გადაწყვეტილება №93156/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№93156/1/2024
06 მარტი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: სს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---ის 3.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №93156/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №007-264 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა:
1 231 103 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 489 612
ჯარიმა - 244 806
საურავი - 496 685
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2015 წლიდან 1.01.2016 წლამდე პერიოდის, საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2018 წლის 10 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელის შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენს 2015 წლის დეკემბრის თვე, აღნიშნულ თვეში დღგ-ის დეკლარაციაში 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა განსაზღვრულია 1 667 788 ლარით. განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი და შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მეშვეობით დადგინდა, რომ 2015 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებულ ოპერაციაზე საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოწერილია 2016 წელს, რომლის მიხედვით 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 387 857 ლარს. აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სს „----ისგან (ს/ნ ---) გრძელვადიან კონტრაქტთან და მასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც დადებულია 2014 წელს გადასახადის გადამხდელთან. წარდგენილი გრძელვადიანი ხელშეკრულებით ვერ დგინდება როდის და რა ღირებულების მომსახურება იქნა გაწეული, გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი მასალების ჩამოწერის აქტები ე.წ. ფორმა 2-ები. შემოწმების შედეგად, 2015 წლის დეკემბერში, ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით დადგენილი, დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის თანახმად, დაექვემდებარა დაბეგვრას.
გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.12.2018 წლის №35978 ბრძანება და 14.12.2018 წლის №007-439 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.04.2019 წლის №11466 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
1. გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შეისწავლოს საგადასახადო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლებში 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს სანქციის კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 17.04.2019 წლის №11466 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 6.02.2020 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.02.2020 წლის №007-58 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.07.2020 წლის №21181 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას, რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 13.02.2023 წლის №007-24 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესაბამისად, საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.11.2024 წლის №007-264 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივნის მიერ, 3.12.2024 წელს შემოსავლების სამსახურში ელექტრონულად რეგისტრირებული №93156/1/2024 საჩივარი, როგორც ელექტრონულად, ასევე დავების დეპარტამენტის 3.12.2024 წლის №112742-21-04 წერილით, საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის საფუძველზე, კუთვნილებისებრ გამოიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 11 თებერვლის №10976/2/2020 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 27.07.2020 წლის №21181 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელთან ერთად, საკითხის დამატებით შესწავლა და საგადასახადო ვალდებულებების ხელახალი განსაზღვრა. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებთან მოხდა შეხვედრა, წარუდგინეს კომპანიის ხელთ არსებული და მათ მიერ მოთხოვნილი ყველა საჭირო საბუღალტრო დოკუმენტი და მიიღეს მათგან ზეპირი შეთანხმება იმის თაობაზე, რომ ყველაფერი ნათელია მათთვის, ეთანხმებიან მათ მიერ წარდგენილი სარჩელის სამართლიანობაში, კერძოდ კი, გადავადებული კონტრაქტის მიხედვით დღგ-ის დარიცხვის ნაწილში სწორად ქონდა აღრიცხული დღგ-ის თანხა და განმეორებით დღგ-ით დარიცხვას არ უნდა დაექვემდებაროს. მიუხედავად აღნიშნულისა, მათ ისევ (ეს უკვე მეორედ) არ განახორციელეს ორჯერ დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირება (შემცირება) და კვლავ უცვლელი დარჩა შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები.
გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, ორჯერ დღგ-ით დაბეგვრის საკითხის ნაწილში, მიუთითებს შემოწმებით განხორციელებული დარიცხვის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ შემმოწმებლების მიერ კიდევ ერთხელ გადამოწმდა (მათი უშუალო მონაწილეობის გარეშე) და 2023 წლის 9 თებერვალს გამოიცა შემოწმების შედეგების გადაანგარიშების აქტი, სადაც აღნიშნულია: „2018 წლის 10 დეკემბერს შედგენილი იქნა სს „---“-ის (ს/ნ ---) კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი. შედეგად, 2015 წლის დეკემბრის საოპერაციო პერიოდზე ელ. ანგარიშ ფაქტურების დადგენილი დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა, საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, დაექვემდებარა დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელის მიერ, 2019 წლის 3 იანვარს, წარმოდგენილი იქნა საჩივარი, სადაც გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების პროცესში, მის მიერ მიცემული იყო ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის დეკემბრის თვეში გრძელვადიანი კონტრაქტის პირობების შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაბეგრილი ჰქონდა 2 720 723 ლარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუდიტორის მიერ ხანდაზმულობის მოტივით არ იქნა გადამოწმებული 2014 წლის დღგ-ის დეკლარაციის სისწორე და ერთსა და იმავე თანხაზე განმეორებით იქნა დარიცხული დღგ-ის თანხა. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით იქნა წარმოდგენილი მხოლოდ 2015-2016 წლებში შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფორმა 2-ი, რაც არ იძლევა ინფორმაციას 2014 წლის საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2020 წლის 6 თებერვალს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას. გადასახადის გადამხდელმა 2020 წლის 14 აგვისტოს დამატებით წარმოადგინა საჩივარი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 11 თებერვლის №10976/2/2020 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელს დამატებით დაევალა დოკუმენტაციის წარდგენა. გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ეტაპზე არ არის წარმოდგენილი, შემოწმების პროცესში ან/და 2020 წლის 6 თებერვლის დასკვნის ეტაპზე, წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისაგან განსხვავებული, დამატებითი დოკუმენტაცია. შესაბამისად, 2023 წლის 9 თებერვალს შედგენილ იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას/შემცირებას.“.
ამის შემდგომ, დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული ფორმით წარადგინეს შესაბამისი პერიოდების (2014-2015-2016 წლების) შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფორმა 2-ები (რასაც თვითონაც ადასტურებენ). მთლიანობაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და 2014-2015 წლის დეკემბრის თვეში, გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა არის ერთიდაიგივე (დაბალანსებული), ეს უკანასკნელი დასტურდება წარდგენილი 2014 წლის დეკემბრის და 2015 წლის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ასახული ინფორმაციით. ამასთან, დამატებით წარმოადგენს 2014 წლის დეკემბრის თვეში, წლის განმავლობაში, გრძელვადიანი კონტრაქტის შესაბამისად გაწეული დანახარჯების მოცულობის დადასტურების ცხრილს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში ჩაიბარა დამკვეთმა ფორმა 2-ის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას და ორჯერ ერთიდაიგივე დასაბეგრ ოპერაციაზე არამართებულად დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირებას (შემცირებას). კომპანია ყოველთვის ცდილობს სწორად და ოპერატიულად დაადეკლარიროს და გადაიხადოს ყველანაირი საგადასახადო ვალდებულება (მათ შორის საავანსო გადასახადები), ითხოვს აღნიშნული გარემოების გათვალისწინებას და დაკისრებული საგადასახადო სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: საბჭომ 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სათანადოდ არ არის შესწავლილი მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ამდენად, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის/მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შესაბამისად, საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა. ხოლო, საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ არის წარდგენილი შემოწმების პროცესში ან/და შემდგომი დასკვნის ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისაგან განსხვავებული, დამატებითი დოკუმენტაცია, შესაბამისად, 2024 წლის 8 ნოემბერს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს სადავო საკითხის ნაწილში დარიცხვის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებზე, საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვალს შედგენილი დასკვნის შინაარსზე, ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინების მოლოდინზე და აღნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტრონული ფორმით წარადგინა შესაბამისი პერიოდების (2014-2015-2016 წლების) შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფორმა 2-ები, მთლიანობაში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და 2014-2015 წლის დეკემბრის თვეში გრძელვადიანი კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა არის ერთიდაიგივე (დაბალანსებული), ეს უკანასკნელი დასტურდება მათ მიერ წარდგენილი 2014 წლის დეკემბრის და 2015 წლის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციებში ასახული ინფორმაციით.
ამასთან, დამატებით წარმოადგენს 2014 წლის დეკემბრის თვეში, წლის განმავლობაში გრძელვადიანი კონტრაქტის შესაბამისად გაწეული დანახარჯების მოცულობის დადასტურების ცხრილს, რომელიც 2015 წლის დეკემბერში ჩაიბარა დამკვეთმა ფორმა 2-ის შესაბამისად. ითხოვს წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებას და ორჯერ, ერთიდაიგივე დასაბეგრ ოპერაციაზე არამართებულად დარიცხული დღგ-ის თანხის კორექტირებას (შემცირებას), ამასთან, დაკისრებული საგადასახადო სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე.
2024 წლის 19 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით, რომელმაც წარმოადგინა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის ანალოგიური გარემოებები, ამასთან აღნიშნა, რომ წარადგინა მათ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტაცია და რაც მოთხოვნილი იქნა აუდიტორის მიერ, ციფრობრივად, ერთმანეთს ედრება და რაზეც მიღება-ჩაბარება არ მოუხდენია, არ შესრულებულა მომსახურება, ვერაფერს წარადგენდა, ქონდა მოლოდინი რომ დარიცხვა გაუქმდებოდა, რადგან გრძელვადიანი კონტრაქტის მოთხოვნის ფარგლებში 2014 წელს დაბეგრილია კომპანიის მიერ, დღგ გადახდილია და შემოწმებით ხელმეორედ იბეგრება.
2024 წლის 19 დეკემბრის საბჭოს სხდომაზე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენის და სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია საჩივრის განხილვის შეჩერება და აუდიტორს დაევალა მომჩივნის არგუმენტებზე დასკვნის წარმოდგენა. აუდიტის დეპარტამენტი, 21.01.2025 წლის №2382-21-14 წერილით წარმოდგენილ ინფორმაციაში, საჩივარში დასმულ საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნავს შემდეგს:
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდს წარმოადგენდა 2015 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდი, აღნიშნულ თვეში 18%-ით დასაბეგრი ბრუნვა დეკლარაციით განსაზღვრულია 1 667 788 ლარით, შემოწმებით განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ანალიზი შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზების მეშვეობით, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს, 2015 წლის დეკემბრის თვეში განხორციელებულ ოპერაციაზე, საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოწერილი აქვს 2016 წელს და მისი მიხედვით, დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 4 387 857 ლარს, აღნიშნული თანხის დაბეგვრა მოხდა შემოწმების აქტით. ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზების მიხედვით 2014 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში 18%-ით დასაბეგრ ბრუნვა შეადგენს 2 720 723 (4 387 857 – 1 667 788=2 720 069 მცირეოდენი სხვაობაა) ლარს.
აღნიშნულ ოპერაციასთან დაკავშირებით, შემოწმების ეტაპზე მეორე მხარისგან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია გრძელვადიან კონტრაქტთან და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესახებ, რომელიც დადებულია 2014 წელს. წარმოდგენილი იქნა მხოლოდ გრძელვადიანი კონტრაქტის ხელშეკრულება, რომლითაც შეუძლებელი იყო დადგენილიყო როდის და რა ღირებულების მომსახურება იქნა გაწეული, ვერ იქნა წარმოდგენილი ფორმა 2-ები, მიღება-ჩაბარებები. გადაანგარიშების ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ 2015 წლის მიღება-ჩაბარებები, შესაბამისი ფორმა 2-ები, თუმცა მსგავსი დოკუმენტაცია არ არის წარმოდგენილი 2014 წლის საანგარიშო პერიოდზე.
საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა დამატებით აღნიშნა, რომ შემოწმების პერიოდში გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა 4 387 000 ლარზე, თუმცა დაბეგრილია 2 720 000 ლარი, გადასახადის გადამხდელი ამბობს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტით მუშაობდა და მის ფარგლებში აქვს დაბეგრილი თანხა 2014 წლის დეკემბერში, აღნიშნული ფაქტიურად ერიცხება, მაგრამ ვერ ადასტურებს რამდენად არის დაკავშირებული აღნიშნულ თანხა ობიექტთან.
ამასთან აღნიშნა, რომ ერთი ობიექტია და მის გარდა სხვა ობიექტი მომჩივანს არ გააჩნდა, ხელშეკრულების გარდა, რომელიც წარადგინა, სხვა დოკუმენტი გადასახადის გადამხდელს არ აქვს, 2015 წელზე მიღება-ჩაბარების აქტები და ფორმა 2-ები წარმოადგინა, მაგრამ 2014 წელზე ასეთი დოკუმენტები არ წარუდგენია, შესაბამისად არ ირკვევა რა არის დაბეგრილი და რომ დაბეგრილი თანხა ხელშეკრულების ნაწილია. ამასთან განმარტა, რომ ხელშეკრულება 2014 წელსაა დადებული.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დავების განხილვის საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებულ მსჯელობაზე, კერძოდ, საბჭო ხსენებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს შემდეგს: „დადგენილია, რომ კომპანია 2014 წლიდან გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში მომსახურებას უწევდა სს „---“-ს.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში, დასაბეგრი ოპერაციის თანხა კალენდარული წლისათვის განისაზღვრება ფაქტობრივი შესრულების მოცულობის მიხედვით, რომელიც გაიანგარიშება გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის მომენტად ითვლება არაუგვიანეს ყოველი წლის დეკემბერი. ამდენად, 2015 წლის დეკემბრის თვეში დღგ-ით დაბეგვრას ექვემდებარება 2015 წელს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მოცულობა, რომელიც უნდა გაანგარიშდეს გაწეული ხარჯების კონტრაქტით გათვალისწინებულ ერთობლივ ხარჯებთან შეპირისპირებით.
შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის განსაზღვრა და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).“ ,ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით, მომჩივანს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა. ამგვარად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილებით, მომჩივანს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა არ დავალებია, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ უკვე წარდგენილი ინფორმაციის/დოკუმენტაციის მისი მონაწილეობით შესწავლა და საბჭოს 11.02.2021 წლის №10976/2/2020 გადაწყვეტილების შესრულების უზრუნველყოფა, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად.
სადავო საკითხის განხილვისას, მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დაფიქსირებული პოზიციების გათვალისწინებით, საბჭო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „---“-ს 2014 წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდში დღგ-ის დეკლარაციაში 18%-ით დასაბეგრ ბრუნვა შეადგენს 2 720 723 ლარს, კომპანია 2014 წლიდან გრძელვადიანი კონტრაქტის ფარგლებში მომსახურებას უწევდა სს „---“-ს და მის გარდა სხვა სამშენებლო ობიექტი მომჩივანს არ გააჩნდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივნის მიერ სს „---“-სთან გაფორმებულ გრძელვადიან კონტრაქტთან მიმართებით, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას, გათვალისწინებული უნდა იქნეს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმების წელს (2014 წელს) მომჩივნის მიერ დაბეგრილი თანხა (2 720 723 ლარი) და აღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა განხორციელდეს სს „---“-ს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება და შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
3. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას, ხოლო ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნაში აღნიშნულია შემდეგი: გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ არის წარდგენილი შემოწმების პროცესში ან/და შემდგომი დასკვნის ეტაპზე წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისაგან განსხვავებული, დამატებითი დოკუმენტაცია, შესაბამისად, 2024 წლის 8 ნოემბერს შედგენილი იქნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელზე დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საბჭოს 25.05.2023 წლის №19069/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება და შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (1, ბ).