გადაწყვეტილება №24711/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.04.2025
№ დოკუმენტი 24711/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№24711/2/2025

16 აპრილი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 3.04.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-------“-ის 6.02.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24711/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12622 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 21.11.2024 წლის №094-52 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №710 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 105 799,96 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 49 731

ჯარიმა - 49 731

საურავი - 6 337,96

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, სადაც მის მიერ ხდება გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება.

აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.01.2024 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს არასრულად/არასწორად აქვს ასახული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები, რიგ შემთხვევაში უმცირდება, ხოლო რიგ შემთხვევაში ეზრდება. კერძოდ, გადამხდელი სრულად ბეგრავს როგორც გამოწერილი ავანსის ანგარიშ-ფაქტურას, ასევე შესრულებული სამუშაოსთვის გამოწერილ საბოლოო ანგარიშ-ფაქტურას (განაშთვის). ხსენებულ შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს უმცირდება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. რაც შეეხება, შემოწმებით გაზრდილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას, აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს გადამხდელის მიერ ყაზბეგის მუნიციპალიტეტისთვის შესრულებული სამუშაოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში არასრულად ასახვას.

გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

გადასახადის გადამხდელი არასწორად ახორციელებს დღგ-ის ჩათვლას, კერძოდ, სრულად ითვლის როგორც მიღებული ავანსის ანგარიშ-ფაქტურების თანხას, ასევე შესრულებული სამუშაოსთვის გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების თანხას. შესაბამისად, ადგილი აქვს დღგ-ის ჩასათვლელი თანხების არამართლზომიერ ზრდას. აღნიშნულ ოპერაციებზე გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხა შემცირებული იქნა შესაბამისი პერიოდების მიხედვით. შედეგად, კომპანიას დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და განესაზღვრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 24.04.2024 წლის №094-12 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12622 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12622 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 14.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 21.11.2024 წლის №094-52 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №710 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. საჩივარში მოყვანილი აქვს გაანგარიშება, რომელზე დაყრდნობითაც აცხადებს, რომ დამატებით დასარიცხი დღგ 49 731 ლარის ნაცვლად უნდა შეადგენდეს 12 199 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს დღგ-ში დარიცხული თანხების კორექტირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12622 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი მტკიცებულებების დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12622 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა გარემოება, რაც შეამცირებდა საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, 29.03.2024 წელს შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის შედეგები დარჩა უცვლელი.

საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საწარმო არასწორად ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ასახვას. კერძოდ უგულებელყოფილია --------- ტენდერით დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 ნაწილი, რაც გულისხმობს ავანსის გაქვითვას პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს შესრულებული სამუშაოსა და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვებში ასახვას.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართად დართული დოკუმენტები შეფასებულია, გათვალისწინებულია გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე და შედგენილია შესაბამისი დასკვნა. დასკვნის შედგენის შემდგომ, გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით დოკუმენტაცია არ ყოფილა წარმოდგენილი.

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №710 ბრძანება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12622 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის ეკონომიკური საქმიანობაა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა, სადაც მის მიერ ხდება გზის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. საწარმო არასწორად ახორციელებს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვების ასახვას. კერძოდ უგულებელყოფილია ტენდერით დადებული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-7 ნაწილი, რაც გულისხმობს ავანსის გაქვითვას პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საწარმოს შესრულებული სამუშაოსა და მიღებულ თანხებს შორის სხვაობა დაექვემდებარა დღგ-ის ბრუნვებში ასახვას.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 27.01.2025 წლის №710 ბრძანება კანონშესაბამისია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1გ)