გადაწყვეტილება №20691/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20691/2/2023
12 ოქტომბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 29.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20691/2/2023).
დავის საგანი:
წლიურ დეკლარაციაში არასწორად შევსებული 42-ე გრაფიდან გამომდინარე, დარიცხული გადასახადის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ივნისის №006-293 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №19988 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 7 800 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 5 200
ჯარიმა - 2 600
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
მომჩივანს 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორად ჰქონდა შევსებული 42-ე გრაფა, რამაც გამოიწვია საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის არამართლზომიერი შემცირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა 2021 წლის საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 27 ივნისის №14745 ბრძანება და ამავე თარიღის №006-293 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №19988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნით საურავი არ დარიცხვია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის პირადი ელ. გვერდის საშუალებით მიმდინარე წლის 21 მარტს წარმოადგინა საშემოსავლო გადასახადის 2021 წლის პერიოდის ყოველწლიური დეკლარაცია (-------), როგორც შემდეგში გაირკვა და აღმოაჩინა მის მიერ წარმოდგენილი დეკლარაცია არ არის სწორი და საჭიროებს დაზუსტებას.
2021 წელს საქართველოს რეზიდენტი საწარმოსგან აქვს მიღებული შრომის ანაზღაურება, კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი კი გადახდილია ბიუჯეტში დამსაქმებლის მიერ. იმის გამო, რომ ქართულ ენაზე გამართულად ვერ საუბრობს, აზრის გადმოცემა უჭირს, მის მიერ შედგენილი საშემოსავლო გადასახადის 2021 წლის პერიოდის ყოველწლიური დეკლარაციის (-------) შედგენისას დაუშვა ტექნიკური შეცდომა, უკვე გადახდილი საშემოსავლო გადასახადი 5196.25 ლარი, მის მიერ შევსებული დეკლარაციის შედეგად გახდა ხელმეორედ გადასახდელი.
ითხოვს, რომ დაკისრებული გადასახდელი „საგადასახადო მოთხოვნა“ გაუქმდეს და გადახდილი 5 196. 25 ლარით შეუმცირდეს გადასახდელი თანხა. თვალსაჩინოებისთვის, დანართის სახით წარმოადგენს საგადასახადო დეკლარაციას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენს არარეზიდენტი ფიზიკური პირი და საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი საწარმო, თუ მათ მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი არ იბეგრება გადახდის წყაროსთან.
საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის ვალდებული, წარადგინოს დეკლარაცია, შეუძლია წარადგინოს იგი გადასახადის გადაანგარიშებისა და დაბრუნების მოთხოვნით.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის 42-ე უჯრაში შეიტანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, ან სხვა შემთხვევაში ამ პირის მიერ ბიუჯეტში გადახდილია საშემოსავლო გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, ასევე 132-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 42-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში არასწორად ჰქონდა შევსებული 42-ე გრაფა, კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის №42 გრაფაში („გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას“) ასახული და შემცირებული აქვს გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში, შესაბამისად, მომჩივანი საგადასახადო კოდექსის 269- ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გაათავისუფლა საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული ჯარიმისგან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან და ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ შემოწმების შედეგად დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს წლიურ დეკლარაციაში არასწორად შევსებული 42-ე გრაფიდან გამომდინარე, დარიცხული გადასახადის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში „საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №42) და აღნიშნული თანხების ოდენობით „კუთვნილი საშემოსავლო გადასახადის“ (გრაფა №43) შემცირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.08.2023 წლის №19988 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის მიმართ შემოწმების შედეგად დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.