გადაწყვეტილება №21191/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21191/2/2023
31 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 30.10.2023, 5.11.2023 და 6.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №21191/2/2023 (შემ. სამ. რეგ. 27.10.2023წ. №84391/1/2023); 84660/1/2023 (საბჭოში წარმ. 7.11.2023წ. №112846- 21-04); 21246/2/2023).
დავის საგანი:
საბჭოს 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 22.09.2023 წლის დასკვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №23862 ბრძანება;
3. აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №042-24 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 309 089.03 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 192 076.04
დღგ - 39 996
მიწის გადასახადი (სასოფლო) - (-43)
საშემოსავლო გადასახადი - 151 902
ქონების გადასახადი - 221
ჯარიმა - 66 051.3
საურავი - 50 961.69
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით, სამშენებლო-სარემონტო მომსახურების გაწევა ტენდერის ფარგლებში.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.06.2022 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 16.09.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო საკითხზე მითითებულია შემდეგი:
შესამოწმებელი პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ების ხარჯი შეადგენს 423 221 ლარს (მეწარმეს 2021 წელზე წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე (ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები, მიღება-ჩაბარებები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სმფ-ების ხარჯი შეადგენს 1 225 087 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, 801 866 ლარით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სასაქონლო-მატერიალური მარაგების ხარჯი.
შესამოწმებელი პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების ღირებულება შეადგენს ჯამურად 60 ლარს (მეწარმეს 2021 წელზე წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით). შემოწმების შედეგად პირველად საგადასახადო დოკუმენტებზე (იჯარის ხელშეკრულებები, საბანკო ამონაწერები, შესყიდვის აქტები, მიღება-ჩაბარების აქტები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების ღირებულება შეადგენს 36 740 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, 36 680 ლარით გაიზარდა შესამოწმებელი პერიოდის ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი სხვა ხარჯების ღირებულება
შესამოწმებელ პერიოდში წარდგენილი 2021 წლის ნოემბრის თვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ხელფასი და სხვა განაცემები შეადგენს ჯამურად 300 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). მეწარმეს აღნიშნულ დეკლარაციაში საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის დანართში უფიქსირდება გაცემული ხელფასი 85 000 ლარი, რომელზეც მონიშნულია 0%-იანი განაკვეთი. პირველად დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდის ხელფასი და სხვა განაცემები შეადგენს ჯამურად 110 300 ლარს (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). მეწარმეს არ აქვს დეკლარირებული ი/მ ------- გადახდილი თანხა 85 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). გადამხდელის განმარტებით თანხის გადახდა განხორციელდა მუშა ჯგუფის უფროსზე როგორც გაწეული მომსახურების ანაზღაურება, შესაბამისად თანხის დაბეგვრა არ განხორციელდა. შემოწმების მიმდინარეობისას გამოიკითხა ი/მ -------, რომლის განმარტებით იგი წარმოადგენდა სხვა ხელოსნებთან ერთად გადამხდელის დაქირავებულ თანამშრომელს, ხოლო ყველა დაქირავებული ხელოსნის თანხის ჩარიცხვა განხორციელდა მის საბანკო ანგარიშზე და მან მოახდინა თანხების განაწილება. ასევე, გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული არამეწარმე ფიზიკურ პირზე სამშენებლო მომსახურებისთვის გადახდილი თანხა 3 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე). ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საგადასახადო კოდექსის 81-ე და 154-ე მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, ი/მ ------- და არამეწარმე ფიზიკურ პირზე გადახდილი თანხა 88 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლებით.
შესამოწმებელი პერიოდის წლიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების მიხედვით დეკლარირებული გაცემული ხელფასის ხარჯი ჯამურად შეადგენს 2 592 ლარს (მეწარმეს 2021 წელზე წარდგენილი აქვს საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია ნულოვანი ფორმით). შემოწმების შედეგად, პირველად დოკუმენტებზე (საბანკო ამონაწერები) და საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასის ხარჯი ჯამურად შეადგენს 181 663 ლარს. შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის გათვალისწინებით, მიღებული სხვაობით 179 071 ლარის ოდენობით გაიზარდა შესამოწმებელ პერიოდში გაცემული ხელფასის ხარჯი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 27.09.2022 წლის №24756 ბრძანება და 28.09.2022 წლის №042-25 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2022 წლის 25 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 18.07.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7529 ბრძანება; მე-2 დავის საგანთან (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია 22.09.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ დაკორექტირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები სულ 7 335 ლარით, მათ შორის წლიური საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 4 890 ლარით და ჯარიმა 2 445 ლარით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.09.2023 წლის №23862 ბრძანება და ამავე თარიღის №042-24 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს, რომ საბუღალტრო პროგრამაში ასახული ხარჯები სრულად არ არის გათვალისწინებული გადაანგარიშებისას, კერძოდ 2021 წელს გამოსაქვით ხარჯში გათვალისწინებული არ არის საკუთარი წარმოებისთვის (შენობა ნაგებობა, ფერმისთვის შეძენილი სხვა ძირითადი საშუალებები) შეძენილი ხარჯები/მომსახურება, რომელიც შედგენს 163 084 ლარს. კერძოდ:
1) მომსახურების ანაზღაურება 3 575 ლარი;
2) საკუთარი წარმოებისთვის (დაუმთავრებელი მშენებლობა) გაწეული ხარჯი 51 619 ლარი;
3) ფერმის მოსაწყობად განკუთვნილი ძირითადი საშუალების ღირებულება 107 890 ლარი (რომლის სრულად გამოქვითვას ითხოვს).
ასევე გამოსაქვითი სხვა ხარჯების ნაწილი, კერძოდ:
1) ბანკის საკომისიო 1 511 ლარი (რომელიც ასახულია საბუღალტრო პროგრამაში, ასევე აქტში);
2) საიჯარო ქირა 2 400 ლარი (რომელიც ასახულია საბუღალტრო პროგრამაში, ასევე აქტში);
3) მომსახურების ხარჯი 20 765 ლარი, ბუღალტრული ჩანაწერებით და პირველადი დოკუმენტებით დასტურდება რომ 2021 წელს მიღებული მომსახურები ხარჯები შეადგენს 50 138 ლარს, 29 373 ლარი არ მონაწილეობს ერთობლივ გამოქვითვებში: ა) ჭაბურღილის მოწყობა 20 000 ლარი; ბ) ბეტონის შეძენა საკუთარი წარმოებისთვის 7 700 ლარი; გ) ექსპერტიზისთვის გადახდილი თანხები, რომელიც ეკუთვნოდა სატენდერო სამუშაოებს 1 677 ლარი;
4) სხვა საერთო გამოქვითვები 5 774 ლარი, ბუღალტრული ჩანაწერებით და პირველადი დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2021 წელს მიღებული სხვა საერთო ხარჯები შეადგენს 20 905 ლარს, 15 131 ლარი არ მონაწილეობს ერთობლივ გამოქვითვებში.
ზემოთ აღნიშნული ხარჯი დასტურდება დოკუმენტურად, ამდენად, არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, ვინაიდან არ არის სრულფასოვნად აღსრულებული.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საბჭოს 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილებით მე-2 დავის საგანთან (ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა) დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოახდინოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.
საბჭოს 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 22.09.2023 წლის დასკვნა, საიდანაც ირკვევა, რომ:
გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები (შესყიდვის აქტები, ფორმა 2-ები). აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა წარადგინა შესაბამისი გაწეული ხარჯის კონკრეტულ მომსახურებაში გაწევის დამადასტურებელი ფორმა 2-ები. შესამოწმებელ პერიოდში მეწარმე ახორციელებდა ფერმის მშენებლობას, რომელზეც გაწეული ჰქონდა ხარჯები, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ძირითადი საშუალება შესამოწმებელ პერიოდში არ იყო ექსპლუატაციაში შესული და გაწეული ხარჯები შემოწმების ეტაპზე არ დაექვემდებარა გამოქვითვას (გადაანგარიშების დროს წარდგენილია იგივე დოკუმენტები რაც წარდგენილი იყო შემოწმებისას, გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით აღნიშნულ ნაწილში არ გამოვლენილა შემოწმების აქტის შედგენისას არსებული მტკიცებულებებისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირებას არ დაექვემდებარა).
გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულებები, აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლით დადასტურდა დამატებით 24 450 ლარის ხარჯის გაწევა, შესაბამისად გადაანგარიშებით გაიზარდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის ღირებულება 24 450 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა შემოწმების აქტით დარიცხული თანხები და მეწარმეს შეუმცირდა წლიური საშემოსავლო გადასახადში განხორციელებული დარიცხვა და შესაბამისი ჯარიმა.
მომჩივნის მიერ წარმოდგენილ საჩივრებში მითითებულია ის არგუმენტაცია, რომლის შესწავლაც დაევალა აუდიტის დეპარტამენტს მომჩივნის მიერ აღნიშნული არგუმენტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში. ხოლო აღსრულების შედეგებზე არგუმენტს (კონკრეტულ მითითებას), რა ნაწილში არ აღსრულდა ან არ გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა არ წარმოადგენს.
საჩივართან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 3.11.2023 წლის №111539-21-14 ინფორმაციით, მეწარმეს 2021 წელს შეძენილი აქვს ქათმის ფერმის მოსაწყობად შესაბამისი მანქანა/დანადგარები, აგრეთვე განხორციელებული აქვს ფერმის შენობის მშენებლობა, ხოლო ცოცხალი ქათმების შეძენას ახორციელებს 2022 წლიდან. შემოწმების შესახებ ბრძანება არ მოიცავდა 2022 წლის ერთობლივი შემოსავლის/გამოქვითვების შემოწმებას, შესაბამისად ვინაიდან აღნიშნული საქმიანობიდან შემოსავლის მიღება არ მომხდარა შესამოწმებელ პერიოდში, ასევე ძირითადი საშუალება არ იყო შესული ექსპლუატაციაში 2021 წელს, შესაბამისად არ მოხდა აღნიშნული ხარჯების გამოქვითვა. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ სხვა ხარჯებთან დაკავშირებით წარდგენილი ინფორმაციები/დოკუმენტები/ფორმა 2-ები, რომლებიც არ უკავშირდებოდა ექსპლუატაციაში არშესულ ძირითად საშუალებას, სრულად იქნა გათვალისწინებული, რითაც განხორციელდა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ღირებულების გაზრდა.
აღნიშნულიდან და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია მომჩივნის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს საბჭოს 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წერილის და დადგენილების საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2022 წლის 25 ოქტომბერს და 1 ნოემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 6.04.2023 წლის №7529 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც 18.07.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაზეც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილია დასკვნა.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილია მომჩივნის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილი დოკუმენტაცია, საბჭოს მიაჩნია, რომ მისი 9.06.2023 წლის №19442/2/2023 გადაწყვეტილება აღსრულებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)