გადაწყვეტილება №19092/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19092/2/2023
31.03.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 31.03.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 14.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19092/2/2023).
დავის საგანი:
1. გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №005-113 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მარტის №3977 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 74 677 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 43 119
დღგ - 2 263
მოგების გადასახადი - 17 647
საშემოსავლო გადასახადი - 23 209
ჯარიმა - 19 539
საურავი - 12 019
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 აპრილის №10907 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2019 წლის 1 მარტიდან 2022 წლის 1 აპრილამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №19466 ბრძანება და №005-113 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 74 677 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 19 აგვისტოს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 2 მარტის №3977 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშებისა და გათვალისწინების, აგრეთვე საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებული ტექნიკური უზუსტობების არსებობის საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მარტის №3977 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის გამოვლენილი სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა შემოწმების პროცესში გამოვლინდა სხვაობა გაცემულ დივიდენდებსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 981 და 130-ე მუხლების შესაბამისად, გამოვლენილი სხვაობა დაიბეგრა მოგების გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, გადასახადის გადამხდელს დამატებით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 97-ე, მე-8, 130-ე, 154-ე, 309- ე მუხლებზე და მომჩივნის არგუმენტაციაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა გათვალისწინებული მოგების გადასახადის ჩასათვლელი თანხები. აგრეთვე, მიუთითებს, რომ კომპანიაში შემოწმება ჩატარებულია წინა წლებშიც, რის გამოც შემმოწმებლებს თავად შეეძლოთ ჩასათვლელი მოგების გადასახადის თანხის გაანგარიშება. მომჩივანი აგრეთვე უთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებულ გარკვეულ უზუსტობებზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას.
საქმეში არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშებისა და გათვალისწინების, აგრეთვე საგადასახადო შემოწმების აქტში დაშვებული ტექნიკური უზუსტობების არსებობის საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად, გარდა ამისა არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები, რაც სავარაუდოდ გამოწვეულია შემმოწმებლებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის საკმარისი კომუნიკაციის არ არსებობით.
1. არასწორად არის დეკლარირებული 2019 წლის აპრილის თვის დეკლარაცია. კერძოდ, დეკლარაციაში მითითებული დანაწილებული დივიდენდი - 105 263 ლარი არის 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან განაწილებული დივიდენდი და არა 2017 წლის 1 იანვრიდან მიღებული მოგება. შესაბამისად, აღნიშნული დეკლარაცია უნდა დაკორექტირდეს შემოწმების მიერ და საწარმოს უნდა გაეზარდოს ჩათვლა. მომჩივანი ითხოვს დეკლარირებული მოგების გადასახადის შემცირებას.
2. შემმოწმებლებმა მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დაარიცხეს 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის, 2021 წლის ნოემბრის თვეებში გაცემულ დივიდენდებთან დაკავშირებით. მომჩივანი ეთანხმება მოგების და საშემოსავლო გადასახადებით აღნიშნული ოპერაციის დაბეგვრას, მაგრამ ამავდროულად ითხოვს ჩათვლას მოგების გადასახადში, რადგან ზემოაღნიშნული დივიდენდი გაცემულია 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან. შესაბამისად, ითხოვს მოგების გადასახადის შემცირებას.
მომჩივანი ითხოვს შესამოწმებელ პერიოდში დარიცხული მოგების გადასახადისა და შესაბამისი სანქციის თანხების საკითხი ხელახლა და გაცილებით უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ და მოხდეს დარიცხული თანხების კორექტირება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მოახდინოს საკითხის ხელახალი და სიღრმისეული შესწავლა და შედეგად შემცირდეს არასწორად დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
ამავე კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5 პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე ნაწილის მიხედვით, თუ რეზიდენტი საწარმო დივიდენდს გაანაწილებს 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან, მას უფლება აქვს, ჩაითვალოს ამ პერიოდების მიხედვით დარიცხული და გადახდილი მოგების გადასახადის თანხა, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის მიხედვით გადასახდელი თანხისა.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჩათვლას მოგების გადასახადში, რადგან დივიდენდი გაცემულია 2008 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდებში მიღებული წმინდა მოგებიდან.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და დაავალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს ჩასათვლელი მოგების გადასახადის გაანგარიშებისა და გათვალისწინების საკითხი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 21 ივლისის №005-113 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 74 677 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 43 119 ლარი, ჯარიმა - 19 539 ლარი და საურავი - 12 019 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, ყოველთვის დროულად იხდიდა გადასახადებს და მიზანი არასდროს ყოფილა გადასახადების დამალვა. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს დაკისრებული სანქციის შემცირებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.