ბრძანება N 2426

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება დაკმაყოფილდა 10.02.2023
№ დოკუმენტი 2426
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 2426

10.02.2023

ფ/პ "------ " (პ/ნ -------- )

(მის.: --------------)

2023 წლის 24 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ "-------" (პ/ნ -------- ) №11405/21- 11 საჩივარი მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №21-11/4609 გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც უარი ეთქვა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ ცნობის გაცემაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №10).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე შეღავათით სარგებლობის თაობაზე ცნობა წარდგენილი ჰქონდა სს „-------- “ (ს/ნ ------- ), რომელთან დაკავშირებაც ვერ ხერხდება, რის გამოც გადამხდელი ვერ სარგებლობს კუთვნილი შეღავათით ახალ დამსაქმებელთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს ახალი ცნობის გაცემას ახალ დამსაქმებელთან წარსადგენად.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით "------" (პ/ნ ------- ) უფიქსირდება შეღავათის ცნობის მიღება 27.07.2011 წელს სს „--------- “ (ს/ნ -------) ფიზიკური პირის მომართვის საფუძველზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 2 დეკემბერს სს „------- “ (ს/ნ ------- ) გაეგზავნა წერილი №-----, თუმცა სსიპ შემოსავლების სამსახურის საქმისწარმოების სამმართველოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გზავნილი ადრესატს არ ჩაბარდა და დაბრუნდა უკან 09.12.2022 წელს. განმეორებით 13.12.2022 წელს სს „--------- “ (ს/ნ -------- ) გაეგზავნა წერილი №-------- , რომელიც დაბრუნდა უკან 28.12.2022 წელს. ასევე ვერ ხორციელდება დაკავშირება ორგანიზაციის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე. სს „-------“ (ს/ნ -------) არ გადმოუგზავნია შეტყობინება ფ/პ "------" (პ/ნ ------- ) შეღავათის შეწყვეტის შესახებ.

გადამხდელს გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ ახალი ცნობის გაცემაზე უარი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 24 იანვრის №------ წერილით.

შემოსავლების სამსახურის განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების მიზნით დაქირავებული პირი ვალდებულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით წარუდგინოს დამქირავებელს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის არსებობის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული პირი.

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების 391 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით, ცნობა საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესახებ (შემდგომში – ცნობა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაიცემა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად და უფლებას აძლევს დაქირავებულს ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ცნობა გამოიყენება მხოლოდ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული შეღავათების გავრცელებისას. ამასთან, იგი არ წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. შესაბამისად, შეღავათის გამოყენების მიზნით ამ პუნქტით გათვალისწინებულმა დაქირავებულმა პირებმა დამქირავებელს (საგადასახადო აგენტს) ცნობასთან ერთად უნდა წარუდგინონ შეღავათით სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, ცნობა დაქირავებულს უფლებას აძლევს საგადასახადო წლის მიხედვით ისარგებლოს კუთვნილი საგადასახადო შეღავათით მხოლოდ ერთი დამქირავებლიდან (საგადასახადო აგენტიდან) მიღებული შემოსავლების მიხედვით. ერთზე მეტი სამუშაო ადგილის შემთხვევაში გადახდის წყაროს, სადაც უნდა გავრცელდეს კუთვნილი საგადასახადო შეღავათი, განსაზღვრავს დაქირავებული; დაქირავებულმა პირმა ცნობის მისაღებად წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს. ამასთან, თუ ფიზიკური პირი (დაქირავებული) იცვლის სამუშაო ადგილს ან სურვილი აქვს სხვა დამქირავებელთან (საგადასახადო აგენტთან) გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით მინიჭებული შეღავათი, ახალი ცნობის ასაღებად საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ განცხადებას უნდა დაურთოს შესაბამისი სამუშაო ადგილიდან გაცემული შეტყობინება გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე. საგადასახადო ორგანო ვალდებულია განცხადების მიღებიდან სამი დღის ვადაში გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შეღავათებზე შეღავათის გამოყენების შესახებ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს არ აქვს წინა დამქირავებლისგან გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შეწყვეტის თაობაზე შეტყობინების წარმოდგენის შესაძლებლობა, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომსახურების დეპარტამენტს უნდა დაევალოს, ფ/პ "-------" (პ/ნ -------- ) სახელზე გასცეს „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“, ხოლო სს „------ “ (ს/ნ ------- ) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ფ/პ "--------" (პ/ნ --------- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, ფ/პ "-------" (პ/ნ --------- ) მიმართ გასცეს ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ;

3. სს „--------“ (ს/ნ -------- ) წარდგენილი „ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების შესახებ“ გამოცხადდეს ძალადაკარგულად;

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.