გადაწყვეტილება №23167/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23167/2/2024
04 ივლისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.06.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 1.06.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23167/2/2024).
დავის საგანი:
საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა. ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №002-315 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9082 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 135 565,29 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 68 327
დღგ - 31 650
მოგების გადასახადი - 15 041
საშემოსავლო გადასახადი - 21 636
ჯარიმა - 34 164
საურავი - 33 074,29
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ნოემბრის №28695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 25.12.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
შემოწმების პერიოდში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზა და კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (საბუღალტრო პროგრამა) რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილია თანხები, რომელიც არ დაბრუნებულა. შედეგად, აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემული სესხი და დაიბეგრა მოგების გადასახადით, რაზეც ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, აღნიშნულ სესხზე საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთით (წლიური 20%) დაანგარიშდა სარგებლის თანხა და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2023 წლის №33131 ბრძანება და №002-315 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9082 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 73-ე, 97-ე, 982 -ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებაზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და მიიჩნევს, რომ კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილი თანხები, რომლის დაბრუნებაც არ ფიქსირდება, ფიზიკურ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა ასევე, აღნიშნულ სესხზე დაანგარიშებული სარგებლის თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, შესაბამისად, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ დაკმაყოფილდა.
მომჩივნის არგუმენტაცია
დირექტორს თანხები ნამდვილად გატანილი აქვს საბანკო ანგარიშიდან, თუმცა არა საქვეანგარიშოდ, ეკონომიკური საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, არამედ ქურდობით, მოტყუებით და მითვისების მიზნით. განხორციელდა თაღლითური ქმედება რაზეც კომპანიის დამფუძნებლებმა შეიტანეს 2023 წლის 10 ოქტომბერს საჩივარი ------------ს პოლიციაში.
მომჩივანი, ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლზე და აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არასწორად მოხდა აღნიშნულის გამოყენება. მან არ გაითვალისწინა სისხლის სამართლის საქმე, რომლიც შემოწმების ბრძანების გამოცემამდეა დაწყებული და ასევე, აუხსნელია რატომ ჩათვალა შემოსავლების სამსახურმა თანხების თაღლითური გზით მითვისება, საქვეანგარიშოდ გატანად. არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ მითვისებული თანხები რაიმე ფორმით მოხმარდა საზოგადოების ინტერესს. ამ მიდგომით, შემოსავლების სამსახურმა ერთ სამართლებრივ სივრცეში განიხილა, სხვა შემოწმების შედეგად მისთვის ცნობილი შემთხვევები, როდესაც თანხა კონკრეტული შიდა სამართლებრივი აქტის საფუძველზე გაიცემა ხელმძღვანელზე, ხოლო მათი შემთხვევაა როდესაც ადგილი ჰქონდა კომპანიის ინტერესის საზიანოდ, ხელმძღვანელის მიერ, დანაშაულის გზით თანხების მითვისებას.
ამბობს, რომ თაღლითური გზით მითვისებული თანხები არ იბეგრება. შედეგად, ორმაგად დაზარალდა კომპანია, დირექტორის თაღლითობით და შემოსავლების სამსახურის არასამართლიანი მიდგომით.
აღნიშნული ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ინდაქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ვინაიდან, კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილია თანხები, რომელიც არ დაბრუნებულა, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხების დაკვალიფიცირება, ფიზიკურ პირზე, როგორც უპროცენტოდ გაცემული სესხი და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია, ასევე, მართლზომიერია აღნიშნულ სესხზე საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთით (წლიური 20%) სარგებლის თანხის დაანგარიშება და დაბეგვრა საშემოსავლო გადასახადით.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, საბჭოს არ მიაჩნია აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძვლად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქვეანგარიშოდ გატანილი თანხების ფიზიკურ პირზე უპროცენტო სესხად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა. ასევე, სესხზე გაანგარიშებული სარგებლის თანხის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №28695 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდის გასვლითი სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო საკითხთან დაკავშირებით ირკვევა რომ,შემოწმების პერიოდში დამუშავდა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზა და კომპანიის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (საბუღალტრო პროგრამა) რომლის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ კომპანიიდან საქვეანგარიშოდ გატანილია თანხები, რომელიც არ დაბრუნებულა. შედეგად, აღნიშნული თანხები დაკვალიფიცირდა, როგორც ფიზიკურ პირზე უპროცენტოდ გაცემული სესხი და დაიბეგრა მოგების გადასახადით, რაზეც ასევე შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, აღნიშნულ სესხზე საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული განაკვეთით (წლიური 20%) დაანგარიშდა სარგებლის თანხა და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33131 ბრძანება და №002-315 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.04.2024 წლის №9082 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 982(3 „ზ“.8); 101(1.2 „ბ“ ); 154(1 „ა“);