმეტობა. ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი არ ექვემდებარება ჩათვლას. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების მიერ მოხდა ჩათვლილი საშემოსავლო გადასახადის გაუქმება, რის შედეგად პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდეს აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 ივლისის №006-335 საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43(1"ა")(4), 269(1)(7), 270(1)(2), 275(2).