გადაწყვეტილება №18476/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№18476/2/2022
9.02.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ --------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 19.12.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №18476/2/2022).
დავის საგანი:
საჩივრის განუხილველად დატოვება - გასულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №006-402 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29839 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 2 005 453 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 001 872
დღგ - 208 554
საშემოსავლო გადასახადი - 793 318
ჯარიმა - 500 791
საურავი - 502 790
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგენილია აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი და გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 29.12.2021 წლის №006-1080 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.07.2022 წლის №17228 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების შედეგად აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის დასკვნის საფუძველზე, დაკორექტირდა 2020 წლის ივნისის, ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბრის თვეები, ჯამში გადასახადი შემცირდა 38 983 ლარით, ხოლო ჯარიმა 19 493 ლარით, სულ შემცირდა 58 476 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №006-402 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29839 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველ და მე-9 ნაწილებზე, 299-ე მუხლის პირველ, მე-4 და მე-10 ნაწილებზე და 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ 22.08.2022 წლის დასკვნას საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 14.09.2022 წლის №23776 ბრძანებას და ამავე თარიღის №006-402 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 14.09.2022 წელს. შემოსავლების სამსახურში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 4.11.2022 წელს
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანს არ წარუდგენია არგუმენტაცია საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, შპს -------- (ს/ნ ---------) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №006-402 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ძირითადად საუბრობს დარიცხვის არამართლზომიერებაზე, ითხოვს შემცირდეს ე.წ. დარღვევაზე დამატებით დარიცხული გადასახადები თავის სანქციებით, ხოლო სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საჩივრის 4.11.2022 წელს გადაგზავნა გამოწვეული იყო დირექტორის ავადმყოფობიდან, რომელიც მიმდინარეობდა 3.11.2022 წლამდე და აქედან გამომდინარე საჩივრის გადაგზავნა (ელექტრონულად ან მატერიალური სახით) ვერ მოახერხებდა, რის გამოც საჩივარი უნდა იქნას წარმოებაში მიღებული და მოხდეს მისი განხილვა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
ამავე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 22.08.2022 წლის დასკვნას, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 14.09.2022 წლის №23776 ბრძანებას და 14.09.2022 წლის №006-402 საგადასახადო მოთხოვნას გადასახადის გადამხდელი გაეცნო ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით 14.09.2022 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №006-402 საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების ვადის 30-ე დღე იყო 14.10.2022 წელს (ემთხვევა არასამუშაო დღეს). მომჩივანს საჩივრის წარდგენა შეეძლო 15.10.2022 წლის ჩათვლით.
აუდიტის დეპარტამენტის 14.09.2022 წლის №006-402 საგადასახადო მოთხოვნის გაუქმების თაობაზე საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია ელექტრონულად 4.11.2022 წელს (№76001/1/2022).
საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებები ვერ ჩაითვლება, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მომჩივნისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შესაბამისად, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 30.11.2022 წლის №29839 ბრძანება საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვების თაობაზე მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.