გადაწყვეტილება №20928/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20928/2/2023
08 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: "------" (ს/ნ "------")
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება "------"-ის 27.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20928/2/2023).
დავის საგანი:
კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18998 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 14.09.2023 წლის №22509 ბრძანება.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18998 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წელს შპს ,,----- -ის “ (ს/ნ "------") წილის გადაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.09.2023 წლის №22509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, 262-ე მუხლზე, 263-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებზე და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18998 ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონს, რადგან არ მომხდარა საქმის სრულყოფილი განხილვა. კერძოდ, 2.08.2023 წლის №18998 ბრძანებასთან დაკავშირებით „ი/მ „------“-ს (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18998 ბრძანება მიღებულია არამართლზომიერად, რადგან ყოველთვის ადგილი აქვს გადასახადის კეთილსინდისიერად გადახდას და არასოდეს საგადასახადო ვალდებულებებისგან თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია.
23.02.2021 წელს ხელშეკრულების გზით მოხდა შპს "------"-ის 100% წილის "-------"-ზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა - დათმობა, თუმცა აღნიშნული გადაცემით მომჩივანი გულისხმობდა შპს "------"-ის 100% წილის "------"-ზე მინდობილი საკუთრების ფორმით გადაცემას და არა გასხვისებას - საკუთრებაში გადაცემას, რითიც შეცდა იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც სურდა.
მოგვიანებით, 30.06.2023 შპს "------"- ის ბუღალტერთან ერთად იმყოფებოდა შემოსავლების სამსახურში, სადაც განიხილებოდა შპს "------"- ის შემოწმების საკითხი და საუბრის შედეგად გახდა ცნობილი, რომ შპს "------"-ის წილი მთლიანად გაუსხვისებია ნაცვლად მართვის უფლების გადაცემისა, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გააკეთებდა, რადგან საკუთარ ქონებას უსასყიდლოდ არ დათმობდა, ქონებას რომელსაც საკმაოდ სოლიდური ღირებულება გააჩნდა.
შეცდა, არ არის იურისტი და ვერ მიხვდა რაზე მოაწერა ხელი იუსტიციის სახლში, არც წაუკითხავს დოკუმენტები, რომელიც მოამზადა იურისტმა. აღნიშნულის გამო მყისიერად მიმართა ადვოკატს და შეადგინა სარჩელი და 7.07.2023 წელს მიმართა სასამართლოს და სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მე2 ნაწილის თანახმად, ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საცილო გარიგება მისი დადების მომენტიდან როგორც შეცდომით დადებული გარიგება.
მოცემულის გათვალისწინებით დიდი იმედი აქვს იმისა, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას და აღდგება სამართლიანობა. აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოწმების განხორციელება ხელს შეუშლის საქმის წარმოებას და ამ შემთხვევაში სახელმწიფო ორგანო დაუშვებს შეცდომას და არასწორად დააკისრებს გადასახადებს. მოცემული ქმედების შემდეგ მოუწევს კიდევ დავის გაგრძელება, რაც, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის რეპუტაციას ძალიან შელახავს და არ მისცემს საშუალებას სიმართლის დადგენის.
დაშვებული შეცდომით - შესაბამისი ქმედებით ადგილი არ ჰქონდა მიზანმიმართული ქმედების ჩადენას, რომელიც მოახდენდა გადასახადებისაგან თავის არიდებას. საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით. საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის“.
სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე შემოწმება გამოიწვევს უფრო მეტ გაუგებრობას და მომჩივნის, როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელის უფლებების შელახვას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი ითხოვს გააუქმდეს „ი/მ „-------“-ს (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ“ აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18998 ბრძანება და სასამართლოს მხრიდან საქმის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდეს მსჯელობა საქმის წარმართვის შესახებ. გამოთქვამს მზაობას სასამართლოში საქმის წაგების შემთხვევაში დაემორჩილოს მიღებულ გადაწყვეტილებას და ნებაყოფლობით გადაიხადოს ყველა საჭირო გადასახადი, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს კეთილსინდისიერებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად:
1. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
2. კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით მოითხოვოს სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენა.
3. კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული პირის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე გადასახადის გადამხდელისაგან მიღებული ახსნა-განმარტებისა და სააღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. თუ კამერალური საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოვლენილი შეცდომები იწვევს გადასახადის თანხის ცვლილებას, კამერალური საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი ადგენს საგადასახადო შემოწმების აქტს.
საქმეზე წარმოდგენილი მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18998 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ი/მ "------"-ის (ს/ნ "------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წელს შპს ,,----- -ის “ (ს/ნ "------") წილის გადაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
მომჩივანი ვერ/არ აკონკრეტებს საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნით მომჩივნის რომელი კანონიერი უფლება და ინტერესი შეიზღუდა უკანონოდ, ან რომელი გარემოება, ფაქტი, მტკიცებულება ან არგუმენტი არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი.
საბჭო განმარტავს, რომ საგადასახდო ორგანოს უფლება აქვს ჩაატაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმება, აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საცალო გარიგება მისი დადების მომენტიდან როგორც შეცდომით დადებული გარიგება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2.08.2023 წლის №18998 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წელს მომჩივანს წილის გადაცემის ნაწილში საგადასახადო ვალდებულებების სისწორის დადგენის მიზნით.
აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 14.09.2023 წლის №22509 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭო განმარტავს, რომ საგადასახდო ორგანოს უფლება აქვს ჩაატაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმება, აღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ კამერალური საგადასახადო შემოწმების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის გათვალიწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
262,263.