გადაწყვეტილება №28021/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28021/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№28021/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 26.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28021/2/2026).

 

დავის საგანი:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი და დაკისრებული ჯარიმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 1.07.2026 წლის №001-152 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18127 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 26 987 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 5 907

მოგების გადასახადი - 5 015

ქონების გადასახადი - 892

ჯარიმა - 21 080

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი, თხევადი გაზი და საწვავის მისართი) იმპორტი და რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2023 წლიდან 1.02.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 29 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების, წარდგენილი ანგარიშგებებისა და დეკლარაციების, გადასახადის გადამხდელის განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ კომპანიას, შესამოწმებელ პერიოდში, უფიქსირდება 183 403.9 ლარის ღირებულების საწვავისა და საპოხი მისართის ნაშთი, რომელთან დაკავშირებითაც მიღებული განმარტებით, აღნიშნული წარმოადგენს საბაჟო ტერმინალში ფაქტობრივად მიღებულ დანაკლისს, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდში. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მასალების ინვენტარიზაცია, რა დროსაც სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გამოვლინდა.

შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა ჯარიმა საქონლის დანაკლისის საბაზრო ღირებულების 10%-ის ოდენობით 18 340 ლარი.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი ივლისის №14815 ბრძანება და №001-152 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18127 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილზე, 269-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე მუხლის მე-2 ნაწილზე, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული სანქცია არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად საქონლის დანაკლისის განსაზღვრა, ხოლო დადგენილ დანაკლისზე ჯარიმის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს, ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემმოწმებლების გადაწყვეტილებას არასწორად და უსამართლოდ თვლის, რადგან საწვავის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ბუნებრივად ახლავს დანაკარგები (ნალექი, აორთქლება და სხვა ), რაც არის საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი.

ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგი არის მისი ფიზიკური მასის ან მოცულობის შემცირება მათი ტრანსპორტირების, შენახვისა და გადამუშავების პროცესში, რაც გამოწვეულია ბუნებრივ, ფიზიკურ - ქიმიური პროცესებით (მაგალითად: აორთქლება, გამოშრობა, დაღვრა). ამდენად, აღნიშნული დანაკლისი არის დანაკარგი და არა მიწოდება, რეალიზაცია. შემმოწმებლებს სათანადოდ განემარტათ ეს საკითხი და ვიზუალურადაც აჩვენეს, თუ რამდენად გარდაუვალია რეზერვუარში შენახული საწვავსაპოხი მასალების დანალექის წარმოშობა, აორთქლება, ტემპერატურული რეჟიმის ცვლილების კვალობაზე მოცულობის ცვლილება, კერძოდ განუმარტეს, რომ ნავთობპროდუქტების ძირითად დანაკარგებს იწვევს აორთქლება, გაჟონვა, ტემპერატურული ცვლილებები და ფრაქციული დაშლა. დანაკარგები მერყეობს პროდუქტის სახეობის და ტრანსპორტირების შენახვის პერიოდის მიხედვით. დანაკარგების ძირითადი სახეებია:

1. ფიზიკურ - ბუნებრივი დანაკარგი (აორთქლება) - ყველაზე გავრცელებული სახეობაა, როდესაც პროდუქტის მსუბუქი ფრაქციები ორთქლდება რეზერვუარებსა, თუ ცისტერნებში არსებული თავისუფალი სივრციდან, რომელიც განსაკუთრებით მაღალია ზაფხულის ცხელ პერიოდში;

2. დანაკარგი მიღებამ-გაცემისას - გამოწვეულია ჩამოსხმის პროცესში პროდუქტის ნარჩენით მილსადენებში, ცისტერნის კედლებზე (ე.წ. „ფაფუკი ფენა“) ან ტუმბოების მუშაობით;

3. შენახვის დანაკარგი (რამდენიმე თვე) - რაც უფრო დიდხანს ინახება ნავთობპროდუქტი, მით მეტია აორთქლების რისკი;

4. რეზერვუარში დასაწყობებული ზოგიერთი ბლანტი ნავთობპროდუქტის გატანისას სრულად იგივე მოცულობა ვერ მიიღება, რადგან მისი ნაწილი რეზერვუარის კედლებზე ილექება.

აღნიშნული განმარტებები მხედველობაში არ იქნა მიღებული.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტები ინახებოდა ლიცენზირებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით, საიდანაც საგადასახადო ორგანოს მარტივად შეეძლო დაედგინა მოხდა თუ არა საქონლის აღურიცხავი გატანა/რეალიზაცია კომპანიის მიერ.

თუმცა, შემმოწმებლებს არც ეს გაუკეთებიათ და შემოწმების აქტში მაინც დაფიქსირდა დანაკლისი, რაც მიჩნეული იქნა სრული ოდენობით მიწოდებად (რეალიზაციად). შემოწმების აქტი გაზიარებული იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერაც და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმა 18 340 ლარის ოდენობით (დანაკლისის 10%).

აღსანიშნავია ისიც, რომ შემმოწმებელთა მიერ არ ყოფილა გათვალისწინებული არც „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების დებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 183 403.9 ლარის დანაკლისი არ არის საწვავ- საპოხი მასალების აღურიცხავად რეალიზაციის მიწოდების შედეგი, არამედ არის დროთა განმავლობაში დაგროვებული დანაკარგი, რაზედაც შემმოწმებელთა მიერ სათანადოდ არ შესწავლილა და არ გამოკვლეულა.

ამ გარემოებებზე დაყრდნობით, 2026 წლის 24 ივლისს წარადგინა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, რომლითაც მოითხოვა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №14815 ბრძანების და №001-152 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობა ჯარიმის დაკისრების ნაწილში - 18 340 ლარის ოდენობით. მაგრამ, შემოსავლების სამსახურმა არ გაითვალისწინა მითითებული არგუმენტაცია და 2026 წლის 1 აგვისტოს №18127 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მიაჩნია, რომ აღნიშნული ბრძანება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელია. მასში რეალურად არ არის გაცემული პასუხი არცერთ სადავო საკითზე, რაზედაც უთითებდა საჩივარში, არამედ უბრალოდ არის ციტირებული და გაზიარებული შემმოწმებლის პოზიცია.

ასევე, აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა არ მიიწვია საჩივრის განხილვაზე, რითაც არ მიეცა შესაძლებლობა ზეპირი მოსმენის დროს დაეცვა საკუთარი პოზიცია. ამდენად, საჩივარი განხილულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

ითხოვს მითითებული ფაქტობრივ/სამართლებრივი არგუმენტაციის გათვალისწინებას და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების (გადაწყვეტილების) გაუქმებას, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 1 ივლისის №14815 ბრძანების და №001-152 საგადასახადო მოთხოვნის ნაწილობრივ ბათილად ცნობას ჯარიმის დაკისრების ნაწილში - 18 340 ლარის ოდენობით, საჩივრის განხილვას კომპანიის წარმომადგენელის მონაწილეობით, რათა მიეცეს საქმისთვის მნიშვნელოვანი დეტალების სათანადოდ განმარტების და საჭიროების შემთხვევაში, საბჭოს წევრთა მიერ შეკითხვებზე პასუხის გაცემის საშუალება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

კომპანიის საბუღალტრო ჩანაწერების, წარდგენილი ანგარიშგებებისა და დეკლარაციების, გადასახადი გადამხდელის მიერ გაკეთებული განმარტებების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 183 403.9 ლარის ღირებულების საწვავისა და საპოხი მისართის ნაშთი, რომელთა დაკავშირებითაც მიღებულია განმარტება, რომ აღნიშნული წარმოადგენს საბაჟო ტერმინალში ფაქტობრივად მიღებულ დანაკლისს, რომელიც კომპანიას არ აქვს დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდში. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მასალების ინვენტარიზაცია, რა დროსაც სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გამოვლინდა.

აუდიტის დეპარტამენტი 31.08.2026 წლის №82733-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება 183 403.9 ლარის ღირებულების საწვავისა და საპოხი მისართის ნაშთი და მიღებული განმარტებით აღნიშნული წამოადგენს საბაჟო ტერმინალში ფაქტობრივად მიღებულ დანაკლისს, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდში. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მასალების ინვენტარიზაცია, რა დროსაც სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გამოვლინდა. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს დანაკლისს და ექვემდებარება დეკლარირებას აღმოჩენის შესაბამის საგადასახადო პერიოდში, ხოლო ვინაიდან დანაკლისი აღმოჩენილია საგადასახდო ორგანოს მიერ, კომპანიას დაერიცხა ჯარიმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხის 10% 18 340 ლარის ოდენობით.

მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საწვავის ტრანსპორტირებას და დასაწყობებას ბუნებრივად ახლავს დანაკარგები, რაც საყოველთაოდ ცნობილია. ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგი გამოწვეულია ბუნებრივ, ფიზიკურ - ქიმიური პროცესებით (მაგალითად: აორთქლება, გამოშრობა, დაღვრა). ამდენად, აღნიშნული დანაკლისი არის დანაკარგი და არა მიწოდება, რეალიზაცია. აღნიშნულის თაობაზე განუმარტეს შემმოწმებელს, ვიზუალურადაც აჩვენეს თუ რამდენად გარდაუვალია რეზერვუარში შენახული საწვავ-საპოხი მასალების დანალექის წარმოშობა, აორთქლება, ტემპერატურული რეჟიმის ცვლილების კვალობაზე მოცულობის ცვლილება, მაგრამ მათი განმარტებები არ იქნა მხედველობაში მიღებული. კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტები ინახებოდა ლიცენზირებულ საბაჟო საწყობში, რომელიც აღჭურვილია 24 საათიანი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით, საიდანაც საგადასახადო ორგანოს შეეძლო დაედგინა მოხდა თუ არა საქონლის აღურიცხავი გატანა/რეალიზაცია კომპანიის მიერ, თუმცა შემმოწმებელს აღნიშნული არ განუხორციელებია, ასევე არ ყოფილა გათვალისწინებული არც „ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 6 აგვისტოს №20839 ბრძანების დებულებები, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საკითხი სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელია, რადგან არ არის გაცემული პასუხი არცერთ სადავო საკითზე, რაზედაც უთითებდა საჩივარში. ამასთან, შემოსავლების სამსახურმა არ მიიწვია საჩივრის განხილვაზე, რითაც არ მიეცა შესაძლებლობა ზეპირი მოსმენის დროს დაეცვა საკუთარი პოზიცია. ამდენად, საჩივარი განხილულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებულის ანალოგიური გარემოებები/არგუმენტები, ამასთან აღნიშნა, რომ შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა საჩივრდება ნაწილობრივ, არ ეთანხმება დანაკლისის საფუძვლით დაკისრებულ ჯარიმას 18 340 ლარის ოდენობით, აღნიშნული წარმოადგენს ბუნებრივ დანაკარგს, საბაჟო ტერმინალი, სადაც განთავსებულია კომპანიის კუთვნილი ნავთობპროდუქტები, დაცულია კამერებით და შემმოწმებელს რომ ენახა ჩანაწერები ნახავდა, რომ არაფერი გაუტანია კომპანიას, ამიტომ ჯარიმის დაკისრება უსამართლოდ მიაჩნია. ტემპერატურის ცვლილებაც კი მოქმედებს ნავთობპროდუქტებზე ავზის გახსნის დროს, ამდენად აღნიშნული ბუნებრივი დანაკარგია. საწვავის გატანისას დანაკარგი დიდია, რადგან აორთქლება ხდება, აქ მთავარი ის არის, რომ კომპანიას არ გაუტანია არსად საქონელი, ეს იყო ტერმინალის გარდამავალი ნაშთი, მის ჩამოწერას ვერ მოახდენდნენ, რადგან დოკუმენტი არ ქონდათ, ხოლო ტერმინალმა დანაკლისზე შესაბამისი დოკუმენტი არ მისცა. ამასთან, არ ყოფილა გათვალისწინებული ბუნებრივი დანაკარგის ნორმა შემმოწმებლის მიერ.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფაქტობრივ გარემოებებში აღნიშნულზე დამატებით განმარტა, რომ კომპანიას მოწესრიგებული ბუღალტრული აღრიცხვა აქვს, რეალიზაციის დოკუმენტები დადასტურებულია, მაგრამ სადავო საწვავის ნაშთი მოსდევს შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, აღნიშნული ნაშთად თავად ქონდა დაფიქსირებული გადასახადის გადამხდელს. ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტი, ამიტომ დანაკლისად ჩაითვალა და დაიბეგრა აღმოჩენის მომენტში. ყველა დეკლარაცია ინაშთება, რეალურად შეიძლება მოპარვას ქონდეს ადგილი, მაგრამ ფაქტობრივად დააკლდა. რაც შეეხება დანაკარგის ნორმის გათვალისწინებას, მომჩივანს თვითონაც არ ქონდა და არც შემდგომ პერიოდზე არ ქონდა ჩასმული, რაც შემოიტანა იმდენივე აქვს გაყიდული გარდა ამ კონკრეტული შემთხვევისა. აღნიშნული დანაკლისი ფაქტობრივად წარმოშობილია 2019-2020 წწ (ხანდაზმულ პერიოდში) და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბოლოს რომ ვეღარ ჩაუსხა, აღმოჩნდა რომ საწვავი აღარ ქონდა, რაც უნდა ქონოდა, ყველა დანარჩენი ინაშთება სწორად. ანუ, რადგან მისი ჩამოწერის საბუთი არ გააჩნდა ატარებდა ბუღალტრულ ნაშთად წლების განმავლობაში, ამასთან რაოდენობა არ იცვლება, მისი მომდევო წლები კი ყველა განაშთულია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომ შემმოწმებლის მიერ დადგენილი დანაკლისი, მისი პოზიციით წარმოადგენს ბუნებრივ დანაკარგს, ამასთან არ მომხდარა ნავთობპროდუქტების ბუნებრივი დანაკარგის ნორმის გათვალისწინება და რომ შემოსავლების სამსახურის მიერ საჩივრის განხილვა მოხდა მისი მონაწილეობის გარეშე, შესაბამისად, არ მიეცა საკუთარი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა და რომ საჩივარი განხილულ იქნა საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. მომჩივნის განმარტებით, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას მისი არგუმენტაციისა და მტკიცებულებების საფუძვლიანი შესწავლა და გაანალიზება არ მომხდარა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 11.08.2026 წლის №18127 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით დადგენილი დანაკლისი და დაკისრებული ჯარიმა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტი, სადავო საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება საწვავისა და საპოხი მისართის ნაშთი და აღნიშნული წამოადგენს საბაჟო ტერმინალში ფაქტობრივად მიღებულ დანაკლისს, რომელიც გადასახადის გადამხდელს არ აქვს დეკლარირებული შესაბამის საგადასახადო პერიოდში. კომპანიაში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური მასალების ინვენტარიზაცია, რა დროსაც სასაქონლო მარაგების ნაშთი არ გამოვლინდა. საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული წარმოადგენს დანაკლისს და ექვემდებარება დეკლარირებას აღმოჩენის შესაბამის საგადასახადო პერიოდში, ხოლო ვინაიდან დანაკლისი აღმოჩენილია საგადასახდო ორგანოს მიერ, კომპანიას დაერიცხა ჯარიმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის თანხის 10%.

 

გადაწყვეტილება

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286(9)