ბრძანება N 11025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11025
17.05.2023
ბრძანება
შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------, ----------)
2023 წლის 18 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 15 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №53) განიხილა შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) №80425/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 15 მარტის №187910 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე დარიცხულ ჯარიმას. აცხადებს, რომ შემოწმების დაწყების პირველივე დღეს კომპანიამ განუცხადა შემმოწმებლებს, რომ ახორციელებდა ბუღალტრული ბაზის აღდგენას და როგორც კი აღადგენდა ბაზას, მაშინვე მიაწოდებდა მას. აღნიშნულთან დაკავშირებით შემმოწმებლებთან გაიმართა არაერთი სატელეფონო საუბარი და ასევე მოეწყო შეხვედრაც. შეხვედრამდე გადამხდელმა მოითხოვა 1 თვიანი ვადა ბუღალტრული ბაზის აღდგენისთვის და პირველადი დოკუმენტაციის მოგროვებისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ მოეწყოთ შეხვედრა, სადაც მოხდებოდა შემოწმების პირველადი შედეგების განხილვა და თუ აღნიშნული შედეგები არ იქნებოდა გადამხდელისთვის მისაღები, ამის შემდეგ დაეწერათ განცხადება დოკუმენტაციის წარდგენის ვადის 1 თვით გადავადების მოთხოვნით. ამის შემდეგ გაიმართა შეხვედრა, რა დროსაც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გადამხდელს გააცნეს შემოწმების აქტით დასარიცხი სავარაუდო თანხები, თუმცა უარი უთხრეს თანხების გაანგარიშების კალკულაციის გადმოცემაზე. მიუთითებს, რომ შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღეში დაუკავშირდათ აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელი და მოსთხოვა ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოსცემდნენ საგადასახადო შემოწმების აქტს. აცხადებს, რომ შემოწმებამ უარი უთხრა დოკუმენტაციის 1 თვით გადავადების შესახებ და დაჩქარებული წესით გამოსცა საგადასახადო შემოწმების აქტი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 თებერვალს №21-14/16537 წერილის საფუძველზე, გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნული შეტყობინება გადამხდელს ჩაბარდა ელექტრონულად 2023 წლის 1 მარტს. გადამხდელმა შეტობინებაში მითითებულ ვადაში არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითიც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები).
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებითგათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით მოთხოვნის შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს ან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მითითებულ ვადაში ქონების ნუსხის წარუდგენლობა იწვევს პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი აუდიტის დეპარტამენტისათვის 2023 წლის 28 თებერვლის №21-14/16537 წერილით მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის საფუძველზე დარიცხულ ჯარიმას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებიდან ირკვევა, რომ გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად დაევალა საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის წარდგენა. გადამხდელმა შეტობინებაში მითითებულ ვადაში არ წარმოადგინა მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რითიც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვალდებულებები. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმო დაჯარიმდა 400 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დარღვეულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტზე, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279; 43; 70