გადაწყვეტილება №22227/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22227/2/2024
23 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ "-------" (ს/ნ "-------" )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ "-------" -ის 12.02.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22227/2/2024).
დავის საგანი:
დავების განხილვის საბჭოს 19.07.2023 წლის №19945/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №047-48 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 90 991 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 48 358
დღგ - 20 383
საშემოსავლო გადასახადი - 27 975
ჯარიმა - 18 385
საურავი - 24 248
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16593 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39440 ბრძანება და №047-64 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2021 წლის 29 დეკემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 14 მარტის №6094 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.04.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16203/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა, 11.05.2023 წლის №10614 ბრძანება და №047-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 12.06.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 19.07.2023 წლის №19945/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი. დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 19.07.2023 წლის №19945/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნა, 21.12.2023 წლის №32253 ბრძანება და №047-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები.
საგადასახადო ორგანო ვალდებულია განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი შეამოწმოს არა მარტო სამართლებრივი საფუძვლებით, არამედ ფაქტების არასწორად დადგენისა და შეფასების შედეგად არასწორი ანალიზის გაკეთების თვალსაზრისითაც და უზრუნველყოს იმ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცება, რომ სამართალდარღვევა სახეზეა და მისი ჩამდენიც სწორედ ეს შესამოწმებელი ობიექტია.
შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებითა და შედეგად მიღებული სამართლებრივი აქტით დაირღვა მომჩივნის კანონიერი უფლება და კანონიერი ინტერესი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია მოსმენილ იქნა როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოზე, რომელთაგანაც დავების განხილვის საბჭომ არ გაიზიარა აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ორი საკითხი:
- მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით
- დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი.
მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი პუნქტის შესრულების შემდგომ მოეხდინა გადაწყვეტილების მიღება მოეხდინა დარიცხული თანხების კორექტირება, ან არ მოეხდინა კორექტირება.
აუდიტის დეპარტამენტი დასკვნაში მიუთითებს, რომ „დავების საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მოხდა სადაო საკითხის დამატებით შესწავლა“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არ აღასრულა საბჭოს გადაწყვეტილება გადამხდელის მონაწილეობით მოეხდინა საკითხის შესწავლა. აუდიტის დეპარტამენტმა საგადასახადო შემოწმების აქტის მომზადების დროს უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში, აქედან გამომდინარე გაუგებარია ის ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ „გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი არ გამოვლინდა“, რადგანაც მომჩივნის მხრიდან ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ისედაც იყო წარდგენილი შემოწმების პროცესში, რადგან შემოსავლების სამსახურმა არ დააკმაყოფილა გადამხდელის მოთხოვნა, მომჩივანი მოკლებული იყო დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შესაძლებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივანს შეეზღუდა დავების განხილვის საბჭოს მიერ 2023 წლის 19 ივლისს მიღებული №16203/2/2022 გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლება, დაეცვა თავისი უფლებები თავისივე მონაწილეობით საკითხის განხილვისას, რაც მიცემდა საშუალებას გაემყარებინა პოზიცია თავისი არგუმენტების წარდგენის გზით.
ითხოვს მოხდეს დავების განხილვის საბჭოს მიერ 2023 წლის 19 ივლისს მიღებული №19945/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება, მომჩივნის უშუალო მონაწილეობით მოხდეს ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა, მის მიერ აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების საფუძველზე მოხდეს არაპირდაპირი მეთოდის ცვლილება, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულ იქნას იმ არგუმენტაციისა და მომჩივნის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის საფუძველზე და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.
ასევე, გარკვეული ცვლილებები უნდა განხორციელდეს საბოლოო ნაშთის დადგენისას, ვინაიდან თუნდაც 2020 წლის საბოლოო ნაშთის დეკლარირებამ გამოიწვია წლის საშუალო ფასნამატის -3%-ით განსაზღვრა. გადამხდელის მიერ წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში დაფიქსირებული იყო სწორი საბოლოო ნაშთები, რომელიც პერიოდულად ინვენტარიზაციის შედეგად იყო განსაზღვრული. ითხოვს გადამხდელის მონაწილეობით აღნიშნული საკითხის ხელახლა შესწავლას და შედეგების გათვალისწინებით საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებას შემცირების გზით.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. გადამხდელის მხრიდან განხორციელებული ქმედება აბსოლუტურად გამორიცხავს სამართალდარღვევის ჩადენის განზრახვას.
დავის განმხილველმა ორგანომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მითითებული მუხლის გამოყენებით მომჩივნის დადგენილი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების თაობაზე და საგადასახადო ორგანოსთვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გაათავისუფლოს დაკისრებული სანქციებისგან.
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და დაკორექტირდეს დარიცხული თანხები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დავების განხილვის საბჭოს 19.07.2023 წლის №19945/2/2023 გადაწყვეტილებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, განხორციელდა სადავო საკითხის დამატებით შესწავლა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დარიცხული თანხების კორექტირების (შემცირების) საფუძველი არ გამოვლინდა.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ სადავო საკითხი შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით.
ამასთან, მომჩივანი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) დავების განხილვის საბჭოს 19.07.2023 წლის №19945/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საქმეში არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნა და დაკორექტირდეს დარიცხული თანხები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.
შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 7 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 21 დეკემბრის №39440 ბრძანება და №047-64 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2022 წლის 14 მარტის №6094 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.04.2022 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 7.07.2022 წლის №16203/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.04.2023 წლის დასკვნა, 11.05.2023 წლის №10614 ბრძანება და №047-15 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 12.06.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 19.07.2023 წლის №19945/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭოს 19.07.2023 წლის №19945/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2023 წლის დასკვნა, 21.12.2023 წლის №32253 ბრძანება და №047-48 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს არ შეუმცირდა დარიცხული თანხა. კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად აღსრულდა დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება და გასაჩივრებული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. შესაბამისად, არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
269(7).