ბრძანება N 443
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 443
17.01.2023
შპს ------- ( ს/ნ------- )
( მის.: ------- )
2022 წლის 21 დეკემბრის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №3) იმსჯელა შპს ------- ( ს/ნ------- ) 2022 წლის 21 დეკემბრის №77468/1/2022 საჩივარზე, რომლითაც გასაჩივრებულია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018წლის 22 ოქტომბრის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
საქმის ირგვლივ არსებული მასალებითა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ შპს ------- ( ს/ნ------- ) 2018 წლის 17 ოქტომბრის საგადასახადო შემოწმების აქტი, გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2018 წლის 22 ოქტომბრის №30363 ბრძანება და 22 ოქტომბრის №086-37 საგადასახადო მოთხოვნა წერილობითი ფორმით 2-ჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების საშუალებით, იურიდიულ მისამართზე (-------------) და ერთხელ ფაქტობრივ მისამართზე (ქ.------) თუმცა ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 17 იანვარს განხორციელდა აღნიშნული ბრძანებისა და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება და ჩაბარებულად ჩაითვალა 2019 წლის 6 თებერვალს. გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე მომჩივანი აღნიშნულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს გაეცნო 2022 წლის 19 დეკემბერს.
შემოსავლების სამსახურში გადამხდელმა საჩივარი წარმოადგინა 2022 წლის 21 დეკემბერს, გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების პერიოდში კომპანიის დირექტორი იმყოფებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, რის გამოც ვერ წარადგინა შესაბამისი პოზიცია. სადავო აქტებს ოფიციალურად გაეცნო მას შემდეგ რაც დატოვა დაწესებულება და მიეცა შესაძლებლობა გაეხსნა საწარმოს პირად გვერდი. მიაჩნია, რომ საგადასახადო მოთხოვნა არის უკანონო, რადგან შემოწმების მიერ არ მომხდარა საქმეში არსებული გარემოებების შესწავლა/შეფასება. არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებას, კერძოდ გამოყენებულ ფასნამატს, დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯზე გაანგარიშებულ მოგების გადასახადს და შემოწმების აქტით გაანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობას. საჩივარში სადავო საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტები არ არის წარმოდგენილი.
მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი 30 დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო მომჩივანმა ვერ შეძლო დაესაბუთებინა საჩივრის ვადაში წარდგენის შეუძლებლობა, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შპს ------- ( ს/ნ------- ) საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 22 ოქტომბრის №086-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს ------- ( ს/ნ------- ) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.