ბრძანება N 18133
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18133
11 აგვისტო 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---.“-ის (ს/ნ ---)
(ფაქტ. მის.: ---) 2026 წლის 14 ივლისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 31 ივლისის სხდომაზე (ოქმი №69) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ----) 2026 წლის 14 ივლისის №103432/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 15 ივნისის №055-4 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ სადავო ანგარიშფაქტურები (ეა-----) წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის და სპეციფიკური სახელშეკრულებო ურთიერთობის პირობებში გამოწერილ დოკუმენტებს, 2025 წლის სექტემბრის და 2026 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდში ამ მოცულობის სამუშაოების ფაქტობრივი შესრულება ან მატერიალური სიკეთის გადაცემა არ მომხდარა. შესაბამისად, მხოლოდ სისტემაში დოკუმენტის არსებობა, რეალური ეკონომიკური შინაარსის გარეშე, ვერ წარმოშობს საგადასახადო ვალდებულებას.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ მყიდველმა მხარემ ტექნიკურად დაადასტურა/ასახა აღნიშნული ანგარიშფაქტურები, მათ შორის რეალური ფულადი ანგარიშსწორება არ განხორციელებულა, მყიდველი მხარე თავად წარმოადგენდა მესამე პირებისგან (დამკვეთებისგან) დაფინანსების მოლოდინში მყოფ სუბიექტს. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სადავო პერიოდებში არ არსებობდა პირველადი მატერიალური დოკუმენტაცია (მიღება-ჩაბარების აქტები, ფორმა №2, საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა), საგადასახადო ორგანომ არასწორად მოახდინა ოპერაციის პერიოდიზაცია, საგადასახადო ვალდებულება უნდა განსაზღვრულიყო ოპერაციის რეალურად დასრულების პერიოდში და არა ფაქტურის გენერირების თვეში. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაუქმებას.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 მაისის №10174 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების / სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურებისა და საბაჟო დეკლარაციების 2025 წლის სექტემბრისა და 2026 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2026 წლის 8 ივნისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2026 წლის 15 ივნისის №13068 ბრძანება და ამავე თარიღის №055-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 50 461 ლარი, მათ შორის გადასახადი 32 643 ლარი, ჯარიმა 15 787 ლარი და საურავი 2 031 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე, 2025 წლის სექტემბრისა და 2026 წლის იანვრის თვეებზე წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციებით, საწარმოს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 33 911.32 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „---“- ის (ს/ნ ---) მიერ გამოწერილ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის საერთო თანხამ აღნიშნულ პერიოდებზე შეადგინა 215 267.25 ლარი (დღგ-ის გარეშე), კერძოდ, გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი ეა---- და ეა-84 9540077 ელ. ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 163-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა ამავე კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „---“- ის მიერ გამოწერილ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის საერთო თანხამ აღნიშნულ პერიოდებზე შეადგინა 215 267.25 ლარი (დღგ-ის გარეშე), კერძოდ, გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი ეა---- და ეა---- საგადასახადო ანგარიშფაქტურებით განსაზღვრული თანხები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ უტყუარი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სრულად გამორიცხავს საანგარიშო პერიოდში მატერიალური აქტივების მიწოდების განხორციელებას არის ის, რომ შპს „---“-ის კუთვნილ ქონებაზე რეგისტრირებული იყო საგადასახადო ყადაღა. შესაბამისად, ვინაიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერის მომენტში ძალაში იყო აღნიშნული ყადაღა, სამართლებრივად და ფაქტობრივად შეუძლებელი იყო ქონების საკუთრებაში გადაცემა შპს „---თვის“. საგადასახადო კანონმდებლობის მიზნებისთვის, შეზღუდული განკარგვის უფლების მქონე აქტივის გასხვისება კანონშეუსაბამოა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საანგარიშო პერიოდში დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არ არსებობს. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, ვალის მართვის დეპარტამენტის 15.04.2026 წლის №021- 347/1 ბრძანებითა და ქონების აღწერის აქტით დასტურდება, რომ სადავო ფაქტურაში მითითებული ძირითადი საშუალება სატრანსპორტო საშუალება MAN (სახელმწიფო ნომრით ---) ფაქტობრივად აღიწერა მომჩივნის ტერიტორიაზე და დღემდე ირიცხება შპს „---“-ის მფლობელობაში. მხარეებს შორის 2026 წლის 13 ივლისს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტით ორივე სუბიექტი ოფიციალურად ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული სამართლებრივი შეზღუდვების (ყადაღის) და შპს „---ს“ ფინანსური კრიზისის გამო, ანგარიშ-ფაქტურებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულება და ქონების საკუთრების უფლების გადაცემა ობიექტურად ვერ განხორციელდა.
შესაბამისად, სახეზეა მხოლოდ სააღრიცხვო-კომერციული დავალიანება და არა დასრულებული მიწოდების ოპერაცია, რაც გამორიცხავს ბრუნვის მექანიკურ კორექტირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გაუქმებას.
ამასთან, გადამხდელს საჩივარზე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის დადგენის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოში გადამოწმების გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ფაქტი, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებზე დარიცხული ჯარიმა/საურავი შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად დაკისრებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის დადგენის მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოში გადამოწმების გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ფაქტი, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით, გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდებზე, 2025 წლის სექტემბრისა და 2026 წლის იანვრის თვეებზე წარმოდგენილი დღგ-ის ყოველთვიური დეკლარაციებით, საწარმოს 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 33 911.32 ლარს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, მომძივნის მიერ გამოწერილ დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის საერთო თანხამ აღნიშნულ პერიოდებზე შეადგინა 215 267.25 ლარი (დღგ-ის გარეშე), კერძოდ, გადამხდელის მიერ არ არის დაბეგრილი ელ. ანგარიშ-ფაქტურებით განსაზღვრული თანხები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა.
გადაწყვეტილება:
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ პირველი სადავო საკითხთან დაკავშირებით, სამეურნეო ოპერაციების განხორციელების რეალობის დადგენის მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის შესაბამისად, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი (საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოში გადამოწმების გზით) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, თუ არ დადასტურდება სამეურნეო ოპერაციების განხორციელების ფაქტი, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159 (1); 164 (1); 163 (1,2); 269 (7).