ბრძანება N 18147
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18147
12 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“-ის (ს/ნ ------)
(მის.: ----------------------)
2025 წლის 29 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა შპს „------“-ის (ს/ნ ------) 2025 წლის 29 ივლისის №97198/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 ივლისის №024-46 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას და აცხადებს, რომ 2025 წლის თებერვლის თვეში შემოწმებით დაიბეგრა შესრულებული სამუშაო, რომელზეც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწერა და დაიბეგრა 2025 წლის იანვრის თვეში. დარიცხული გადასახადი 35 908 ლარი წარმოადგენს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ეა----- შესაბამის დღგ-ს, ხოლო აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა მიბმულია და დაბეგრილია იანვრის თვის დღგ-ის დეკლარაციით. მართალია მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოეწერა 2025 წლის თებერვლის თვეში, მაგრამ ინსპექტირების ანგარიშით შესრულებული სამუშაო დადასტურდა 2025 წლის 24 იანვარს. ამიტომ ჩაითვალა, რომ სამუშაოს შესრულებისა და შესაბამისად, დღგ-ით დაბეგვრის პერიოდი იყო იანვრის თვე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 8 ივლისის №15401 ბრძანება და №024-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 55 723 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 908 ლარი, ჯარიმა 17 954 ლარი, საურავი 1 861 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შპს „------“-ის (ს/ნ ------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში გზებისა და ავტობანების მშენებლობა, სამშენებლო მასალების (ქვიშა, ბალასტი და ა.შ) რეალიზაცია, ნარჩენების გატანის მომსახურება და სხვა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს -----ის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების (ქ. ----ში, ---- ქუჩაზე, ტროტუარების, მოაჯირების საყრდენი კედლების რეაბილიტაცია) აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. კერძოდ, საწარმოს 2025 წლის თებერვალში შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, აღნიშნულ ოპერაციებზე ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც (ეა-----, ეა-----, ეა---------).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც შპს „-----“-ს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე,საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს ------ის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას (ქ. -----ში, -------ს ქუჩაზე, ტროტუარების, მოაჯირების საყრდენი კედლების რეაბილიტაცია). კერძოდ, საწარმოს 2025 წლის თებერვალში შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, რომლებზეც, ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. შედეგად, გამოვლინდა სხვაობები გადამხდელის მიერ წარდგენილ დღგ-ით დასაბეგრ დეკლარირებულ ბრუნვასა და შემოწმებით დადგენილ ბრუნვას შორის.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაო დაბეგრილია 2025 წლის იანვრის თვეში, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ივნისის №11555 ბრძანებით შემოწმდა 2025 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში, მიღებაჩაბარების აქტები შედგენილი იყო 2025 წლის თებერვალში, რაც გადამხდელის მიერ არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში და შემოწმების მიერ განხორციელდა აღნიშნული ოპერაციების დაბეგვრა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №11555 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2025 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდი ბიუჯეტთან ანგარიშსწორების სისწორის დადგენის მიზნით დღგ-ის ნაწილში. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №15401 ბრძანება და №024-46 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 55 723 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 908 ლარი, ჯარიმა 17 954 ლარი, საურავი 1 861 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება,რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ბრუნვა არ მოიცავს მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად შესრულებული სამუშაოების ღირებულებას. კერძოდ, საწარმოს 2025 წლის თებერვალში შედგენილი აქვს მიღება-ჩაბარების სამი აქტი, რომელთა სრული ღირებულება შეადგენს 793 904.28 ლარს, აღნიშნულ ოპერაციებზე ასევე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურებიც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა, რის საფუძველზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 158(1); 159(1 „ა“ და „ბ“); 163(პირველი და მე-2); 164(1); 168(1);