გადაწყვეტილება №26023/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.11.2025
№ დოკუმენტი 26023/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№26023/2/2025

18 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ---ის 14.10.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26023/2/2025).

 

დავის საგანი:

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2025 წლის №065-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 22.09.2025 წლის №20705 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 241 559,99 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 135 857

დღგ - 79 546,91

საშემოსავლო გადასახადი - 56 310,09

ჯარიმა - 69 979,20

საურავი - 35 723,79

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 10.01.2007 წელს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 27.10.2016 წლიდან. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 1.04.2025 წლამდე პერიოდის სრული კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით საანგარიშო პერიოდის დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 2 354 783 ლარს. საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 2 796 709 ლარი. სხვაობა (441 927 ლარი), გამოწვეული იყო იმით, რომ გადამხდელს არ დაუბეგრავს:

- 2022 წლის ოქტომბრის თვეში ---ის მუნიციპალიტეტთან გაწეული მომსახურეობა 58 377 ლარი;

- 2022 წლის დეკემბრის თვეში ---ს საჯარო სკოლისთვის გაწეული მომსახურება 79 865 ლარი;

- 2023-2024 წლების სხვადასხვა თვეებში ---ის მუნიციპალიტეტისთვის გაწეული მომსახურება 383 246 ლარი. საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის გათვალისწინებით გამოვლენილ სხვაობებზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელი ტენდერების ფარგლებში სამშენებლო და სხვა სახის მომსახურეობას უწევდა ---ის მუნიციპალიტეტს. გადამხდელსა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მიღებაჩაბარების აქტებიდან გამომდინარე მომჩივანმა საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა თვეებში დაგვიანებით დაბეგრა გაწეული მომსახურეობის ღირებულება, რომელმაც გამოიწვია ცალკეულ თვეებში დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შემცირება. სულ პერიოდის ცვლილებით დასაბეგრმა ბრუნვამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 441 939 ლარი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. გადასახადის გადამხდელის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა 2022-2023-2024 წლების მიხედვით ჯამურად შეადგენდა 261 965 ლარს, აღნიშნული გადამხდელს სამივე წლის მიხედვით არასწორად ჰქონდა გაანგარიშებული.

დამატებით წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 253 550 ლარს. საგადასახადო კოდექსის მე-100 და 104-ე მუხლების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე 10.07.2025 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №15642 ბრძანება და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №065-16 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 22.09.2025 წლის №20705 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად თანხის დარიცხვა განპირობებულია მისი დაუდევრობით და უყურადღებობით რაც გამოწვეულია მისი სოციალური/ფსიქოლოგიური პირობებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

მომჩივანი თავადვე აღიარებს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი დაუდევრობით/უყურადღებობით, რაც ვერ გახდება შეფარდებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების მიერ დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტები და სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ინფორმაცია, რის შედეგადაც შემოწმების მიერ დადგენილმა დასაბეგრმა ბრუნვამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 2 796 709 ლარი, სხვაობა შეადგენს 441 927 ლარს, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ გადამხდელს 2022 წლის ოქტომბრის თვეში არ დაუბეგრავს მუნიციპალიტეტთან გაწეული მომსახურეობა 58 377 ლარი, 2022 წლის დეკემბრის თვეში არ დაუბეგრავს საჯარო სკოლასთან გაწეული მომსახურეობა 79 865 ლარი, 2023-2024 წლების სხვადასხვა თვეებში არ დაუბეგრავს მუნიციპალიტეტთან გაწეული მომსახურეობა 383 246 ლარი, სულ საანგარიშო პერიოდში დამატებით დასაბეგრმა ბრუნვამ შეადგინა 521 488 ლარი დღგ-ის ჩათვლით, დღგ-ს გარეშე 441 927 ლარი.

გადამხდელსა და მუნიციპალიტეტს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებიდან გამომდინარე კომპანიამ საანგარიშო პერიოდის სხვადასხვა თვეებში დაგვიანებით დაბეგრა გაწეული მომსახურეობის ღირებულება რომელმაც გამოიწვია ცალკეულ თვეებში დასაბეგრი ბრუნვის გაზრდა და შემცირება. სულ პერიოდის ცვლილებით დასაბეგრმა ბრუნვამ საანგარიშო პერიოდში შეადგინა 441 939 ლარი.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

მეწარმის წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა 2022-2023- 2024 წლების მიხედვით ჯამურად შეადგენს 261 965 ლარს, აღნიშნული გადამხდელს სამივე წლის მიხედვით არასწორად აქვს გაანგარიშებული. დამატებით წლიური საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 253 550 ლარს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269 (7).