გადაწყვეტილება №19071/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19071/2/2023
22 ივნისი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------ - ის “ 10.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19071/2/2023).
დავის საგანი:
1. ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული სამივლინებო თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა;
2. დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-217 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №3123 ბრძანება
დარიცხული თანხა: 2 072 553 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 112 796
დღგ - 93 037
მოგების გადასახადი - 77 838
საშემოსავლო გადასახადი - 941 921
ჯარიმა - 598 909
საურავი - 360 848
პროცედურული გარემოებები
საწარმოს საქმიანობაა სხვადასხვა სახის სამშენებლო/სარემონტო მომსახურება. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 ივლისის №10873 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №33487 ბრძანება და №005-217 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 072 553 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 30 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 თებერვლის №3123 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
- გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; - აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებითა და მისი მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 თებერვლის №3123 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული სამივლინებო თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა
საწარმოს საბანკო ანგარიშის შესწავლის შედეგად ვლინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირებზე სისტემატურად გაიცემოდა სხვადასხვა დანიშნულებით სხვადასხვა ოდენობის თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მიხედვით, აღნიშნული თანხები გადახდილია თანამშრომლებზე მივლინების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, თუმცა მომჩივანს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მომჩივანს ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, 61-ე, 73-ე, 97-ე, 982 , 101-ე, 102- ე, 154-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 171-ე, 173-ე, 174-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 168-ე, 175-ე, 176-ე მუხლებზე, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანებებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ მომჩივნის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილია სამივლინებო თანხების ანაზღაურების და აღრიცხვის დოკუმენტაცია (3 ბაინდერი), თუმცა გადასახადის გადამხდელი ფიქრობს, რომ შემმოწმებლების მიერ ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე სრულყოფილად არ იქნა დოკუმენტაცია შესწავლილი. მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში სრულად ვერ იქნა წარდგენილი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი წარდგენილ საჩივარში ასევე მიუთითებს შემოწმების გაანგარიშებებსა და გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ აღრიცხვაში არსებულ მონაცემებს შორის შეუსაბამობაზე და ითხოვს მოგების, დღგ-ის და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოწმების მიერ გაანგარიშებების ხელახლა შესწავლას საწარმოს წარმომადგენლებთან ერთად. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანია საქმიანობას ახორციელებს ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №220 ბრძანებით დადგენილი წესით ხდება სამივლინებო თანხების ანაზღაურება და აღრიცხვა. სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ შემმოწმებლებისთვის წარდგენილი იქნა შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებული არ არის შემოწმების პროცესში. ალბათ, დიდი მოცულობიდან გამომდინარე, სრულყოფილად ვერ იქნა შესწავლილი დოკუმენტაცია.
მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება და დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება. დიდი სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის დამატებით წარდგენილი იქნება ელექტრონული ინფორმაცია უკვე წარდგენილი მატერიალური ფორმის მონაცემებიდან, რათა გაადვილდეს სადავო საკითხის შესწავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. ასევე, მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ითხოვს მიეცეს საშუალება დოკუმენტაციის წარდგენის. აღნიშნულიდან გამომდინარე, დამატებით ხელფასის სახით განხილული თანხა იქნება შემცირებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში არ შედის დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნორმის ფარგლებში.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირებზე სისტემატურად გაიცემოდა სხვადასხვა დანიშნულებით სხვადასხვა ოდენობის თანხები, რომლებიც საბუღალტრო პროგრამაში გატარებული იყო როგორც თანამშრომლებზე მივლინების ხარჯების ანაზღაურებია, თუმცა შემოწმებისთვის არ არის წარდგენილი შესაბამისი მივლინებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლებისთვის წარდგენილი იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც გათვალისწინებული არ არის შემოწმების პროცესში. ალბათ, დიდი მოცულობიდან გამომდინარე, სრულყოფილად ვერ იქნა შესწავლილი დოკუმენტაცია. გადასახადის გადამხდელი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება და დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და გადასახადის გადამხდელს მისცა შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაავალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2. დღგ-ის, მოგების და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
- საწარმო ძირითადად შემოსავალს იღებს ტენდერებიდან, სადაც მომსახურებას უწევს სახელმწიფო ერთეულებს. ამასთან, უსრულებს მომსახურებას რამდენიმე კომპანიას, მათ შორის, ძირითადად შპს „N1-ს“. ასევე, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შპს „N1-სგან “ გადაცემული აქვს 5 საცხოვრებელი ფართი. ამათგან 2 ბინა რეალიზებულია შესამოწმებელ პერიოდში. კერძოდ, 2021 წლის 18 ნოემბერს, ქ. ------- №4, სადარბაზო 2, ბინა 186, 148.3 კვ.მ (საკადასტრო კოდი ------- ) შესყიდული აქვს "------" (პ/ნ "------" ) - 74 000 აშშ დოლარად, ხოლო ქ. "------" №4 სადარბაზო 2, ბინა 181 - 148.3 კვ. მ. (საკადასტრო კოდი "------" ) "------" (პ/ნ "------" ) - 73 000 აშშ დოლარად, 2021 წლის 29 დეკემბერს. აღნიშნული ფართების რეალიზაციის თანხები გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა (გაიზარდა) შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, რაზეც მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებულ ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე განხორციელებული აქვს დღგ-ის ჩათვლა. ამასთან, სრულად აქვს ჩათვლილი საბოლოო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხებიც. შემოწმებით შემცირდა ჩათვლილი დღგ-ის თანხა 13 639 ლარით.
- კომპანიას საანგარიშო პერიოდების მიხედვით წარდგენილი გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციების მიხედვით უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები 638 385 ლარის ოდენობით. წარდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ამონაწერების) მიხედვით დგინდება დეკლარირებულისგან განსხვავებული მონაცემები. კერძოდ, შემოწმების მიხედვით ხელფასის სახით განაცემები შეადგენს 2 215 866 ლარს. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა საწარმოს ხელფასის სახით გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
- საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე „შესრულებული მომსახურებებისთვის“ გადარიცხულია თანხები, რომელთა გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კომპანიას არ განუხორციელებია. შემოწმების მიერ განხორციელდა იმ ფიზიკური პირების იდენტიფიცირება, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად. არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები შემოწმების შედეგად ასახული იქნა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, დაეკისრა ჯარიმა 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
-კომპანიის საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საწარმოს მიერ გადარიცხულია სხვადასხვა ფიზიკური პირების სწავლის გადასახადი, რომლის გადახდის წყაროსთან დაბეგვრაც კომპანიას არ განუხორციელებია. საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, სხვადასხვა პირების განათლების მისაღებად გადახდილი თანხები შემოწმების შედეგად ასახული იქნა გადახდის წყაროსთან დასაკავებელი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე.
- საწარმოს საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ სხვადასხვა დანიშნულებით (სესხის პროცენტის დაფარვა, ოპერაციის ხარჯები და ა.შ.) "------"-სთვის გადარიცხულია თანხები, რომელთა გადახდების შესახებ საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეული იქნა როგორც ფიზიკური პირის სარგებელი და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
- გადასახადის გადამხდელის საბანკო ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში სხვადასხვა აბონენტებზე გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები (დენი, გაზი, წყალი და ა.შ.), „ავტომანქანის ლომბარდის ხარჯები“, უფიქსირდება საბანკო ანგარიშიდან, ბარათის მეშვეობით სხვადასხვა მაღაზიებში ტანსაცმლის, თეთრეულისა და საყოფაცხოვრებო ნივთების და ა.შ. შეძენა, რომელთა გადახდების შესახებ საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარუდგენია. შემოწმების შედეგად, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეული იქნა ფიზიკური პირის სარგებელად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით, დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
- საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ამონაწერების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად (მიღებული ზედნადებები) დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა ძირითადი საშუალება (საწოლი, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი), ასევე სხვადასხვა საქონელი (პლედი, საწოლის თეთრეული, ჭურჭელი). სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების დანიშნულების ადგილის მიხედვით დგინდება, რომ აღნიშნული საქონელი განთავსებულია საწარმოს დამფუძნებლის მფლობელობაში არსებულ ბინაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გათვალისწინებული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეული იქნა ფიზიკური პირის სარგებელად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
- შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე კომპანიის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის, ბუღალტრული პროგრამის და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 441 546 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 5 აპრილის №8450 ბრძანებით დამტკიცებული პროცედურული სახელმძღვანელოს შესაბამისად, 2022 წლის 29 აპრილს საწარმოს ბუღალტერს ჩაბარდა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შესახებ ბრძანება. ასევე, 2022 წლის 29 აპრილს წარდგენილია სალაროს ადგილმდებარეობის და პასუხისმგებელი პირების შესახებ ახსნა-განმარტება. 2022 წლის 29 აპრილს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში, მდებარე მისამართზე "------" , გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 (ნული) ლარის ოდენობით, რაზეც შევსებულ იქნა სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბუღალტრულ ნაშთსა და სალაროს ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთს შორის სხვაობა შემოწმებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულზე მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.
- საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის, მათ შორის, საბანკო ამონაწერების, ასევე შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავების შედეგად (მიღებული ზედნადებები) დგინდება, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი აქვს სხვადასხვა ძირითადი საშუალება (ავეჯი), ასევე სამშენებლო მასალები (კერამიკული ფილა, მილები და ა.შ.), სასაქონლო ზედნადების ტრანსპორტირების დანიშნულების ადგილია ქ. "------". აღნიშნულ ქუჩაზე საწარმოს არ უფიქსირდება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით არსებული რაიმე ფართი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ აღნიშნული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გათვალისწინებული იქნა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, ასეთ ხარჯებზე გადახდილი თანხები მიჩნეულ იქნა ფიზიკური პირის სარგებელად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის გათვალისწინებით დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები. ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
- გადასახადის გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილ საბუღალტრო პროგრამა „ორისში“ ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2019 წლის იანვრიდან საწარმოს ყოველი თვის ბოლოს უფიქსირდება სალაროს უძრავი ნაშთი, რომელიც მზარდია შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. პროგრამულად შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში სალაროს ანგარიშზე ფულადი სახსრების შემოსვლა ფიქსირდება ძირითადად ბანკიდან. „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ 2019 წლის 8 ივლისის №22708 მეთოდური მითითების შესაბამისად, განსაზღვრულ იქნა ყოველი თვის ბოლოს ნაღდი ფულის გონივრული ნაშთი, რომელიც წარმოადგენს შესაბამის თვეში გაწეული საკასო ხარჯების და საკასო შემოსავლის 10%-ის ჯამს (აღნიშნული ნაშთის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნა სამეურნეო დანიშნულებისთვის დირექტორის მიერ გატანილი თანხების ის ნაწილი, რომელთა დანიშნულებისამებრ ხარჯვა დასტურდებოდა), ხოლო ამ ოდენობაზე მეტი თანხა ჩაითვალა არაგონივრულ ნაშთად. შესაბამისად, სხვაობა გაანგარიშებულ ნაშთს და სააღრიცხვო პროგრამაში მითითებულ უძრავ ნაშთს შორის განხილულ იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გაანგარიშებულ იქნა სესხის სარგებლის ოდენობა საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (20%) გათვალისწინებით, რომელიც დაექვემდებარა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გაანგარიშების მიხედვით, რიგ შემთხვევაში ფიქსირდება აღნიშნული ფულადი ნაკადების ცვლილება/შემცირება, რაც გათვალისწინებულ იქნა შემოწმების მიერ. კერძოდ, გაცემული სესხის ფარგლებში დაბრუნებულ თანხებზე გადასახადის გადამხდელს მიეცა ჩათვლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
მითითებულია პირველი დავის საგნის ნაწილში.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობს შემმოწმებლების მიერ გადაგზავნილი გაანგარიშებების შესწავლა როგორც მოგების, დამატებული ღირებულების, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და დადგენილია რიგი შეუსაბამობები კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახულ მონაცემებთან და არსებულ პირველად დოკუმენტებთან, რასთან დაკავშირებითაც ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებების ხელახლა გავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით:
ბ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას სარგებლის ღირებულებად ითვლება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
ე) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისთვის ან მის კმაყოფაზე მყოფთათვის განათლების მისაღებად დახმარების გაწევისას (დაქირავებულის ვალდებულებათა შესრულებასთან უშუალოდ დაკავშირებული მომზადების პროგრამის ჩაუთვლელად) – დამქირავებლის მიერ განათლების მისაღებად გაწეული დახმარების ღირებულება.
ვ) დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის ხარჯების ანაზღაურებისას – ანაზღაურების თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური
პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ა.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ ქვეპუნტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.
საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
შემოწმების აქტის მიხედვით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საწარმოს დაერიცხა დღგ, მოგების და საშემოსავლო გადასახადები.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობს შემმოწმებლების მიერ გადაგზავნილი გაანგარიშებების შესწავლა როგორც მოგების, დამატებული ღირებულების, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და დადგენილია რიგი შეუსაბამობები კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახულ მონაცემებთან და არსებულ პირველად დოკუმენტაციასთან, რასთან დაკავშირებითაც ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებების ხელახლა გავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა მომჩივნის არგუმენტაცია და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მისცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს დაავალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3. დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №005-217 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 2 072 553 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 1 112 796 ლარი, ჯარიმა - 598 909 ლარი და საურავი - 360 848 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე, 275-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული ჯარიმის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ვინაიდან შემოწმებით დამატებით დადგენილი საგადასახადო ვალდებულებები არ ყოფილა მომჩივნის მიერ მიზანმიმართულად განხორციელებული, ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
დარიცხვის შინაარსიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერად შეცდა, ან არ იყო მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. მომჩივანი ვერ ამტკიცებს, რომ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობით, არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1.მომჩივანი ითხოვს, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინება და დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
ასევე, მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში სრულად ვერ იქნა წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ითხოვს მიეცეს საშუალება დოკუმენტაციის წარდგენის.
2.გადასახადის გადამხდელის მიერ მიმდინარეობს შემმოწმებლების მიერ გადაგზავნილი გაანგარიშებების შესწავლა როგორც მოგების, დამატებული ღირებულების, ისე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში და დადგენილია რიგი შეუსაბამობები კომპანიის ბუღალტრულ აღრიცხვაში ასახულ მონაცემებთან და არსებულ პირველად დოკუმენტებთან,.
გადამხდელი ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაანგარიშებების ხელახლა გავლა კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
3.მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმა-საურავისგან.
ფაქტობრივი გარემოებები
1.საწარმოს საბანკო ანგარიშიდა ანგარიშვალდებულ პირებზე სისტემატურად გაიცემოდა სხვადასხვა დანიშნულებით სხვადასხვა ოდენობის თანხები. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა „ორისის“ მიხედვით, აღნიშნული თანხები გადახდილია თანამშრომლებზე მივლინების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, თუმცა მომჩივანს არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტაცია. შედეგად, „დაქირავებულისათვის გადახდილი სამივლინებო ხარჯების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის №220 ბრძანების და საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა გათვალისწინებით, აღნიშნული თანხები საანგარიშო პერიოდების მიხედვით დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.
მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
2.წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება დეკლარირებულისგან განსხვავებული მონაცემები.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების შედეგად დაკორექტირდა საწარმოს ხელფასის სახით გაცემული თანხების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა.
მომჩივანს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.
საწარმოს საბანკო ამონაწერების შესწავლით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე „შესრულებული მომსახურებებისთვის“ გადარიცხულია თანხები, რომელთა გადახდის წყაროსთან დაბეგვრა კომპანიას არ განუხორციელებია.
მომჩივანს დაერიცხა გადასახადი საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად. ასევე, დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
1.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
2.საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
3.საბჭო განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირის დაუდევარი ქმედება არ შეიძლება გახდეს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის სანქციებისგან გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
101,154,275,97,982,161,173,174,168,163,175,176
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტი.