ბრძანება N 27554
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 27554
16 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 19 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №98) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 19 ნოემბრის №98892/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 ნოემბრის №007-292 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და განმარტავს, რომ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში საბოლოო ნაშთის გაანგარიშებისას გამოყენებული უნდა იქნას ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი. ამასთან, ითხოვს წინა წლებში აკუმულირებული ზარალის გამოქვითვას.
2. გადასახადის გადამხდელი, კეთილსინდისიერებაზე მითითებით, ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22575 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ ------- (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2024 წლის 8 თებერვლის №2350 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორის (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა) დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 3 ნოემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 5 ნოემბრის №24414 ბრძანება და ამავე თარიღის №007-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად განესაზღვრა სულ 16 160 ლარი, მათ შორის, გადასახადი 10 617 ლარი, ჯარიმა 4 544 ლარი, საურავი 999 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დგინდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით დამატებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელთან 2024 წლის 8 თებერვლის №2350 ბრძანებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სასაქონლო-მატერალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, რის შედეგადაც გადამხდელს გამოუვლინდა 42 216 ლარის სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საბაზრო ღირებულებით, რაზეც 2024 წლის 29 მარტს შედგენილი №186256 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის აღიარება გამორჩათ ერთობლივი შემოსავლიდან და ასევე არ იქნა ჩამოწერილი 2024 წლის საბოლოო ნაშთიდან. შემოწმების პროცესში დანაკლისის ღირებულება დღგ-ის გარეშე დაემატა ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თვითღირებულება დააკლდება 2024 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი ფიზიკური პირი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
ამავე კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 145-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დასაბეგრი შემოსავლის (მოგების) განსაზღვრისას საანგარიშო პერიოდის დასაწყისისთვის არსებული სასაქონლომატერიალური ფასეულობის ღირებულება აკლდება, ხოლო საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ღირებულება ემატება ერთობლივ შემოსავალს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის/მოგების გადასახადის შესახებ დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს საანგარიშო წლის მომდევნო წლის 1 აპრილამდე წარუდგენენ რეზიდენტი ფიზიკური პირები, რომელთა შემოსავალიც არ იბეგრება საქართველოში გადახდის წყაროსთან (გარდა იმ პირებისა, რომლებიც საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან ამ კოდექსის მე-80 მუხლის მე-7 და 71 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის გაანგარიშებისას ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატის გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით შემოწმების პროცესში დანაკლისის ღირებულება დღგ-ის გარეშე დაემატა ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თვითღირებულება გამოაკლდა 2024 წლის სასაქონლომატერიალური ფასეულობის საბოლოო ნაშთს.
ასევე, წინა წლებში აკუმულირებული ზარალის გამოქვითვასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმება ეხებოდა მხოლოდ 2024 წლის 8 თებერვლის ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად აღმოჩენილი დანაკლისის მიწოდებად აღიარების სისწორეს (გამოვლენილი დანაკლისის თანხის შესაბამისი საანგარიშო პერიოდის დამატებული ღირებულების გადასახადისა ან/და მოგების/საშემოსავლო გადასახადების დეკლარაციებში ასახვა), შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტი ვერ შეაფასებდა წინა წლებში აკუმულირებული ზარალის გამოქვითვის საკითხს.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;
2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი მოქმედებდა საქმიანობისთვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერებით, სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. შემოწმების მიერ საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.
2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულია სასაქონლო-მატერალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და საკონტროლო შესყიდვა/შეთავაზების პროცედურა, რის შედეგადაც გადამხდელს გამოუვლინდა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რაზეც შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით. აღნიშნული სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი დანაკლისის აღიარება გამორჩათ ერთობლივი შემოსავლიდან და ასევე არ იქნა ჩამოწერილი 2024 წლის საბოლოო ნაშთიდან. შემოწმების პროცესში დანაკლისის ღირებულება დღგ-ის გარეშე დაემატა ერთობლივ შემოსავალს, ხოლო თვითღირებულება დააკლდება 2024 წლის სმფ-ების საბოლოო ნაშთიდან.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 102; 269(7); 289(9)