ბრძანება N 13950

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.06.2023
№ დოკუმენტი 13950
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13950

20.06.2023

ი/მ ----- --------ას (ს/ნ --------------------)

(ფაქტ. --------------------------------------)

(იურ. მის.: -------------------------------)

2023 წლის 23 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია ი/მ ----- --------ას (ს/ნ --------------------) №81201/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 2 მაისის №CB1464984 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60).

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ სარეალიზაციო საქონელი არის იმპორტირებული და ქართული ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან და რუსულ რუბლთან შეფარდებით ხშირად მერყეობდა. ამ მიზეზით რეალურად ხშირად უწევდა საქონლის გაყიდვა თვითღირებულებაზე ნაკლებ საცალო ფასებში. სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული საქონლის ფასნამატი კი არ ასახავს მისი ფასნამატის რეალურ სრულ სურათს.

აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გადაანგარიშებას (შემცირებას).

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7335 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ი/მ ----- --------ას (ს/ნ --------------------) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

ი/მ ----- --------ა გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2005 წლის 17 თებერვლიდან. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღია 2006 წლის პირველი იანვარი, კვალიფიციური დღგ-ს გადამხდელის სტატუსი მიენიჭა 2022 წლის 11 ნოემბრიდან, ხოლო მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობს 2022 წლის პირველი იანვრიდან.

ი/მ ----- --------ას საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სურსათით საბითუმო ვაჭრობა. გადასახადის გადამხდელს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის გააჩნია სათანადო წესით რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატი ნომრით --------, რომელიც დაირეგისტრირა 2022 წლის 15 სექტემბერს.

№7335 ბრძანება ი/მ ----- --------ას ჩაბარდა 2023 წლის 5 აპრილს. ინვენტარიზაციის დაწყებამდე გადასახადის გადამხდელისგან მიღებულ იქნა ხელწერილები, რომ ფაქტობრივი აღრიცხვის დაწყებამდე ყველა შემოსავლისა და გასავლის დოკუმენტი ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული ფასეულობა აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში, ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული საგადასახადო ანგარიშგებაში და არ არის მიწოდებული საგადასახადო ორგანოსათვის. დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით და არ იყენებს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.

ი/მ ----- --------ას ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე, ინვენტარიზაციის დაწყების მდგომარეობით, სულ აღმოაჩნდა 278015.76 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

გადასახადის გადამხდელს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციით სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიღება-რეალიზაცია უფიქსირდება 2022 წლის ოქტომბრის თვიდან. ამავე ბაზის მიხედვით, მიღებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ შეადგინა 798314 ლარი. 2023 წლის პირველ მარტამდე საშემოსავლო და დღგ-ს დეკლარაციების მიხედვით მიწოდებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების პირვანდელმა ღირებულებამ (27.3%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგინა 273301 ლარი, ხოლო 2023 წლის პირველი მარტიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე საკონტროლო-სალარო აპარატის მეშვეობით მიწოდებულმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 85128 ლარი, რაც პირვანდელი ღირებულებით (27.3%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) შეადგენს 56671 ლარს.

ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე ინვენტარიზაციის დაწყების მომენტისათვის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ნაშთმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 468341.63 ლარი.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილმა აღურიცხავმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ღირებულებამ საბაზრო ფასებით შეადგინა 846.40 ლარი, ხოლო გამოვლენილმა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 283788.31 ლარი, რომელიც საბაზრო ღირებულებით შეადგენს 426289.77 ლარს.

ი/მ ----- --------ას (ს/ნ --------------------) 2023 წლის 25 აპრილს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის ზემოაღწერილი შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით, რის საუძველზეც გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.

ამდენად, გამოვლინდა 426289.77 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას აღნიშნული თანხის 10 პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს 42628.98 ლარს.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 2 მაისს შედგენილ იქნა №CB1464984 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა,პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ი/მ ----- --------ას (ს/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2.აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისგან გადაანგარიშებას (შემცირებას).

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 5 აპრილის №7335 ბრძანების საფუძველზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.

გადასახადის გადამხდელი საქონლის რეალიზაციას ახორციელებს მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით და არ იყენებს სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების მოძრაობის ამსახველ ელექტრონულ საბუღალტრო პროგრამას.

გადამხდელს 2023 წლის 25 აპრილს ჩაბარდა შეტყობინება ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტით, რის საუძველზეც გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოსთვის განცხადებით არ მიუმართავს.

გამოვლინდა 426289.77 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად იწვევს პირის დაჯარიმებას აღნიშნული თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 2023 წლის 2 მაისს შედგენილ იქნა №CB1464984 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1 „ბ“); 982(3 „ზ“); 272; 275;

(2021 წლამდე მოქმედი) 160; 161(1„ა“)