ბრძანება N 18240
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18240
27 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს„---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2023 წლის 10 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 10 მაისის №80202/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 აპრილის №001-48 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშიდან გასული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, კერძოდ, კონკრეტულად არ დაადგინა მხარეთა შორის გარიგების დაწყებისა და მიმდინარეობის საკითხები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 დეკემბრის №30694 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 10 მაისიდან 2022 წლის პირველ ნოემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 31 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 7 აპრილს №7713 ბრძანება და ამავე თარიღის №001-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 12 873 ლარი, მათ შორის, გადასახადი 7 265 ლარი, ჯარიმა 3 633 ლარი, საურავი 1 975 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, დიდი ოდენობით, ქონების გადამალვის ფაქტზე. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემასა და საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობა შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული არ აქვს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში კომპანიის მიერ გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურები არ ფიქსირდება. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ კომპანიამ აიღო სესხი შპს „---------“ (ს/ნ ---------) 327 000 ლარის ოდენობით, რომლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვაც ფიქსირდება 2021 წლის 24 მაისს, ხოლო უკან დაბრუნებულია 320 000 ლარი 2021 წლის აგვისტოში. ასევე, კომპანიის უცხოური ვალუტის (დოლარის) ანგარიშზე ფიქსირდება კომპანიის დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხა დანიშნულებით - დამფუძნებლის შენატანი კაპიტალში, რომელიც იმავე დღეს კონვერტირებულია ლარის ანგარიშზე - 39 300 ლარის ოდენობით. ასევე, ---------- ბანკის ლარის ანგარიშის ამონაწერში ფიქსირდება 2021 წლის 21 მაისს შპს „----------“ ანგარიშზე გადარიცხული თანხა 33 570 ლარის ოდენობით. საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ მასალებში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შპს „----------“ უნდა ყოფილიყო შუამავალი, ვისი მეშვეობითაც კომპანიას უნდა შეეძინა --------- რაიონის სოფელ --------- მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რაზეც დაიწყებდა ზეთისხილის წარმოებას. თუმცა, ამ მიწის ნაკვეთის შეძენა არ მომხდარა. გადამხდელს შპს „----------“ გადარიცხული თანხის მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტაცია/ხელშეკრულებები შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. ამასთან, კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხულია ინდ. მეწარმისთვის 7 600 ლარი. გადასახადის გადამხდელის ინფორმაციით ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე კომპანიამ ინდ. მეწარმეს დაუკვეთა სამომავლოდ შესაძენ მიწაზე ნიშნულების გაკეთება და ხრეშით მოსწორება. აღნიშნულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხები შემოწმებით ჩაითვალა ხარჯად, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას შესაბამისი თვეების საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 -ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში კომპანიის მიერ გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ ფიქსირდება, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და საბანკო ამონაწერების დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ სესხი აქვს აღებული შპს „---------“ (ს/ნ ----------), ასევე, კომპანიის უცხოური ვალუტის (დოლარის) ანგარიშზე ფიქსირდება კომპანიის დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხა, შპს „-----------“ ანგარიშზე გადარიცხული აქვს თანხა, გადარიცხული თანხის მიზნობრიობის და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტაცია/ხელშეკრულებები შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა ინდ. მეწარმისთვის, რომელსაც უნდა გაეწია მომსახურება, ხოლო, აღნიშნულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი.
ამასთან, მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ ვინაიდან არ დასტურდება სადავო თანხების ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი, საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვა და მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ანგარიშიდან გასული თანხების არაეკონომიკურ ხარჯად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში გადასახადის გადამხდელს არ განუხორციელებია ეკონომიკური საქმიანობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში კომპანიის მიერ გამოწერილი და მიღებული სასაქონლო ზედნადებები და ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები არ ფიქსირდება. კომპანიის ანგარიშიდან გადარიცხულია თანხა ინდ. მეწარმისთვის, რომელსაც უნდა გაეწია მომსახურება, ხოლო, აღნიშნულ მომსახურებაზე გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია არანაირი დოკუმენტი.გადამხდელს საგადასახადო ვალდებულებად განესაზღვრა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:97(1ბ);982;