გადაწყვეტილება №19800/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.07.2023
№ დოკუმენტი 19800/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№19800/2/2023

04 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 29.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 29.05.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19800/2/2023).

 

დავის საგანი:

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9889 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 897 340 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 434 541

დღგ - 10 075

საშემოსავლო გადასახადი - 424 466

ჯარიმა - 218 509

საურავი - 244 290

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლები სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის №18106 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 16 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 დეკემბრის №40442 ბრძანება და 24 დეკემბრის №081-385 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 874 699 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 27 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 4.07.2022 წლის №17305 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.

აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნა, 22 თებერვლის №3343 ბრძანება და 23 თებერვლის №081-22 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 32 410 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა

897 340 ლარი.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 1 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 4 მაისის №9889 ბრძანებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, განუხილველი დატოვა საჩივარი მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 მაისის №9889 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე, 299-ე, 301-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 თებერვლის №3343 ბრძანებას და 23 თებერვლის №081-22 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2023 წლის 7 მარტს.

შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 1 მაისს, ხოლო საფოსტო დაწესებულებაში საჩივარი ჩაბარებულია 2023 წლის 28 აპრილს.

გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში არ ეთანხმება შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არგუმენტები წარდგენილი არ არის.

მოცემულ შემთხვევაში არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელმა საჩივარში მითითებული არგუმენტებით ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვაზე უარის მიზეზი არის არაკანონიერი, რადგან 2023 წლის 23 თებერვლის №081-22 საგადასახადო მოთხოვნა და 22 თებერვლის №3343 ბრძანება მომჩივანს ჩაბარდა 2023 წლის 3 აპრილს. აღნიშნული აქტების გასაჩივრების ვადად განსაზღვრული იყო ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე, ე.ი. 2023 წლის 3 აპრილიდან 2023 წლის 3 მაისამდე. გადასახადის გადამხდელის მიერ ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა/ბრძანება გასაჩივრდა 2023 წლის 27 აპრილს. თუმცა, შემოსავლების სამსახურის №9889 ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ბრძანება/საგადასახადო მოთხოვნა მომჩივანს ჩაბარდა 2023 წლის 7 მარტს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შემოსავლების სამსახურს ზემოთ აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და ბრძანება RS სისტემაში ატვირთული აქვს 2023 წლის 30 მარტს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ ჩაბარებულია 2023 წლის 3 აპრილს. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგენს დასქრინულ ფოტო მასალას (ექსელის ფაილში).

კომპანიის დირექტორმა ----------- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გააკეთა განაცხადი/საჩივარი მისი წინამორბედი დირექტორის ----------- მიერ აღებული თანხების მოკვლევაზე, გასხვისებული ფართების კანონიერებაზე და კონკრეტული დებიტორების/კრედიტორების მიერ თანხის აღებ/მიცემის ფალსიფიცირებაზე. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემოსავლების სამსახურის №9889 ბრძანების გაუქმება და საჩივრის ხელახალი განხილვა. შემოწმებულ პერიოდში კომპანიის დირექტორი იყო -------------.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის №9889 ბრძანება და გაგრძელდეს 2023 წლის 27 აპრილის საჩივრის განხილვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 7 მარტს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 6 აპრილს, ხოლო შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 1 მაისს წარდგენილი საჩივარი საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარებულია 2023 წლის 28 აპრილს. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურის №9889 ბრძანება არაკანონიერია, ვინაიდან სადავო საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა 2023 წლის 3 აპრილს.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება, საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საჩივრის განუხილველად დატოვება მისი წარდგენის კანონით დადგენილი ვადის დარღვევის გამო.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნას მომჩივანი გაეცნო ელექტრონულად ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე 2023 წლის 7 მარტს, მისი გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2023 წლის 6 აპრილს, ხოლო შემოსავლების სამსახურში 2023 წლის 1 მაისს წარდგენილი საჩივარი საფოსტო დაწესებულებაში ჩაბარებულია 2023 წლის 28 აპრილს. შესაბამისად, დარღვეულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;

301(ე);44(4,9);299(10);