გადაწყვეტილება № 27304/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27304/2/2026
30 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 5.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27304/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 13.03.2026 წლის №007-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 20.04.2026 წლის №8720 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 349 188.32 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 204 050.62
დღგ - 121 993.69
საშემოსავლო გადასახადი - 82 056.93
ჯარიმა - 86 132.97
საურავი - 59 004.73
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ფეხსაცმლით, ფეხსაცმლით ვაჭრობა, რომელსაც ახორციელებს იჯარით აღებულ ფართში (ქ. ------ „------“, რიგი ---- მაღაზია №----).
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 19.12.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებების გამო:
1.გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში, ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში, დეკლარირებული საშუალო შეწონილი ფასნამატი შეადგენს 16- 17%. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით დადგინდა, რომ 2025 წლის პირველი დეკემბრის №26302 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვის პროცედურა და შეძენილი იქნა 20 ლარის ღირებულების საქონელი, კერძოდ, „----“ (ერთი ცალის ღირებულება 20 ლარი). საკონტროლო შესყიდვის დროს დაირღვა საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა), რომელზეც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი (№-----). მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით ასევე დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის მიერ დაირღვა საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მოთხოვნები (სარეალიზაციო ფასების დაუფიქსირებლობა და გადასახადის გადამხდელის მოწმობის გამოურკვევლობა). ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრები 2025 წლის 11, 15 და 18 დეკემბერს იმყოფებოდნენ მეწარმის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ობიექტზე საკონტროლო შესყიდვის ჩატარებისა და სარეალიზაციო ფასების ფიქსაციის მიზნით, მაგრამ აღნიშნულ მისამართზე ობიექტი იყო დაკეტილი. აღსანიშნავია, რომ გამოვლენილია არსებითი სხვაობა პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილ/დეკლარირებულ დაბეგვრასთან დაკავშირებულ მონაცემებსა და მიმდინარე საგადასახადო კონტროლის ღონისძიებების შედეგად ფაქტობრივად დაფიქსირებულ მონაცემებს შორის, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის დროს დაფიქსირდა 336%-იანი ფასნამატი, 20 ლარად შეძენილ იქნა ერთი ცალი „-------“, რომლის თვითღირებულება დღგ-ის გარეშე შეადგენს 3,89 ლარს, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ცხრილების მიხედვით, აღნიშნული საქონლის სარეალიზაციო ღირებულება დაფიქსირებულია 5,4 ლარი, შესაბამისად, დეკლარირებული ფასნამატი აღნიშნულ საქონელზე შეადგენს 18%-ს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით, კერძოდ, არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით განისაზღვრა, არადოკუმენტური, რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რომელზეც სახეობების მიხედვით, საცალო სარეალიზაციო ფასის განსაზღვრის მიზნით, გამოყენებულ იქნა ამავე ტერიტორიულ ერთეულზე მოქმედი მსგავსი პროფილის საქმიანობის მქონე სხვა პირების აუდირებული ფასნამატი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის საფუძველზე, დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა;
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განისაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები, რომელმაც 2022 წლის პერიოდზე შეადგინა
695 283 ლარი, ხოლო 2023 წლის პერიოდზე 572 974 ლარი. შესაბამისად, 2024 წელს დეკლარირებული მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას და გადამხდელის შემოსავალი დაიბეგრა, საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, 20%-იანი განაკვეთით. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2025 წლის №28512 ბრძანება და №007-404 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 2 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 45 646 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 30 430 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 216 ლარით. აღნიშნულზე, მომჩივანს წარედგინა 13.03.2026 წლის №5570 და №----- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.04.2026 წლის №8720 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ტექნიკური უზუსტობის საკითხი. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აღმოიფხვრა დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხები.
ამასთან, გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებასა და გაანგარიშებულ ფასნამატთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 23 თებერვლის №3980 ბრძანებით ზემოაღნიშნული სადავო საკითხი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის არგუმენტი აბსურდია შემდეგ გარემოებათა გამო:
რა შუაშია 2020 წელს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია 2022-2025 წლებთან. საიდანაც დაასკვნა, რომ ამ დროისათვის სმფ-ების ნაშთი არ ჰქონდა აღრიცხული, ამის შესახებ აქტში არაფერია ნათქვამი.
საგადასახადო არ ადგენს, რომ აღრიცხვას არ აწარმოებდა, ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა და ნაშთებს შორის სხვაობა არ დადგენილა, შესაბამისად, ვერც აუდირებული ფასნამატი იქნებოდა გამოყენებული სხვაობაზე.
შემოსავლების სამსახურის მიერ დასაბუთებულ არგუმენტად არ იქნა ჩათვლილი შემდეგი გარემოებები:
შესამოწმებელ პერიოდში სამშაბათს და პარასკევს არ მუშაობდა, რაც დასტურდება იმითაც, რომ ამ დღეებში სალარო აპარატი არ არის გამოყენებული.
2.12.2025 წელს იმყოფებოდა სახლში, სამშაბათ დღეს სოფელ ფონიჭალაში, მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა ლილოს ბაზრობაზე, როცა შეატყობინეს საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების ვიზიტის შესახებ.
შესაბამისად, ის ვერც განახორციელებდა სავაჭრო საქმიანობას და იმ დღისთვის უმოქმედო ობიექტში არ იყო ვალდებული გამოეყენებინა სალარო აპარატი და გადამხდელის მოწმობის ასლი და ფასს მაჩვენებლები თვალსაჩინო ადგილზე ჰქონოდა განთავსებული.
336%-იანი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია საგადასახადო ორგანოსათვის და შემოსავლების სამსახურის დავის განმხილველი ორგანოსათვის უნდა გამხდარიყო იმის ცალსახა მანიშნებელი, რომ საკონტროლო შესყიდვისას დაშვებულია შეცდომები, რადგან ასეთი სხვაობა საბითუმო და საცალო ფასებს შორის და 335%-იანი ფასნამატით საქონლის რეალიზაცია არარეალურია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შემოსავლების სამსახურს არ მოუწვევია საგადასახადო ოფიცრები, რომლებმაც ჩაატარეს საკონტროლო შესყიდვა, რაც გახდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი.
აღრიცხვაში მამაკაცის რეზინის ჩექმა რუსული წარმოების შეძენის, რეალიზაციის და ყოველთვიური ნაშთის მონაცემები ცალკეა აღრიცხული. თუ 336%-იანი ფასნამატი სწორია, მაშინ, რატომ გამოიყენეს აუდიტორებმა ამ საქონელზე 66%-იანი ფასნამატი და არა საკონტროლო შესყიდვით დადგენილი ფასნამატი.
სადავო გადაწყვეტილებაში არაფერია ნათქვამი რამდენად სწორია აუდირებულ ფასნამატად 66%-ის გამოყენება. იმპორტიორის მიერ 66%-იანი ფასნამატით საბითუმო რეალიზაცია ფაქტიურად აორმაგებს საბოლოო მომხმარებლისათვის ამ საქონლის შესახებ ფასებს, რაც დღეისათვის ქვეყანაში განხილვის ერთერთი მთავარი საკითხია.
ითხოვს გათვალისწინდეს ყოველივე ზემოაღნიშნული და დაევალოს შემოსავლების სამსახურს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 2 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აღმოიფხვრა დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 45 645 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 30 430 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 216 ლარით.
დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს მიერ გამოცემულ ზემოაღნიშნულ დასკვნაზე და განმარტავს, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანება. ამასთან, მომჩივანი სადავოდ ხდის (არგუმენტებს წარმოადგენს) საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და ფასნამატის გავრცელებით, რომელზეც საბჭო ვერ იმსჯელებს, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2026 წლის 2 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა ტექნიკური უზუსტობის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აღმოიფხვრა დაშვებული ტექნიკური უზუსტობა და საგადასახადო შემოწმებისას დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 45 645 ლარის ოდენობით, მათ შორის, გადასახადი 30 430 ლარით, ხოლო ჯარიმა 15 216 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 23.02.2026 წლის №3980 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);